რეკლამა

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

25 ივნისი, 2017 • 1200
დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უნივერსიტეტს, პერიოდულად,  საგანმანათლებლო-სამეცნიერო ლიტერატურას გადასცემს. თავის მხრივ, უნივერსიტეტი მაღალი აკადემიური შედეგების მქონე დევნილ  სტუდენტებს შეარჩევს და სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

სამინისტროსა და  გერმანიის  რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას დახმარებით არქიტექტორისა და  ხელოვნებათმცოდნის,  პროფესორ კლაუს შვაგელის უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს უანდერძა, საქართველოში ჩამოვიდა. უნიკალური, სამენოვანი წიგნების ტრანსპორტირება კომპანია „ჰიპმა“ განახორციელა, რომელიც დევნილთა  სამინისტროსთან, მემორანდუმის საფუძველზე, წლების განმავლობაში თანამშრომლობს.

„დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმი ძალიან წაადგებათ ჩვენს დევნილ სტუდენტებს და ამავდროულად, სასარგებლო იქნება უნივერსიტეტისთვისაც. ბოლო წლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა  ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია,  ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგებში მოხვდა და წლიდან წლამდე რეიტინგში მისი მაჩვენებელი უმჯობესდება. მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენც, თუნდაც მცირე წვლილის შეტანას შევძლებთ უნივერსიტეტის წარმატებებში“, –  განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი