„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ „საქმე გაუგებრობასთან“ გვაქვს.

მისივე განცხადებით, „ვინ ვინ“ და ირაკლი ღარიბაშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია, „მით უმეტეს მისი ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები“.

ღარიბაშვილმა გუშინ გამოქვეყნებულ წერილში თქვა, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

„ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. აქ საქმე გვაქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფთან, ვინც ცდილობს, რომ რაღაც პროვოკაცია ჩამოაგდოს.
განსაკუთრებით მენიშნა ოჯახთან დაკავშირებულ უსაფრთხოების თემებზე როცა იყო საუბარი. ვინ ვინ და თვითონ ბატონი ღარიბაშვილიც არის შემოქმედი, იმიტომ რომ ის იყო ჩვენი გუნდის, ქვეყნის ლიდერი, შემოქმედი იმ სახელმწიფოსი, რომელიც ერთად შევქმენით – უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები. მით უმეტეს, ვინ ვინ და მან კარგად უნდა იცოდეს, რომ თითოეული მოქალაქის უფლება დაცულია ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს, მისი ოჯახის უსაფრთხოება და უფლებები. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და რაღაც შეცდომაში შეყვანის მცდელობაა…
მძიმეა ამ თემაზე საუბარი, მტკივნეულია და მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს არის რაღაც გაუგებრობა და რაღაც ჯგუფები, გამოიკვლევენ ალბათ და გამოძიება დაადგენს, თუ რასთან გვაქვს საქმე“, – ამბობს ირაკლი ზარქუა.


პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას.  წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

„სულ ტყუილად და უსუსურად წვალობთ, რომ ჩემგან გამოიყვანოთ ქვეყნის, გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის მოღალატე“, – წერს ღარიბაშვილი.