ახალი ამბები

“იმ მელიას შვილის, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ” – ზილფიმიანი

15 თებერვალი, 2021 • 3208
“იმ მელიას შვილის, რომელმაც ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერ დავუჭერ” – ზილფიმიანი

“ევროპელი სოციალისტების” წევრი დავით ზილფიმიანი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს არ დაუჭერს.

მისი თქმით, ნიკა მელიას მამას, ანზორ მელიას, რომელიც ექიმი და კლინიკა “გულის” დამფუძნებელია, მისთვის სამედიცინო დახმარება არაერთხელ გაუწევია.

“მხიარულ ნოტაზე იმას ვიტყვი, რომ იმ მელიას შვილის, რომელმაც მე ბევრი სტენტი ჩამისვა, იმუნიტეტის მოხსნას მხარს ვერაფრით დავუჭერ. სერიოზულ ნოტაზე, მაინც არ დავუჭერ მხარს. იმ მიზეზით, რომ ჯერ ერთი, ამ ნაწილში მაინც სოლიდარულები უნდა ვიყოთ ოპოზიციონერები”, — განაცხადა ზილფიმიანმა.

მისივე თქმით, მელიასთვის იმუნიტეტის მოსახსნელად მხოლოდ პროკურატურის მოთხოვნა მისთვის საკმარისი არ არის.

“ოპოზიციონერი კოლეგაა, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხარი არ დავუჭიროთ. აქ არაფერი არ არის ისეთი მოსარიდებელი[…] ლაპარაკი არის გირაოს გირაოზე… ჩემთვის გაუგებარია. მინდა, რომ უკეთესად[გავიგო]. მარტო ის, რომ ითხოვს პროკურატურა, ეს შეიძლება ჩემთვის საკმარი არ იყოს”, — აცხადებს ზილფიმიანი.

5 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თამჯდომარე ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს, რათა გააფრთხილონ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურაში მელიას უნდა გაფორმებოდა ოქმი, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ მელია ერთი კვირის განმავლობაში არ გადაიხდიდა მასზე დაკისრებულ გირაოს 40 000 ლარის ოდენობით, ან არ უზრუნველყოფდა ამ თანხას უძრავი ქონებით, პროკურატურა სასამართლოს მიმართავდა მელიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

პროკურატურის მტკიცებით, დეკემბერში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად საკმარისი თანხა ჰქონდა. ამასთან, პროკურატურის განცხადების თანახმად, მას აქვს აღნიშნული თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებაც.

თავად ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. ვინაიდან ნიკა მელიას პარლამენტის დეპუტატის მანდატი აქვს და მას იმუნიტეტი იცავს, მისთვის გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შესაცვლელად იმუნიტეტის მოხსნაა საჭირო. შესაბამისი თხოვნით პროკურატურამ პარლამენტს 12 თებერვალს მიმართა. უწყებამ საკანონმდებლო ორგანოს სთხოვა, მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩეროს, რათა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, პატიმრობით შეიცვალოს.

პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მელიას სადეპუტატო მანდატი წინა მოწვევის პარლამენტმა ერთხელ უკვე შეუჩერა.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკა მელიას 2020 წლის 3 ნოემბერს შეეფარდა გირაო, სასამართლომ კი მისი გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა. გირაოს დაკისრებას წინ უძღოდა ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა პირველ ნოემბერს. მან სამაჯური საჯაროდ, აქციაზე სიტყვის გამოსვლისას მოიხსნა.

ამის შემდეგ პროკურატურამ მელიასთვის გირაოს შეფარდების და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. პროკურატურა ითხოვდა გირაოს თანხის 70 000 ლარით გაზრდას.

ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახაშვილი კი სასამართლო პროცესის დაწყებამდე ამბობდა, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებდა.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა მელიას 40 000 ლარით გაეზარდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის მელიას საგამოძიებო ორგანოსგან სპეციალური ნებართვა დასჭირდება.

მოგვიანებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სასამართლომ სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა  — მათ შორის აქციებზე გამოსვლა, ჩამორთმეული დოკუმენტები დაუბრუნა და ელექტრონული სამაჯურის გაკეთება აღარ დაავალდებულა.

პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი