სესიაშვილი კოლეგებს 7 შეკითხვით მიმართავს:

 

1. რატომ წავიდნენ ჯაფარიძე და ნადირაშვილი აზერბაიჯანში კოლეგებთან მარნეულსა და გარდაბანში განვითარებულ მოვლენებზე სასაუბროდ? ეს რამე ახალი გზაა გასაჩივრების? მე როგორც მახსოვს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებს ვთხოვდით ხოლმე არჩევნებში გარკვევას…

 

2. რატომ წავიდნენ აზერბაიჯანში ჯაფარიძე და ნადირაშვილი (ანუ გაწიეს ხარჯი) მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში აზერბაიჯანში იყვნენ მიხეილ მაჭავარიანი და გიორგი ბარამიძე… მათი ეს ორი კოლეგა ნაკლებად შეძლებდა აზერბაიჯანელ კოლეგებთან საკითხებზე საუბარს??? (აქვე გეტყვით, რომ მე და ბარამიძე ერთად ვიყავით ბაქოში ნატოს სემინარზე 4 დღით და უკანაც ერთად ვიმგზავრეთ გუშინ, რომელ რეისზე მაჭავარიანმაც იმგზავრა 19-ში 13:15 საათის რეისზე).

 

3. ცოტა არ იყოს უჩვეულოა, აზერბაიჯანის მებაჟემ უმიზეზოდ გააჩეროს მოძმე ერის დეპუტატი დიპლომატიური პასპორტით მხოლოდ იმისთვის, რომ პირი სახეზე არ მოეწონა და იმდენი ელაპარაკოს “რაღაცაზე”, რომ რეისს ვეღარ მიუსწროს? ასეთი მებაჟე მე არ შემხვედრია აზერბაიჯანში, რომლის მიმართაც პრეტენზია, როგორც ჩანს, ჯაფარიძეს არ გააჩნია და მადლობას უხდის, რომ ზრდილობიანად გამოაცილეს…

 

4. ჯაფარიძეს როუმინგის ფული არ ჰქონია და მიუხედავად იმისა, რომ “უსაფუძვლოდ” გააჩერა და დააყოვნა მებაჟემ, უპრობლემოდ ახალი ბილეთები შეუძენიათ ჩემს კოლეგებს. რა პრობლემაა???

 

5. როგორ წარმოგიდგენიათ სცენა, ვიღაც მებაჟის არასწორი ქმედების გამო დეპუტატი ვერ ბრუნდები სახლში, ახალ ბილეთს ყიდულობ და “გამორბიხარ ისევ ქალაქში (გზას აეროპორტიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთი სჭირდება) ყავის დასალევად …

 

6. თუ არაფერი საეჭვო არ ყოფილა აეროპორტში, რატომ გამოიძახეს საქართველოს ელჩი აეროპორტში??? ის უნდა ეთქვათ, რომ თქვენი დეპუტატები უსაფუძვლოდ დავაყოვნეთ და პრობლემები შევუქმენითო???

 

7. მე ვთხოვდი ჩემს კოლეგებს დაასახელონ კონკრეტული დროები მათი ამ ინციდენტის წარმოქმნის, ასევე ის პირები, რომელთაც ხვდებოდნენ და ადგილები, სადაც  ეს შეხვედრები იმართებოდა და განსაკუთრებით ის კაფე, სადაც ყავა მიირთვეს. იმედია ვიდეოკამერები ბაქოშიც არსებობს. 

 

შეგახსენებთ, რომ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს გუშინ, ბაქოდან თბილისში დაბრუნების დროს პრობლემები შეექმნათ. თავდაპირველად საქართველოში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ისინი აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს ელექტროშოკების და მილიონი დოლარის შემოტანის მცდელობისთვის. ეს ინფორმაცია ბაქოდანვე სატელეფონო საუბარში ნადირაშვილმა არ დაადასტურა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ დეპუტატები ბაქოს აეროპორტში შეაჩერეს. მისი თქმით, მილიონამდე არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობისთვის მიმდინარეობდა მოკვლევა და რამდენიმე საათის შემდეგ დეპუტატი აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად გაუშვეს.


საღამოს ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქო-თბილისის ავიარეისით დაბრუნდნენ თბილისში. მათი განმარტებით, თავდაპირველად ჯაფარიძე შეაყოვნეს ბაქოს აეროპორტში, მას დაახლოებით 20 -წუთიანი შემოწმება ჩაუტარეს, რის გამოც რეისზე დააგვიანდათ და შემდეგი რეისის ბილეთები აიღეს. ამის შემდეგ ისევ ქალაქში გავიდნენ აეროპორტიდან ყავის დასალევად, სადაც მათ ტელეფონით აცნობეს, რომ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების თაობაზე. ნადირაშვილის განცხადებით, როდესაც ისინი დაბრუნდნენ აეროპორტში, იქ ნამდვილად შეიქმნა პრობლემები, მათ დეტალური შემოწმება და ჩხრეკა ჩაუტარეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს მოხდა საქართველოს მთავრობის ჩარევის შედეგად. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპუტატები თბილისში გამოფრინდნენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *