კვატაშიძის ”ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” HBO EUROPE AWARD-ის მფლობელი გახდა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი ”ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” HBO Europe Award – ის მფლობელი გახდა. ჯილდო კოპროდუქციის ფორუმზე When East Meets West გაიცემა.

კინოპროდუქციის ფორუმისთვის მსოფლიოს 19 ქვეყნიდან სულ 22 პროექტი შეირჩა (12 მხატვრული, 10 დუკუმენტური), გამარჯვებულთა შორის კი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი მოხვდა.

Last Stop Trieste (LST), სადაც ალექსანდრე კვატაშიძის ფილმი იღებდა მონაწილეობას, დოკუმენტური პროექტების სექციაა, რომელთა პრემიერაც შესაძლოა 2016 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში შედგეს.

”ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. დოკუმენტური ფილმი საქართველოში, სტუდია ”ლოკოკინაში” შეიქმნა. ის საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა. ”ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” იმ 6 ფოტოგრაფის ისტორიას ასახავს, რომლებსაც კვატაშაძე ჩეჩნეთში შეხვდა.

კვატაშიძის პროექტმა 12 500 დოლარი (Open Doors Production Award), 8,000 დოლარი (Arte Open Doors Award) ფრანგული მაუწყებლისგან, ხოლო საქართველოს ეროვნული კინოცენტრისგან გრანტის სახით 20 ათასი ევრო მიიღო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.