“გერმანული ენის თვე” ჯგუფ Gankino Circus-ის კონცერტით გაიხსნება

გერმანიის საელჩოს ყოველწლიური პროექტი “გერმანული ენის თვე” წელს, 22 აპრილიდან 3 ივნისამდე გასტანს. პროექტის პროგრამა სპექტაკლებს, ლიტერატურული საღამოებს, კონკურსს “პოეტური გეოქეშინგი”, კინოჩვენებას, ვორქშოპებსა და საინფორმაციო შეხვედრებს მოიცავს. ღონისძიებები თბილისის გარდა ჩატარდება ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.

“გერმანული ენის თვე” ოფიციალურად 26 აპრილს, 19:30 საათზე მოძრაობის თეატრში ჯგუფ Gankino Circus-ის შოუკონცერტით გაიხსნება. ჯგუფი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგება. ეს არის 4 კაცისგან შემდგარი პოპულარული გერმანული ჯგუფი, რომელიც ხალხურ მუსიკას უკრავს. მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი „Das Potpourri Des Herrn Baron Von Gunzenhausen“ 2010 წელს გამოუშვეს. განსაკუთრებული წარმატება ჯგუფს 2014 წელს მესამე ალბომმა „Franconian Boogaloo“ მოუტანა. Gankino Circus-ის კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

6-8 მაისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში სპექტაკლი “მრისხანება” ცნობილი თანამედროვე მწერლისა და დრამატურგის ნინო ხარატიშვილის პიესის მიხედვით დაიდგმება.

11 მაისს გოეთეს დღეების მთავარი ღონისძიება ქალაქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. გალა-კონცერტზე სტუდენტები სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდებიან.

11, 12 და 13 მაისს თბილისის ქუჩებში კონკურსი “პოეტური გეოქეშინგი” მოეწყობა, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე დამალული იქნება სტიკერები გერმანული ლექსებით. კონკურსში მონაწილეებმა უნდა იპოვონ ეს ლექსები, გადაიღონ  ფოტო ან ვიდეო სტიკერების წინ და ატვირთონ Facebook-ის საკუთარ კედელზე ან Facebook-ის გვერდზე “სამი ქვეყანა- ერთი ენა”. ის ადამიანი, ან წყვილი, ან ჯგუფი, რომელიც სამი დღის განმავლობაში დააგროვებს ქულების ყველაზე მეტ რაოდენობას, ჩაითვლება გამარჯვებულად.

16 მაისს მწერალთა სახლი უმასპინძლებს ლუდვიგ ლაჰერის ლიტერატურულ საღამოს. ლაჰერი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი გახმაურებული რომანიდან “ვოლფგანგ ამადეუს უმცროსი, როგორია მოცარტის შვილობა”. ავსტრიელი ლირიკოსი ქართველ მსმენელს საკუთარ ლექსებზეც გაესაუბრება, რომლებიც ქართულად ნატო თხილავამ თარგმნა.

25 მაისს კინოთეატრი “რუსთაველში” შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება ფილმის „ჰაიდი“ ჩვენება.

21 მაისს გოეთეს ინსტიტუტში მოეწყობა საინფორმაციო ფორმატის ღონისძიება-შეხვედრა “სწავლა გერმანიისა და ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში” DAAD-ს (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ორგანიზებით, სადაც სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები გაეცნობიან გერმანიასა და ავსტრიაში სწავლის წინაპირობებს.

მსოფლიოში 140 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს გერმანულ ენაზე მშობლიური ან უცხო ენის სახით. ევროპაში დაახლოებით 100 მილიონი ადამიანისათვის გერმანული მშობლიურ ენას წარმოადგენს. ამგვარად, გერმანული ყველაზე გავრცელებული ენაა თანამედროვე ევროპისთვის.

ინიციატივის “სამი ქვეყანა – ერთი ენა” ორგანიზატორები არიან გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოები, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გოეთეს ინსტიტუტი, ავსტრიის ბიბლიოთეკა თბილისში და საზღვარგარეთ სასკოლო სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA).

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი