აფიშა

Soap&Skin რუსთაველის თეატრის სცენაზე და ახალი პროექტი “მუზამე”

17 თებერვალი, 2016 • 1584
Soap&Skin რუსთაველის თეატრის სცენაზე და ახალი პროექტი “მუზამე”

2 მარტს, 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში ახალი პროექტის „მუზამე“ პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციის ფარგლებში თბილისს ავსტრიული მუსიკალური ექსპერიმენტული პროექტი „Soap&Skin” ეწვევა.

„Soap&Skin” 25 წლის ავსტრიელი ხელოვანის ანია პლაშგის პროექტია, რომელმაც თბილისში პირველი ვიზიტისას ქართველი მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

ანია ავსტრიული პოპის ახალ ვარსკვლავადაა აღიარებული, Björk-ისა და სერგეი რახმანინოვით შთაგონებულმა, სადებიუტო ალბომი Lovetune for Vacuum 2009 წელს გამოუშვა და მალევე მოხვდა ავსტრიის, გერმანიისა და საფრანგეთის მუსიკალურ ჩარტებში.

Soap&Skin-ის პერფორმანსისას განსაკუთრებული ეფექტი მის მოულოდნელ, ექსპრომტზე დაფუძნებულ ცოცხალ შესრულებას და სასცენო მოძრაობებს აქვს, რაც მის შემოქმედებას უნიკალურად აქცევს.
ანია ამჟამად რუთ ბეკერმანის (Ruth Beckermann) ფილმში The Dreamed Ones მონაწილეობს, ორი არტისტის ისტორიის პრემიერა ბერლინალეს კინოფორუმის ფარგლებში შედგა.

ახალი პროექტის, “მუზამეს” მიზანია თანამედროვე მუსიკის მოყვარულებს შესთავაზოს განსხვავებული მუსიკალური ლაივები და მოახდინოს ვიზუალური, სასცენო და მუსიკალური ხელოვნების ინკორპორაცია. “მუზამე” ექსპერიმენტული პროექტია, რომელიც ყოველ ჯერზე ითანამშრომლებს ორიგინალური იდეების მქონე უცხოელ და ქართველ ახალგაზრდა ხელოვანებთან.

ორგანიზატორთა თქმით, 2 მარტს განსხვავებულად შეიცვლება რუსთაველის თეატრის ინტერიერი. სპეციალური განათებისა და ვიზუალური ხელოვნების სხვა საშუალებებით თეატრის გარემო ერთიან, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა, რომელიც მთლიანად მოერგება “Soap&Skin”-ის მძიმე, ნეოკლასიკურ ექსპერიმენტულ მუსიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი