ახალი ამბები

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესი დაიწყო

25 სექტემბერი, 2013 • • 1456
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესი დაიწყო

სასამართლოს სხდომის დარბაზში, ასევე, იმყოფებიან საპარლამენტო უმცირესობის წევრები, მათ შორის, სერგო რატიანი, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი, გივი თარგამაძე, კობა სუბელიანი. პროცესს ესწრება ვანო მერაბიშვილის მეუღლე თამარ სალაყაია.

 

წინა სხდომებისგან განსხვავებით, სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელების შედარებით მცირე რაოდენობაა მობილიზებული. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატი გორგი ჩივიაშვილი მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ვანო მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი შეიცვალოს:

 

”დაცვას მოგვეცემა შესაძლებლობა გავაგრძელოთ ჩვენი შუამდგემლობები, ჩვენი ერთ-ერთი შუამდგომლობა იქნება აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება, იმდენად, რამდენადაც ამოწურულია წინასწარი ძიება, დასრულებულია ყველა მტკიცებულების მოპოვების ეტაპი, შესაბამისად, არანაირი საჭიროება არ არსებობს იმისი, რომ ბატონი მერაბიშვილი იმყოფებოდეს კვლავ პატიმრობაში.”

 

სხდომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ”ნეტგაზეთის” რეპორტიორმა მოსამართლე თემურ დგვარელს განცხადებით მიმართა და ფოტო- ვიდეოგადაღების ნებართვა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ”ნეტგაზეთს” მხოლოდ ფოტოგადაღების უფლება მისცა. როგორც მოსამართლის თანაშემწემ, თინათინ შავრეშიანმა განაცხადა, ვიდეოგადაღების ექსკლუზიური უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და სხვა მედიასაშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ვერ გადაიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი