რეკლამა

დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სოფლად სახლი  293  დევნილ ოჯახს შეუსყიდა

24 ივნისი, 2017 • 1183
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სოფლად სახლი  293  დევნილ ოჯახს შეუსყიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 293  დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.

„პროექტი  მნიშვნელოვანია იმით, რომ როგორც წესი, დევნილი ოჯახებისთვის შესყიდული  სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები.  ეს ნიშნავს, რომ დევნილი ოჯახი მხოლოდ სახლის მესაკუთრე კი არ ხდება, არამედ  დამატებითი შემოსავლის წყაროც უჩნდება. „სოფლად სახლის“ პროექტი მომავალში კიდევ უფრო დიდი მასშტაბებით გაგრძელდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,  დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

2013 წლიდან დღემდე, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით, სახლი უკვე 1 500-ზე მეტ ოჯახს შეუსყიდა. პროექტი წარმატებით მუშაობს და უახლოეს მომავალში სამინისტრო  სახლს  საკარმიდამო მიწის ნაკვეთით კიდევ 1000-მდე დევნილი ოჯახისთვის შეიძენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი