ეკონომიკა

რატომ ფერხდება საქართველოში საწვავის გაიაფება (ინფოგრაფიკა)

18 დეკემბერი, 2014 • • 1849
რატომ ფერხდება საქართველოში საწვავის გაიაფება (ინფოგრაფიკა)

პრემიერი დაინტერესდა – რატომ არ იაფდება საქართველოში საწვავი მსოფლიოში ნავთობის გაიაფების პროცესის შესაბამისად. ამის შესახებ მან დღეს დილით მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მანამდე კი საქართველოს საწვავის ბაზარზე მოქმედმა ხუთივე კომპანიამ პროდუქცია რამდენიმე თეთრით გააიაფა.

 

18 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 1 ლიტრი ბენზინი (რეგულარი) ყველაზე იაფი – 1.84 ლარი “ლუკოილის” ქსელში ღირს, ყველაზე ძვირი – 1.93 ლარი – “სოკარის” ქსელში. დანარჩენ კომპანიებში ფასები შემდეგნაირად ნაწილდება: 1,88 ლარი – “ვისოლში”, 1,89 ლარი – “გალფში”, 1,92 ლარი – “რომპეტროლში”.

 

“ფასის შემცირების მიზეზი გახდა მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასის კლების ტენდენციის შენარჩუნება და ის ახალი მარაგები, რომელიც კომპანიამ შემოიტანა,” – უთხრა “ნეტგაზეთს” “გალფის” მარკეტინგის მენეჯერმა ნინო ჯიბლაძემ.

 

“მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ პროდუქტზე ფასი კიდევ 5-10 თეთრამდე შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება,” – განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.


“რამდენიმე პროცენტით, რამდენიმე ათეული პროცენტით დაიკლო საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, და ჩემდა გასაკვირად, არ ხდება ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე”, – განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. 


globalpetrolprices.com-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის ბოლო ოთხ თვეში (სექტემბერი-დეკემბერი) საქართველოში ბენზინის ფასი 9 ცენტით (1.24-დან 1.15 აშშ დოლარამდე) შემცირდა, მაშინ, როცა, ამავე წყაროს ცნობით, მაგალითად, რუმინეთში, საიდანაც ყველაზე დიდი რაოდენობით ხდება საქართველოში საწვავის იმპორტი, 1 ლიტრი ბენზინის ფასი 23 ცენტით (1.71-დან 1.48 აშშ დოლარამდე) შემცირდა.

 

2014 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა (221,2  ათასი ტონა) საქართველოში რუმინეთიდან განხორციელდა. მეორე ადგილზეა (167,0 ათასი ტონა) აზერბაიჯანი, სადაც, globalpetrolprices.com-ის მონაცემებით, 1 ლიტრი ბენზინი სტაბილურად 1.01 აშშ დოლარი ღირს.

 

6 იმპორტიორ ქვეყანაში საწვავის ფასის ცვლილება 2014 წლის სექტემბერ-დეკემბერში |Create infographics

ბულგარეთში, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 100,1 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა საქართველოში, 1 ლიტრი ბენზინის ფასი ბოლო 4 თვეში 15 ცენტით (1.58-დან 1.43 აშშ დოლარამდე) შემცირდა.

საბერძნეთში, საიდანაც მიმდინარე წლის 9 თვეში 81,3 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა საქართველოში, 1 ლიტრი ბენზინის ფასი ბოლო 4 თვეში 21 ცენტით (2.11-დან 1.9 აშშ დოლარამდე) შემცირდა. “ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ აისახება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების ტენდენცია საქართველოს საწვავის ბაზარზე გვიან, ან საერთოდ არ აისახება? “ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძე ასე პასუხობს:

 

“საწვავი იაფდება საქართველოში მცირე დაგვიანებით. ეს გამოწვეულია კონკრეტული კომპანიების ლოჯისტიკური თავისებურებებით. იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. სხვადასხვა დრო სჭირდება ქვოტების შეკვეთას და შემოტანას. თითოეულ კომპანიას აქვს ინდივიდუალური საწვავის მარაგი, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და რამდენიმე მილიონი ლიტრის ფარგლებშიც მერყეობს. შეიძლება თითოეულ კომპანიას 10 მილიონი ლიტრიც ჰქონდეს, რომელიც წინა პარტიიდან არის შემოტანილი.”

