ახალი ამბებისამართალი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

17 ივნისი, 2020 • 2770
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ცნობით,  თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული სისტემატური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო.  

პროკურატურის ცნობით, ოჯახში ძალადობის საქმე  საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ პირველად განიხილა. 

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.გ. წლების განმავლობაში, სისტემატურად, სხვადასხვა ფორმით ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე, მათ შორის იყო შემთხვევები, როდესაც ცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განხორციელდა. 

ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით ბრალდების მხარემ გამოიკვლია არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი მტკიცებულება – დაიკითხა დაზარალებული და მისი არასრულწლოვანი შვილი. გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო და  5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი