ლალანების წყვილმა სახელი ცხოველებისა და მცენარეების მსგავსი აბსტრაქტული- იუმორნარევი სკულპტურების შექმნით გაითქვეს. დიდი ბეჰემოთი და მარტორქა, რომლებიც სექციებადაა დაყოფილი და ამ სექციების გახსნით ცხოველი მაგიდად, კარადად, თაროდ, ბიუროდ, პატარა მარნად გადაიქცევა; მინის მაგიდა, რომლის ფეხები ერთტანიანი ორი რკინის ირემია; თეთრსტრაუსებფეხებიანი მაგიდა, რომლის ზედაპირი სირაქლემებს პირით უჭირავთ, ცენტრში კი ლარნაკის მაგივრად დიდი თეთრი კვერცხია, ბუზი – უნიტაზი, აქლემი – სკამი; რბილი, ფუმფულა და მოსახერხებელი სავარძლები – ცხვრები; ყვავილებისგან „შეკერილი“ მაგიდა და ა.შ. თუმცაღა ფრანსუა–ქსავიერი ცოლის ორიგინალურ–ექსტემისტული იდეებით გატაცებას დიდად არ მიესალმებოდა, მაგრამ მათ მაინც ერთი რამ აერთიანებდათ – სამყაროს სიურეალისტური აღქმა, ხალასი იუმორის გრძნობა და ხელოვნებისადმი „უტილიტარისტული“ მიდგომა, როგორც არტ–ნუვოსა და სიმბოლიზმის თავისებური გამოძახილი. სხვათა შორის, ცოლ–ქმრის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი მოდელიორი ივ სენ ლორანი იყო, რომელიც გატაცებით ყიდულობდა ლალანების შექმნის წუთიდანვე ანტიკვარიატად გადაქცეულ ზოომორფულ თუ ფლორისტულ ფიგურებს. გულგრილი ლალანების სკულპტურების მიმართ არც ეპატაჟისტი სერჟ გინსბურგი იყო.
აშშ-ში ლალანების ხელოვნების დიდი პროპაგანდისტი და მათი ნამუშევრების კოლექციონერი გახლავთ ენდი უორჰოლის მოსწავლე, ცნობილი არქიტექტორი პიტერ მარინო, რომელმაც მთელი თავისი რეზიდენცია და ბაღი კლოდ და ფრანსუა – ქსავიერ ლალანების ნამუშევრებით მოაწყო და, ფაქტობრივად, სახლში არაჩვეულებრივი გამოფენა შექმნა – სკულპტურული ზოოპარკი და რკინის ორანჟერეა.