 

მიშველაძე განმარტავს, რომ საწვავის ფასის ფორმირებას სამი კომპონენტი: მსოფლიო ბაზრის ფასი, ვალუტის კურსი და საგადასახადო კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

“ყველა სავაჭრო გარიგება არის დოლარში. რა თქმა უნდა, დოლარის კურსის ცვალებადობა პირდაპირ კავშირშია, მაგრამ ამ ეტაპზე დოლარის და ლარის თანაფარდობა ისეთი არ არის, რომ ამან შეაჩეროს ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე საქართველოში. ჩვენს ინტერესებში შედის ფასის დაწევა, რადგან ცნობილია, რომ დაბალი ფასი ზრდის რეალიზაციას.”

 

2014 წლის 18 დეკემბრის მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობისას 1 ბარელი ნავთობის ფასმა 59.86 დოლარი შეადგინა, ხოლო ნიუ-იორკის ბირჟაზე – 54.87 აშშ დოლარი.

 

მოხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ დღეს საქართველოს ბაზარზე საწვავის ფასი არაადეკვატურია და თუ ნავთობზე ფასი კლების ტენდენცია შენარჩუნდა, 2015 წლის იანვარში 1 ლიტრი საწვავის ფასი 1,5 ლარს უნდა გაუტოლდეს:

 

“ბენზინის საერთაშორისო ფასი (platt’s) არის 545$, რაც ეროვნულ ვალუტაში 1003 ლარია (1.84 კურსით). ამას ემატება აქციზის გადასახადი 250 ლარი. რაც ჯამში 1253 ლარია. 1 ტონა-1000კგ ბენზინი არის 1330 ლიტრი მოცულობის. 1253 ლარი გავყოთ 1330 ლარზე და მივიღებთ, რომ 1 ლიტრი საწვავი აქციზის გადასახადიანად უჯდებათ 94 თეთრი. საწვავს სჭირდება ტრანსპორტირება და რეალიზაცია, ეს, რა თქმა უნდა, კომპანიის ხარჯია. კომპანიებს მათ ფინანსურ ანგარიშებში გამოქვეყნებული აქვთ სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული, ზედნადები ხაჯები, ამორტიზაცია და საპროცენტო ხარჯები, რომელიც 1 ლიტრზე შეადგენს 10 თეთრს. როგორც დავთვალეთ, 1 ლიტრი საწვავი ყველანაირი ხარჯით კომპანიას უჯდება 1.04 ლარი. ამ თანხას ემატება დღგ-ს გადასახადი 18%, რაც 19 თეთრია. საბოლოო ჯამში, ყველანაირი ხარჯის ჩათვლით მოხმარებლებზე მიწოდებული 1 ლიტრი “პრემიუმი”, დღეის მდგომარეობით, 1.23 ლარი უჯდებათ კომპანიებს.”

 

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ბარაბაძე, რომელსაც დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაავალა შეესწავლა, თუ რა მიზეზების გამო არ იაფდება საქართველოში ნავთობი, აცხადებს, რომ სააგენტომ სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაცია უკვე გამოითხოვა.

 

“ამ ეტაპზე გამოთხოვილია ინფორმაცია შემოსავლების სამსახურიდან, საქსტატიდან, მეზობელი სახელმწიფოებისგან და ასზე მეტ ეკონომიკურ აგენტს გაეგზვნა შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვის მოთხოვნით და მიმდინარეობს ამ ინფორმაციის დამუშავება.”

მისი თქმით, ინფორმაცია, რომელსაც კონკურენციის სააგენტო ამუშავებს,  2008- 2014 წლის პერიოდს ეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი