“როზადან სიმონამდე” – ფემინისტური კინოს ფესტივალი 7 მარტს გაიხსნება

“ვიზგი” და “სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე” 7-11 მარტს ფემინისტური ფილმების ფესტივალს გამართავს. ფესტივალი “როზადან სიმონამდე” კინოთეატრ ამირანში 19:00 საათზე გაიხსნება.

ორგანიზატორთა განცხადებით, წელს კინოფესტივალი საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების ყოფით რეალობას დაეთმობა და კინოდოკუმენტალისტ ლია ჯაყელის დოკუმენტურ ფილმებს წარუდგენს მაყურებელს:

7 მარტი – “ვაჩნაძის ქუჩა” (40 წთ. 2013)
8 მარტი – “2014” (37 წთ. 2015)
9 მარტი – “უჩინარნი” (26 წთ. 2002)
10 მარტი – „სადა ხარ, ჩემო სულიკო“ (28 წთ. 2006)
11 მარტი – „კოდექსები და ლექსები“ (26 წთ. 2006)

უხილავობა, ნაადრევი ქორწინება, ფემიციდი და ქალების თვიმკვლელობამდე მიყვანა, ჰომოფობია და ტრანსფობია, საჯარო სივრციდან გარიყვა, ქალის შემოქმედების უარყოფა და ეთნიკური უმცირესობების ცხოვრება – ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელთაც ლია ჯაყელის 5 ფილმი დოკუმეტურად ასახავს; სეანსების დასრულების შემდეგ თითოეული ამ თემის გარშემო გაიმართება დისკუსია.

„2014“ (37 წთ. 2015) – ფილმი საქართველოში 2014 წ. ქალების მკვლელობებს ეხება. ამ ქალების ტრაგედიების დოკუმენტური აღწერისას ნათელი ხდება, რომ მკვლელობის თუ თვითმკვლელობის თითოეულ ფაქტს წინ გენდერული ნიშნით ძალადობის სხვადასხვა ფორმების ციკლი უძღოდა. ამ დანაშაულებს კი ხარვეზები კანონმდებლობაში, სამართალდამცავთა არაკომპეტენტურობა და საზოგადოების გულგრილობა კვებავს. ფილმი გადაღებულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ თანამშრომლობით.

“ვაჩნაძის ქუჩა” (40 წთ. 2015) 2013 წლის 17 მაისის მოვლენებს ასახავს და თანამედროვე ქართულ კონტექსტში შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობას ეხება; ეხება ლგბტ ადამიანების საჯარო სივრცეში არსებობის მნიშვნელოვნებასა და განიხილავს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გავლენას ლგბტ ადამიანებისა და მათი მხარდამჭერების ცხოვრებაზე.

„სადა ხარ, ჩემო სულიკო“ (28 წთ. 2006) სიმღერა „სულიკოს“ აღმავალი პოპულარობისა და მისი ავტორის მეთოდური იგნორირების დოკუმენტური ისტორიაა. ეს ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იწყება და ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ვინ შექმნა „სულიკოს“ მელოდია და იყო თუ არა იგი მხოლოდ კომპოზიტორი, ფილმი ამ კითხვებს პასუხობს და ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც შეჰქონდა და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

„კოდექსები და ლექსები“ (26 წთ. 2006) – ფილმის გმირი ახალგაზრდა, შეუპოვარი ქალია, რომელიც როგორც ჟურნალისტი იბრძოდა თავისუფალი სიტყვისა და გაპარტახებული თეატრის გადასარჩენად, შემდეგ კი ამ თეატრის პირველი ქალი დირექტორი გახდა. მან შემოიკრიბა თანამოაზრეები და შეუდგა თეატრის პრობლემების მოგვარებას და გაცოცხლებას. ფილმი ერთი დაწესებულების მაგალითზე გვაჩვენებს აქტიური ქალის შესაძლებლობებს და მართვის უნარებს. ესაა ქალი, რომელსაც სამუშაო მაგიდაზე ერთად უწყვია კოდექსები და ლექსები.

„უჩინარნი“ (26 წთ. 2002) – საქართველოში მცხორები აზერბაიჯანლების ყოფას ასახავს და ამ ყოფის გენდერულ ასპექტებს წარმოაჩენს. გოგონების ადრეული ქორწინება, განათლებისა და კომუნიკაციის პრობლემები; ქალებისა და გოგონების იზოლირება დანარჩენი საზოგადოებისგან უჩინრად ტოვებს მათაც და მათ შრომასაც, რითაც წვლილი შეაქვთ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის ბიუჯეტში.

ფესტივალს “როზადან სიმონამდე” ვიზგი – “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” მეორედ მართავს. 2013 წელს ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა გერმანიაში, საფრანგეთში, ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გადაღებული ფემინისტური ფილმები იხილა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი