ხელოვნება

წიგნი ირაკლი ჩარკვიანის საავტორო სვეტებითა და ინტერვიუებით

25 ნოემბერი, 2011 •
წიგნი ირაკლი ჩარკვიანის საავტორო სვეტებითა და ინტერვიუებით
“საავტორო სვეტები და ინტერვიუები” – ასე ჰქვია პატარა ზომის წიგნს, რომელშიც 1998 წელს ირაკლი ჩარკვიანის მიერ “საქართველოს გაზეთისთვის” დაწერილი საავტორო სვეტები და სხვადასხვა დროს ბიძინა მაყაშვილის, კახა თოლორდავას, ლაშა გაბუნიას მიერ ირაკლისთან ჩაწერილი ინტერვიუებია შესული.
წიგნის პრეზენტაცია კაფე–რესტორან “RULES”-ში მოეწყო.

წიგნზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ყდის გაკეთების იდეა კი, რომელიც ირაკლის პასპორტის ასლს წარმოადგენს, ქეთათოს ეკუთვნის.

“ჩემთვისაც აღმოჩენაა ეს წიგნი, რადგან ირაკლის დაწერილი სვეტები და მისი ინტერვიუები მიმოფანტული იყო და ახლა ერთად შეიკრიბა, წიგნი მოცულობით ძალიან პატარაა და შეგვიძლია გულის ჯიბით ვატაროთ. ამ კვირაში მასმედიის მხრიდან ძალიან დიდი აქტიურობა იყო ირაკლისთან დაკავშირებით. მე არ მინდა, რომ რაიმე ზედმეტი დოზით გამოვიდეს და ვინმე გაღიზიანდეს ამდენი ლაპარაკით. ირაკლის კიდევ უამრავი იდეა ჰქონდა, რომლის გახორციელებაც ვერ მოასწრო და ეს მცირედი წვლილია. იმედი ამქვს, რომ 50 წლის შემდეგ, როცა მე ცოცხალი აღარ ვიქნები, ამ საქმეს მისი შვილი, პატარა ნანა გააგრძელებს,” – ამბობს ქეთათო.

დარბაზში ირაკლის მეგობრებთან და პატარა ნანასთან ერთად ირაკლის მამა, გელა ჩარკვიანიც იმყოფებოდა:

“მაშინ, როდესაც ირაკლი ამ სვეტებს წერდა, მე არ ვაფასებდი ისე, როგორც დღეს ვაფასებ. აღარაფერს ვამბობ ინტერვიუებზე, რადგან ინტერვიუები მართლა იძლევა მის ნამდვილ შეფასებებს. ირაკლი ყოველთვის ლიტერატურული ბავშვი იყო, ამყვებოდა ხოლმე, მე ლიტერატორი არ ვიყავი, მაგრამ ენასთან ყოველთვის მქონდა შეხება და ლიტერატურულ თამაშებს ხშირად ვთამაშობდით, ვთქვათ, რითმებზე: მე ვეტყოდი – ხალი, ის მეტყოდა – მსხალი, მაგრამ რაც უფრო იზრდებოდა, რითმები უფრო რთული და საინტერესო ხდებოდა, მე ვეტყოდი – ლირიკა, ის მეტყოდა – მირეკავ, მე ვეტყოდი – მისტიკა, ის მეტყოდა – მივსტირი, უკვე თანხმოვნებზეც რითმავდა. კიდევ პარადოქსობანას ვთამაშობდით. აი, მაგალითად, ასე იტყოდა ხოლმე – მე ისეთი მშიერი ვარ, რომ მწვადსაც კი არ შევჭამდი და ამ ლიტერატურული თამაშებით, ისე, რომ მე ვერც შევამჩნიე, მან პირველი მოთხრობა მომიტანა. ეს იყო “ცალფეხშიშველი ბავშვი”, რომელშიც ბიოგრაფია გადახლართული იყო ფანტაზიასთან და სხვა ყველაფერთან. როდესაც წავიკითხე, გაოგნებული დავრჩი. მითუმეტეს, როცა მამა ხარ და რაღაც მომენტები გახსოვს.

მაგალითად, წიგნში არის მომენტი, როდესაც ირაკლი ახსენებს იარაღს, ეს იარაღი მართლა არსებობდა, ბაბუამისს ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას არასოდეს ვაჩვენებდით ირაკლის. შემდეგ, როდესაც მე ინგლისში მივდიოდი, გადავწყვიტე, ეს იარაღი მომეშორებინა, წავედი ერთ–ერთ ხიდზე და მტკვარში გადავაგდე. იარაღი არავის არ სჭირდება, მას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს.
ეს არის ჩემი შვილის წიგნი, მე მიხარია, რომ ამდენი ყურადღებაა მის მიმართ, ამდენი ხალხი მოვიდა, ეს მშობლებს იმ ტრაგედიას გვიმსუბუქებს, რომელიც ჩვენ განვიცადეთ.”

წიგნის გამოცემაში ერთ–ერთი ყველაზე დიდი წვლილი მუსიკალურ კრიტიკოსს ბიძინა მაყაშვილს მიუძღვის, ის იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ირაკლის სვეტების წერა დაავალა:

“ეს წიგნი ირაკლის სვეტებით იხსნება, რომელიც “საქართველოს გაზეთისათვისაა”დაწერილი. მაშინ კომპიუტერები სახლში არავის ჰქონდა. როცა ირაკლის დავავალეთ ყოველ ოთხშაბათს სვეტები მოეტანა, ხელნაწერებს აკეთებდა და მაშინ ჯერ ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ახლა უკვე გამოცდილები და ცნობილები არიან, დიდი სიხარულით გარბოდნენ ხოლმე, რომ ირაკლისგან ეს აკურატულად დაწერილი ტექსტები მოეტანათ. მახსოვს, ეს, ასე ვთქვათ, კლასგარეშე დავალება იყო, მაგრამ ყველაზე მეტად უნდოდათ შესრულება, რადგან ირაკლი სხვანაირი იყო, ის ყოველთვის კარგად ცნობდა ადამიანებს”.

საღამოს კოტე ყუბანეიშვილი და პაატა ქურდაძეც ესწრებოდნენ, 1980–ან წლებში მათ ირაკლისთან ერთად ჩამოაყალიბეს პოეტური დაჯგუფება “რეაქტიული კლუბი”.

კოტე ყუბანეიშვილის თქმით, ეს საღამო ერთგვარი კომპენსაციაა, რადგან თავის დროზე ირაკლის ფენომენისთვის არავინ მოიცალა:

“დღეს არსებობს ხალხი, თაობა, ვინც შეიძლება პირადად არ იცნობდა ირაკლის, მაგრამ მისი საქმის და სულის გამგრძელებლები არიან. მეფობა რამდენად გამოუვიდა, არ ვიცი, მაგრამ უკვდავება ირაკლიმ ნამდვილად შეძლო.”

საღამო ქეთათოს და ირაკლის მეგობრების კონცერტით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი