მერაბ ბოჭოიძე: ოშკის რეაბილიტაციის პროექტში ჩვენს შენიშვნებს ითვალისწინებდნენ

მერაბ ბოჭოიძე

რა ეტაპზეა იშხნის ეკლესიის აღდგენის პროცესი და როდის დასრულდება?

 

იშხანზე შარშან, ადრე გაზაფხულზე, დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები თურქული მხარის დაფინანსებით. თავიდან ცოტა დაძაბულად წარიმართა, თუმცა პროფესიული ურთიერთობებით თანამშრომლობა გამყარდა და მოვახერხეთ სამუშაო პროცესების არქიტექტურულ ზედამხედველობა და სხვადასხვა მიმართულებით არქეოლოგური მეთვალყურეობა.

 

ხუთჯერ იყო ჩვენი ექსპედიცია იშხანში წასული სხვადასხვა დროს. ჩვენ გვქონდა გარკვეული რეკომენდაციები და შენიშვნები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი ნებისმიერ ძეგლზე მუშაობისას. ბოლო პერიოდში იყო ძალიან თბილი თანამშრომლობა ორივე მხრივ. ვიცოდით, რომ წელს უნდა დასრულებულიყო იშხნის სამუშაოები.

მაისში უნდა დასრულდეს იშხნის აღდგენა, თუ შეიძლება კვლავ გადაიდოს?

 

ამ წლის ბოლოს განხორციელებული ვიზიტისას პირველი ეტაპი სამუშაოებისა, კამარების გადახურვა, სრულდებოდა. ამ ეტაპზე მისი ავარიული  მდგომარეობა, რაც აქამდე ყოველთვის საგანგაშო იყო, იშხანში გარკვეულად მოხსნილია.

გადადება არ არის პრობლემა, მთავარია, რომ ეს ავარიულობა უკვე მოხსნილია. სარესტავრაციო საქმიანობა, რაც უფრო ნელა და დინჯად წაიმართება,  ხარისხი მით უკეთესი იქნება.

 

შემდეგ ეტაპზე ფრესკების  და ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხი იხილება. ეს როდის განხორციელდება,  მომავალი გვიჩვენებს. ძირითადი რეაბილიტაცია, ვიცით, რომ უნდა დასრულდეს ზაფხულამდე. ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, ვიცით, რომ სამუშაოები წელს არ სრულდება, გაგრძელდება და დაიწყება ოშკზე რეაბილიტაციის სამუშაოები.

 

იშხანი

რაც შეეხება ოშკის ეკლესიას, იქ რა მდგომარეობაა?

 

ოშკზე მინდა მოგახსენოთ, რომ თავდაპირველ ვერსიაში საპროექტო სამუშაოების დასრულება შარშან გაზაფხულისთვის იყო დაგეგმილი, ხოლო ამავე წლის ზაფხულში რესტავრაციის პროცესი დაწყება, მაგრამ სწორედ იშხანზე თანამშრომლობამ აჩვენა, რომ არ არის საჭირო სიჩქარე. თურქულმა მხარემ გააგრძელა საპროექტო სამუშაოების ვადა მისი სრულყოფის მიზნით.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იშხნის რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობამ გარკვეული გავლენას მოახდინა ოშკის რეაბილიტაციაზე?

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ იშხანში თანამშრომლობამ პირველი მოთელვა გაიარა და ჩამოაყალიბა ის ურთიერთობები, რომელიც საწინდარია უკეთესი თანამშრომლობისათვის.

 

ცნობილია სავარაუდო თარიღი, როცა ოშკის რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს?

 

მაგას ზუსტად ვერ გეტყვით. შემიძლია ვივარაუდო. ვიცით, რომ წელს დასრულდა საპროექტო სამუშაოები და საბოლოო სახის მისაღებად ექსპერტიზას გადის, რის შემდეგაც უნდა დამტკიცდეს. ამის შემდეგ მოეწყობა ტენდერი და გამარჯვებული კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

 

საერთოდ ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი ამინდის თვალსაზრისითაც იქნება სადღაც გაზაფხულის დასაწყისი. ეს არის აპრილის თვე.

