თუმცა რამდენად შეიძლება ამ პროექტს რესტავრაცია ეწოდოს. დავით აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია თამარ მეფის გამზირიდან – ზაარბრიუკენის მოედნამდე მონაკვათის რეკონსტრუქციას გულისხმობს. თუმცა პროექტის ფარგლებში შენობების მასშტაბები შეიცვალა, როგორც კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი ამბობს, მაშინ როდესაც მასშტაბები იცვლება ეს უკვე არის არა რესტავრაცია, არამედ უბრალო რემონტი, რომელიც არა მხოლოდ სპეციალისტმა არამედ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გააკეთოს.
თავიდანვე, როდესაც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, თბილისის მერი გიგი უგულავა აცხადებდა, რომ სამუშაოები ძირითადად შენობების გამაგრებას გულისხმობდა: ““ჩვენი პროგრამა ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, ერთი არის მშენებლების სტიმულირება, ძველი სახლებიდან მოსახლეობისთვის ახალი ბინების მიცემა, მეორე არის პირდაპირი რეაბილიტაცია, რომელშიც იგულისხმება მთელი კომუნიკაციები, რადგან სწორედ კომუნიკაციები აზიანებენ სახლებს და იგულისხმება სახლების ფუნდამენტური გამაგრება”. თუმცა მას შემდეგ რაც რეკონსტრუქცია დაიწყო, სახლების ნაწილზე რამდენიმე სართულის დაშენება მოხდა.
ცირა ელისაშვილის თქმით: “ცოტა პარადოქსულია, თუკი სახლები იყო დაზიანებული და გასამაგრებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სახლები იყო ავარიული და თუკი ასეა მაშინ რატომ ვამატებთ კიდევ დამატებით სართულს, რომელიც უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას”. ასევე ის აღნიშნავს, რომ კულტურული თვალსაზრისით ამ უბნებში არ არსებობდა არანაირი ტრადიცია მსგავსი ნაგებობებისა, შესაბამისად გამორიცხულია ფაქტი იმის შესახებ, რომ ამ შენობებს ძველად მეტი სართული ჰქონდა რაც შემდეგ მოანგრიეს: “ეს სართულები შენობებს არასოდეს ჰქონიათ, ეს არის წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფი, კონკრეტული პიროვნებების ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო”
გიგი უგულავამ გამოსვლაში ასევე აღნიშნა, რომ თბილისის ეს ნაწილი სავაჭრო ზონას წარმოადგენს და თბილისის სავიზიტო ბარათია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ფასადური სამუშაოების ჩატარება.
ცირა ელისაშვილის თქმით, მუშები შენობებს ფასადებს მთლიანად აშორებენ და ხდება ახალი ფასადის დამზადება, რომელიც, გარდა იმისა რომ არქიტექტურული სიძველე აღარ გააჩნია სრულიად სხვა მასალითაა დამზადეული: “თუ ადრე ეს ფასადები “სტუკოს” ტექნიკით იყო შესრულებული, ახლა ეს არის მხოლოდ თაბაშირში ჩამოსხმული დეტალები, ეს ორი კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან.”
აღმაშენებელზე გავლისას თქვენ მრავლად ნახავთ ხის ჩარჩოების ნაცვლად ჩასმულ მეტალოპლასტმასის ფანჯრებსა და კარებებს.
“რომელ ხარისხზეა ლაპარაკი, როდესაც იქ სადაც ადრე კირი იყო გამოყენებული, ახლა ცემენტით ლესავენ. ფასადზე მთლიანად მოიხსნას ნალესობა, დავიდნენ აგურის დონეზე და შემდეგ ახალი ჩამოსხმული ფასადი მიაწეპეს შენობას. ამ დონის ჩარევა უკვე არ არის რესტავრაცია. ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი რესტავრაცია, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, უნდა მოეხსნათ მხოლოდ ის ნაწილები, რომებიც ცვივა და აღდგენას აღარ ექვემდებარება და მომხდარიყო ახალი დეტალის მიმაგრება. ახლა კი მთლიანად მოხსნილია შენობებზე ფასადები. მითუმეტეს, რომ ამას არ ახორციელებენ სარესტავრაციო კომპანიები, ეს არის უახლოეს პერიოდში შექმნილი შ.პ.ს–ები, მათ ამის გამოცდილება არ აქვთ. აქ არ მუშაობენ მუშა–რესტავრატორები, აქ მუშაობენ ელიავაზე აყვანილი მუშები”– აცხადებს ცირა ელისაშვილი, მისი თქმით სწორედ ამტომ არ ვარგა როგორც ხარისხი ასევე მეთოდოლოგია.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი ამ უბანს: “ახლა იმაზე უკეთესი სახეც კი უბრუნდება ვიდრე თავის დროზე იყო მათი დამპროექტებლების მიერ დაგეგმილი.” მისი თქმით მთავარია, რომ ეს იყოს უბანი, რომელიც ყველაზე მეტად დაემსგავსება პარიზს.