პეტრესა და პავლეს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის მემორიალური დაფა მეტროსადგურ “მარჯანიშვილის” მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელი სახლის ფასადზე გაიხსნა. ამ მიდამოებში იდგა გერმანელების მიერ აშენებული ეკლესია, რომელსაც თბილისში “კირხეს” (Die Kirche გერმანულად ნიშნავს ეკლესიას) სახელით მოიხსენიებდნენ.
6 სექტემბერს მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილი 50-მდე ადამიანი მემორიალის გახსნას დაესწრო. მემორიალის გახსნას საქართველოს ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპისი ჰანს-იოახიმ კიდერლენი ესწრებოდა.
ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია 1818 წელს თბილისის შემოგარენში კავკასიაში ჩამოსახლებულმა გერმანლებმა ააშენეს. ეკლესიის ირგვლივ გერმანული დასახლება გაჩნდა, რომელსაც ალექსანდერდორფი დაერქვა. სოფლის მთავარი გზა დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირი იყო, რომელსაც გერმანული ახალშენის სახლები ორ მწკრივად გასდევდა.
გერმანელთა ფედერაციის პრეზიდენტის, გარი აუგსტის თქმით, ეკლესია მე-20 საუკუნის ორმოციან წლებში გერმანელ ტყვეებს საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრევინა. მაშინ მოხდა მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტუქცია და ეკლესიის ადგილას საცხოვრებელი სახლები ააშენეს.
დღეს ევანგელურ-ლუთერანული საეპისკოპოსო “შერიგების კათედრალი” თბილისში, კუკიის დასახლებაში მდებარეობს. იგი 1997 წელს ააგეს.