ქართული სპეციალისტებიც იქნებით ხომ ჩართული?

 

აქამდე ჩართული ვიყავით. ჩვენს შენიშვნებს ადგილზეც ითვალისწინებდნენ და მერეც ვუგზავნიდით და ითვალისწინებდნენ. ეს იყო თანამშრომლობის პირველი ეტაპი და პირველი არის ხოლმე სირთულეებით დახუნძლული. ეს გავლილი გვაქვს უკვე და მთავარია, რომ ამის შემდეგ უფრო კარგად წარიმართოს თანამშრომლობა.

 

ამის იმედს გუშინდელი შეხვედრა გვაძლევს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის. [თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტების] შეხვედრა თურქეთში წარიმართა ძალიან კეთილგანწყობილ ნოტებზე და ვიცით, რომ ნახეს ორივე ძეგლი [იშხანი და ოშკი]. ეს საწინდარია იმისა, რომ უფრო მაღალ რანგში იყოს აყვანილი, როგორც მეთვალყურეობა, ისე სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი.

 

საპროექტო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტები არ არიან ჩართული?

 

უშუალო სამუშაოებში ჩართული არ არიან, თუმცა ინფორმაცია გვაქვს და ხდება მისი გაცვლა- გამოცვლა და შეჯერება. საბოლოო პროექტი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ კონკრეტულ ეტაპებზე ჩვენ ეს ნანახი გვაქვს.

ოშკი

ხომ არ იკვეთება იმის აუცილებლობა, რომ ჩარჩო დოკუმენტი, რომლის არარსებობამ იშხნის შემთხვევაში თავდაპირველად გარკვეული პრობლემები შექმნა, ისევ გახდეს აქტუალური ოშკის რეაბილიტაციის დროს, თუ პროფესიონალებს შორის თანამშრომლობა საკმარისი იქნება?

 

თუ მსგავსი ტიპის მემორანდუმი ორ ქვეყანას შორის დაიდება, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, რომ კულტურული თანამშრომლობის ფართო სპექტრი მოიცვას და უფრო დაგეგმილად განხორციელდეს. როგორც ვიცი, ამ საკითხზე მუშაობა არის დაგეგმილი. ამ საკითხზე ალბათ კულტურის სამინისტრო მუშაობს და მოამზადებს ამ დოკუმენტს.

 

რა მდგომარეობაშია ახლა ოშკი. რა ტიპის დახმარება სჭირდება მას?

 

ჩვენ ორჯერ ვნახეთ შარშან. მიუხედავად იმისა, რომ მე გახლავართ ამ დარგის სპეიალისტი- პრაქტიკოსი რესტავრატორი, ძალიან ძნელია ორი სიტყვით მოიცვა, რა ტიპის სამუშაოები სჭირდება. ნახეთ, წელიწადნახევარზე მეტია პროექტირება მიმდინარეობს.

 

შემიძლია გითხრათ, რომ თურქული მხარე ძალიან მონდომებულია, პროექტი იყოს სანიმუშო. ეს მათი პრესტიჟის საკითხიცაა. აქვე დავამატებ, რომ პროექტირებაში ჩართულია საერთაშორისო ორგანიზაციებიც და  გარკვეულ ზედამხედველობას უწევენ ამ საქმიანობას. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი იქნება მეთოდოლოგიურად გამართული და ტექნიკურად სწორად ჩამოყალიბებული.

 

თუმცა საბოლოო სახე პროექტის ჩვენ არ გვინახავს და ალბათ ამის საშუალება მოგვეცემა სამუშაოების დაწყების წინ.

 

როგორც ვიცი, ოშკის გუმბათი მძიმე მდგომარეობაშია?

 

ძალიან ბევრი საკითხი და ბევრი სეგმენტია, რაც არის იქ ანგარიშგასაწევი და მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, ოშკის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და რთული სამუშაოებია ჩასატარებელი. უპირველესი მიზანი ავარიულობის მოხსნა, გამაგრებები და სწორი მეთოდოლოგიით შესრულება -შემოსვა იქნება.