პროექტის ერთ-ერთი მკვლევარი, გემოლოგი [ძვირფასი ქვების მკვლევარი] ია ახვვლედიანი გვიყვება, რომ ხელნაწერების ყდებზე ძირითადად უცხოეთიდან შემოეტანილ ქვებს იყენებდნენ, რადგან საქართველო ძვირფასი ქვებით მდიდარი არაა.
ძვირფასი ქვები შემოდიოდა ეგვიპტიდან, ინდოეთიდან, შრი ლანკიდან. ასევე, აღმოჩენილია კოლუმბიიდან შემოტანილი ზურმუხტი, რომლითაც შედარებით გვიანდელი, მე-18 საუკუნის ხელნაწერის ყდაა გაფორებული.
საიდან მოდიოდა საქართველოში ძვირფასი ქვები? ია ახვლედიანის თქმით, ქვების ძირითადი ბაზარი ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, შემდეგ სტამბულში იყო.
მკვლევრები ქვების წარმომავლობას სპეციფიკური ნიშნებით ადგენენ, რომლებიც თანდაყოლილია და სხვადასხვა საბადოზე სხვადასხვაგვარია.
ია ახვვლედიანი გვიყვება, რომ საბჭოთა პერიოდში საქონელმცოდნეები ადგენდნენ ქვების რაობას, რომლებსაც ჰქონდათ ცოდნა, თუმცა არ იყვნენ მკვლევრები, ამიტომაც შეცდომებსაც უშვებდნენ: “ის მოდის, ამბობს, ის წითელი ქვააა, რაღაცებს ცნობს, რაღაცებს არა. გამოცდილება დიდი აქვს, მაგრამ ღრმად არ იცის.”
ია ახვლედიანმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი წიგნის ყდაზე გამოყენებული ლურჯი ფერის ქვა შეცდომით იყო მიჩნეული საფირონად, აღმოჩნდა, რომ ეს ქვა იყო იოლიტი.
რაც შეეხება დამუშავებას, შუა საუკუნეებში ქვებს ძალიან მარტივად ამუშავებდნენ, ხოლო მოგვიანებით, მე-19 საუკუნეში დაიწყეს ქვების გეომეტრიული, სწორი ფორმებით დამუშავება. ყდების ლითონში უმეტესად ოქროს ან მოოქროვილ ვერცხლს იყენებდნენ, ხოლო გვიანდელ, მე-19 საუკუნეში სპილენძის შენადნობიც გაჩნდა.
საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია 56 ხელნაწერი წიგნი, რომლებსაც ჭედური ყდები აქვთ. ასეთი ხელნაწერი წიგნები მე-11-მე-20 საუკუნეებში შეიქმნა.
ჭედური ყდის მქონე ხელნაწერი წიგნის ყდები ძვირფასი თვლებითა და ბიზანტიური მინითაა შემკული. ძვირფასი ქვების რაოდენობა 919-ს აღწევს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტების სამსახურის უფროსი ირინა გოგონაია ამბობს, რომ არის ისეთი ხელნაწერი, რომელთა ჭედური ყდები იმაზე გვიანაა შემქნილი, ვიდრე თავად ხელნაწერი დაიწერა, ხოლო მცირე ნაწილის ხელნაწერი და ყდები თანადროულია.
ჭედური ყდების მქონე ხელნაწერი წიგნებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია “ოქროს ხანის” ხელნაწერები: ტბეთის, ბერთასა და წყაროსთავის ხელნაწერები, რადგან მათ აქვთ ხელნაწერების თანადროული ყდები, რომლებიც მე-12 საუკუნით დარიღდება, ამბობს გოგონაია.
ხელნაწერთა ცენტრმა აშშ-ის საელჩოს 24 993 აშშ დოლარიანი მხარდაჭერით ცენტრში დაცულ წიგნებს დიაგნოსტიკა ჩაუტარა. ირინა გოგონაია ამბობს, რომ ამ პროექტის მნიშვნელობა ისაა, რომ პირველად შეისწავლება ყდები მეცნიერული მეთოდოლოგიით.
“საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა. ძალინ ბევრი ხელნაწერ წიგნს აღდგენა და შესწავლა სჭირდება. აშშ-ს აქვს პროგრმა, რომელსაც ჰქვია კულტურული მემკვიდრეობის ელჩის ფონდი, რომლის ფარგლებში გარკვეული რაოდენობის თანხებს გამოვყოფთ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების შესწავლისა და შენარჩუნებისთვის”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა, აშშ-ის ელჩმა.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აპირებს, რომ აშშ-ის საელჩოს საქართველოში კიდევ მიმართოს ახალი პროექტით, რომლის მიზანი უკვე აღნიშნული ხელნაწერი წიგნების კონსერვაცია და რესტავრაცია იქნება.
