საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2020 წლის 3-7 ნოემბერს ჩატარდება.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი კინოჩვენებებთან, რეტროსპექტივებთან ერთად, მოიცავს კინემატოგრაფისტებისთვის განკუთვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებებს, მასტერკლასებსა და დისკუსიებს.
კინოფესტივალი ორი, 10-30-წუთიანი და 1-5-წუთიანი ფილმების საკონკურსო პროგრამისგან შედგება. ორივე საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი რეჟისორები მიიღებენ. 1-5-წუთიანი ფილმების კონკურსში მონაწილეობა პროფესიონალებთან ერთად მოყვარულ ავტორებს შეუძლიათ.
საკონკურსო ფილმების მიღება 27 ივლისს დაიწყო და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. კონკურსში დაიშვება 2018, 2019, 2020 წელს გადაღებული ფილმები. Covid 19-ის გათვალისწინებით, ფესტივალი უცხოელ სტუმრებს ვერ მიიღებს.
მთავარი კონკურსის გამარჯვებულებს, საუკეთესო ფილმსა და რეჟისორს გადაეცემა ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს დინოზავრი. 1-5-წუთიანი ფილმების გამარჯვებულს დინოზავრის ნაკვალევით დააჯილდოებენ.
პროექტი საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლობით ხორციელდება.