თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 28 ნოემბერიდან 4 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება

წელს თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალი  28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის საპატიო სტუმარი ცნობილი გერმანელი რეჟისორი მარგარეტ ფონ ტროტა იქნება. ჯერ უცნობია ფესტივალის პროგრამა. ფესტივალის სხვადასხვა სექციაში გამარჯვებულებს კი 3 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოავლენენ.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, მარგარეტ ფონ ტროტა კინოფესტივალის სექციის “რეჟისორი ფოკუსში” საპატიო სტუმარი იქნება. ის “ახალი გერმანული კინოს” წარმომადგენელია. მისი ფილმების ძირითადად თემებს კი ქალების ჩაგვრა და მათზე ძალადობა წარმოადგენს. რეჟისორი არაერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელია.

“მიუხედავად საკუთარი ფემინისტური განწყობისა, იგი ხშირად აღნიშნავს, რომ მისი ფილმების მთავარი თემა მხოლოდ ფემინისტური თვალთახედვა არაა, არამედ იქ ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად ყველაფერია თავმოყრილი, რაც მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე იყო მნიშვნელოვანი. თითოეული პერსონაჟი გამორჩეული იდენტურობით ხასიათდება, მათ ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა საზოგადოებაში თავის დამკვიდრებისათვის,” – აცხადებენ ორგანიზატორები.

ფესტივალის ფარგლებში მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა, რომელიც მის რამდენიმე მნიშვნელოვან ნამუშევარს აერთიანებს. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე ფილმების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ფესტივალის ვებ-გვერდზე.

ფილმების ჩვენებისთან ერთად ფესტივალი მოაწყობს ვორქშოფებს, ლექციებს, პროფესიულ შეხვედრებსა და დისკუსიებს, რათა ხელი შუწყოს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების პროფესიულ განვითარებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი