რეკლამა

დევნილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა

22 აპრილი, 2017 • 1542
დევნილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა

 საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა  და ლტოლვილთა სამინისტრომ  „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარებისა“  და „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“  პროგრამების საგრანტო კონკურსებში  გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა.  ხელშეკრულებებს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მოაწერა.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით,  სამინისტრო საგრანტო პროგრამას 2015 წლიდან ახორციელებს. წელს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილია 590 000 ლარი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება.  2017 წლიდან პროგრამა საქართველოს მთელს ტერიტორიას მოიცავს.

გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებასა და  საცხოვრებლით დროებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფორმატი თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების კუთხითაც გამოიყენა.  წელს, ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან  50 000 ლარია გამოყოფილი.

პროგრამის მიზანია,  საქართველოში თავშესაფრის მქონე პირებისთვის ქართული ენის კურსების შეთავაზება, მათი სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება  და საკონსულტაციო სერვისის შექმნა.

გამარჯვებული ორგანიზაციები საგრანტო პროგრამის ადმინისტრირებისთვის შექმნილმა კომისიამ შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით  გამოავლინა:

  • „საზოგადოებრივი დამცველი“
  • სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“
  • ფონდი „აფხაზინტერკონტი“
  • „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ბათუმი“
  • კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი KRDF
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი