დღეს, 26 ნოემბერს, 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი წარმოგიდგენთ ლატვიური ნაციონალური სამოსის გამოფენას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია X-XIX საუკუნეების მოზრდილისა და ბავშვის 37 ეთნოგრაფიული სამოსი.
ეროვნული სამოსი ლატვიური მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. დღემდე მოღწეული სამოსი სადღესასწაულოა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა, როგორც თვალწარმტაცი სამკაული და ძვირფასი მემკვიდრეობა. ყოველდღიური სამოსის ფორმას კი ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია. ლატვიური ეროვნული სამოსის განვითარებაში აისახება ქვეყნის ისტორია ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდან მე-19 საუკუნემდე.
1992 წლიდან დღემდე ლატვიური ეროვნული სამოსი გამოფენილი იყო ამერიკის შეერთებულ შტატების, ნორვეგიის, ჟენევის, დანიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესპანეთის, საბერძნეთის, ავსტრიის, რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსიის საგამოფენო დარბაზებში.
გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ლატვიის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და ლატვიური ეროვნული სამოსის ცენტრი „სენა კლეეტსი”. გამოფენა გაგრძელდება 16 დეკემბრის ჩათვლით.
