დღეს , “ქალთა ფონდის” ორგანიზებით, “ევორპის სახლში” ქართველი ფოტოგრაფის, გურამ წიბახაშვილის ფოტოგამოფენა სახელწოდებით “და” გაიმართა. გამოფენა საქველმოქმედოა და შემოწირული თანხა ინკლუზიური თეატრის, “ალტერ დრამის” განვითარებას მოხმარდება.
ორგანიზაცია 2015 წელს დაარსდა და სპეციალური საჭიროებების მქონე პირებს, მათ ოჯახებს, ხელოვანებსა და ფსიქოლოგებს აერთიანებს.
“ეს ადამიანები ძალიან დიდი ხანია თანამშრომლობენ. მათმა ინიციატივებმა განაპირობა ის, რომ დაფუძნდა ჩვენი ორგანიზაცია” – ამბობს “ალტერ დრამის” ერთ-ერთი დამფუძნებელი თაკო კიკნაველიძე.
მისი თქმით, ორგანიზაციამ უკვე განახორციელა ერთი პროექტი. მათი ორგანიზებით, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის “პატარა პრინცი” მოძრაობის თეატრის სცენაზე დაიდგა. კიკნაველიძე ამბობს, რომ ინკლუზიური თეატრის ფუნქციონირებას დიდი ფინანსური რესურსები სჭირდება:
“თითოეულ ოჯახს, ვისთანაც ცხოვრობს შშმ პირი, ძალიან დიდი ენერგია, სახსრები და შრომა სჭირდება. თეატრი კი არის ის საშუალება რომელიც მაქსიმალურად კომპლექსურად უგვარებს მათ ამ პრობლემებს. ჩვენ რომ ახალი დადგმა განვახორციელოთ, ამისთვის უპირველეს ყოვლისა გვჭირდება სივრცე. ის თანხა კი, რასაც დამთვალიერებლები შემოგვწირავენ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოხმარდება სივრცის დაქირავებას, რომ შევძლოთ რამე ახლის გაკეთება”.
“ქალთა ფონდის” წარმომადგენლის, გუკა ვედიაშვილის თქმით, მათთვის ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.
“ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა შშმ პირვების საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. გარდა ამისა, გამოფენა ეხება არაორდინარულ ქალს, რომელსაც სულ ჰქონდა პრობლემა საზოგადოებაში ინტეგრაციის. დღესდღეობით ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის და სწორედ ამიტომ, “ქალთა ფონდი” ცდილობს გაზარდოს საზოგადოებაში ცნობადობა საკითხის მიმართ,” – ამბობს ვედიაშვილი.
დღევანდელი თარიღი მნიშვნელოვანია თავად ფოტოგრაფისთვისაც. გურამ წიბახაშვილმა დღევანდელი გამოფენა საკუთარ დას მიუძღვნა, რომელიც ერთი წის წინ გარდაიცვალა:
“ეს არის ჩემი დის ფოტოები. ის შარშან გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. ითვლება, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანისთვის ეს საკმაოდ დიდი ასაკია. წლისთავი ტრადიციულად არის ხსოვნის დღე და გადავწყვიტე, მისი ხსოვნისთვის ასეთი სახით მიმეგო პატივი”.
გამოფენილი ფოტოების ნაწილი საოჯახო ალბომიდანაა, ნაწილი კი თავად წიბახაშვილის შემოქმედებაა.
გურამ წიბახაშვილის ფოტოების გამოფენა “ევროპის სახლში” 28 აპრილამდე გაგრძელდება. შემოწირული თანხა კი სრულად გადაერიცხება ინკლუზიურ დასს, “ალტერ დრამას”.