აზერბაიჯანში „არაეთიკური ქცევის“ ბრალდებით კიდევ ერთი TikTok-ერი, 1991 წელს დაბადებული ალიქრამ ჰეიდაროვი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას სოციალურ ქსელებში საზოგადოების მიმართ უპატივცემულობის, არაეთიკური ქცევისა და მსგავსი შინაარსის მასალების გავრცელებას ედავებიან.

ჰეიდაროვის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 510.1 მუხლით შედგა. ბაქოს საბაილის რაიონულმა სასამართლომ მას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჰეიდაროვი უკვე მეოთხე TikTok-ერია, რომელიც ბოლო დღეებში ამავე ბრალდებით დააკავეს. მანამდე 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ მაკსად ბაგიროვსა და სანურ აზიზოვს, ხოლო ბლოგერი მიუჟგან მამედზადე 10 დღით დააპატიმრეს.

ბოლო პერიოდში აზერბაიჯანში TikTok-ერების დაკავებები უკავშირდება წლის დასაწყისში ძალაში შესულ საკანონმდებლო ცვლილებებს. კანონით პასუხისმგებლობა დაწესდა ინტერნეტში ისეთი შინაარსის გავრცელებისთვის, რომელიც, ხელისუფლების განმარტებით, შეიცავს „საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფას“, „საზოგადოების მიმართ აშკარა უპატივცემულობას“ ან „უხამს გამონათქვამებს, ჟესტებსა და სხეულის ნაწილების დემონსტრირებას, რომელიც ეწინააღმდეგება ზნეობრივ და ეროვნულ-სულიერ ღირებულებებს“.

ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ სამართალდამცავებმა სწორედ ამ ნორმების საფუძველზე დაიწყეს TikTok-ის კონტენტ-შემქმნელების ადმინისტრაციული წესით დაკავება.