2017 წლის 13 სექტემბერს თბილისში, ევროკავშირის პროექტის – ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება“ ფარგლებში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე „ჰილტონ ბათუმი“ დაჯილდოვდა, როგორც 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებელი, რამდენადაც ის პროექტში დასაწყისიდანვე აქტიურად არის ჩართული. კერძოდ, „ჰილტონ ბათუმს“ სამზარეულოში, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დალაგებისა და დასუფთავების და დაცვის დეპარტამენტებში, პრაქტიკა გაიარა 10-მა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირმა. ამჟამად კი მათგან 8 დასაქმებული სხვადასხვა დეპარტამენტში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მთელს საქართველოში სულ დაჯილდოვდა 8 კომპანია და მხოლოდ 2 მათგანი იყო ბათუმიდან, რამდენადაც „ჰილტონ ბათუმი“ არის პირველი, რომელიც მაგალითს აძლევს სხვა კომპანიებს დაასაქმონ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები „ჰილტონში“იმედოვნებენ, რომ ბევრად მეტი კომპანია აიღებს მათგან მაგალითს და ისინი ერთად შექმნიან დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სამუშაო ბაზარზე.
პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგებისა და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნესსექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას.
იგივე თემაზე იხილეთ: