ახალი ამბები

ალექსი ბატიაშვილის ადვოკატი: დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით

4 ნოემბერი, 2014 • 2600
ალექსი ბატიაშვილის ადვოკატი: დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით

ალექსი ბატიაშვილი პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნის მიერ კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხეს.

 

“დაკითხვა წარიმართა საოცარი დარღვევებით და ვერც ვიფიქრებდი და ვერც წარმოვიდგენდი, თუ საქართველოს მთავარ პროკურატურაში მსგავსი რამ მოხდებოდა. დაკითხვის მიმდინარეობისას, როდესაც ბატონი ალექსი დასმულ კითხვებზე ცემდა პასუხს, ბატონ გამომძიებელს, ფუტკარაძეს აღნიშნული პასუხები არ მოწონდა და ცდილობდა, რომ სხვა პასუხები მიეღო, რაზეც ჩვენ პროტესტი დავაფიქსირეთ.

 

როდესაც დაკითხვა დასრულდა, წარმოგვიდგინეს დაკითხვის ოქმი და საოცრება მოხდა ის, რომ დაკითხვის ოქმში საერთოდ ბატონი ალექსის მიერ აღნიშნული, ასე ვთქვათ, პასუხები, უმრავლესობა არ იქნა ასახული ისე, როგორც იყო. უმრავლესობა პასუხების საერთოდ იყო ამოღებული,”– განაცხადა ალექსი ბატიაშვილის ადვოკატმა დაკითხვის დასრულების შემდეგ “რუსთავი 2″–თან საუბარში.

 

ადვოკატის თქმით, მათ გააპროტესტეს ოქმის შინაარსი, რის შემდეგაც პროკურორმა მას განსხვავებული ოქმი წარმოუდგინა:

 

“დავაფიქსირეთ, რომ ჩვენ აღნიშნულს ვაპროტესტებდით, რაზეც გამომძიებელმა გვითხრა, რომ ერთი წუთით მოიცადეთო, მეორე დაკითხვის ოქმს წარმოგიდგენთო და წარმოგვიდგინა სხვა დაკითხვის ოქმი, ოღონდ უფრო სახეშეცვლილი, სადაც იყო ჩვენი პროტესტი დაფიქსირებული, მაგრამ შინაარსობრივი მხარე, კითხვებზე პასუხი, დაკითხვის მიმდინარეობა არ იყო სრულფასოვნად ასახული.

 

ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ჩვენ ჩვენი კანონით მონიჭებული უფლებით ვისარგებლეთ, გავაკეთეთ შენიშვნა დაკითხვის ოქმზე და აღვნიშნეთ, რომ არ იზიარებდა დაკითხვის ოქმში მოყვანის ფაქტებს, შესაბამისად, მის სიზუსტეს ვერ დაადასტურებდა და ვერ მოაწერდა ხელს,”– განაცხადა ლევან სამუშიამ.

 

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, მითვისება, გაფლანგვის მუხლით 29 ოქტომბერს წარუდგინეს. 30 ოქტომბერს კი ხუთივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმის არსებითი განხილვა 11 დეკემბერს არის ჩანიშნული.

ალექსანდრე ბატიაშვილი . თავდაცვის სამინისტროს ფოტო
ალექსანდრე ბატიაშვილი . თავდაცვის სამინისტროს ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი