რეკლამა

„საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი“ „აი სი ჯგუფის“ განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

8 ნოემბერი, 2016 • 2479
„საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი“ „აი სი ჯგუფის“ განვითარებაში 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს

დღეს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო  “ბილტმორში“ (მის: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #29) „სადაზღვევო კომპანია  „აი სი ჯგუფსა“ და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“ (ნიდერლანდები) შორის ხელი მოეწერება  ხელშეკრულებას,  რომელიც   სადაზღვევო კომპანიის განვითარებისთვის 7 მილიონ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, ქართული მხარე ფლობს წილის  51%-ს, ხოლო ჰოლანდიური მხარე –  49%-ს.

საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ „აი სი ჯგუფის“  გენერალური დირექტორი   თენგიზ მეზურნიშვილი  და „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები)  დამფუძნებელი და დირექტორი, ჯეიკობ ვესტერლაკენი ( Jacob Westerlaken).

ინვესტიცია სადაზღვევო კომპანიის ზრდისა და განვითარებისთვის იქნება მიმართული,  გაიზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და ახლო მომავალში „აი სი ჯგუფი“  სადაზღვევო ბაზარზე განახლებული სახით გააგრძელებს ოპერირებას.

ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ:

  • თენგიზ მეზურნიშვილი – „აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი;
  • ჯეიკობ ვესტერლაკენი „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმის“ (ნიდერლანდები) დამფუძნებელი, დირექტორი;
  • იოსებ გოგოლაშვილი – სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი;
  • დევი ხეჩინაშვილი – სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე;

ხელმოწერის ცერემონიაზე ასევე მოწვეულნი არიან სახელმწიფო უწყებების, ბიზნეს და სადაზღვევო კომპანიების, მედიის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

ic-group

„აი სი ჯგუფი“  დაფუძნდა 2005 წლის 10 ნოემბერს. დაარსების დღიდან კომპანია წარმატებულად ოპერირებს სადაზღვევო ბაზარზე. არსებულ კონკურენტულ გარემოში მან  ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო საქართველოში  მოქმედ წამყვან სადაზღვევო მოთამაშეებს შორის.  მას შემდეგ, რაც 2009 წლის მაისში, „აი სი ჯგუფმა“ შეიძინა კომპანია“ სახალხო დაზღვევა“ , ის ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე გახდა სამედიცინო დაზღვევის ბაზარზე. 

 კომპანია აქტიურადაა ჩართული დაზღვევის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავებაში,  როგორც სავაჭრო და სამრეწველო პალატის (საფრანგეთი, საქართველო), ა.ი.პ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და რ.კ. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი.  „აი სი ჯგუფი“ მუდმივად ახორციელებს თანამშრომლების გადამზადებას და აფინანსებს მათ მონაწილეობას კვალიფიკაციის ასამაღლებელ საერთაშორისო სემინარებში, ასევე,  აფინანსებს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას. ამჟამად კომპანიაში 100 ზე მეტი მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელია, „აი სი ჯგუფი“ არის საზოგადოებრივად პასუხისმგებელი კომპანია, იგი პატივს სცემს ტრადიციებს და ბიზნეს ეთიკას, “შევასრულოთ დაპირება“ – ეს არის აი სი ჯგუფის უმთავრესი კრედო.

რაც შეეხება „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმს“,  ის აერთიანებს უდიდეს ცოდნას სადაზღვევო და სოციალურ დაცვასთან კავშირში მყოფ ყველა სფეროზე. კონსორციუმი ამ წუთისათვის ჩართულია 8 ქვეყნის სხვადასხვა პროექტში და წარმოდგენილია ოფისებით 4 ქვეყანაში: „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი ნიდერლანდები“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი სლოვენია“;  „საერთაშორისო  სადაზღვევო კონსორციუმი უკრაინა“; „საერთაშორისო სადაზღვევო კონსორციუმი საქართველო“. მის ძირითად საქმიანობას საკონსულტაციო სფერო და ინვესტიციების განხორციელება წარმოადგენს – კომპანიებისა და ორგანიზაციების დახმარება სტრატეგიულ და რისკის მართვის გადაწვეტილებების მიღებაში, ამასთან ერთად, მათთვის გამოცდილების გაზიარება.

კონსორციუმი თავისი საქმიანობის ძირითად არეალად განსაზღვრავს  თანამშრომლობას  (სამხრეთ) აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონში მოქმედ სადაზღვევო კომპანიებთან. კონსორციუმი ახორციელებს გრძელვადიან ინვესტიციებს, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს მყარი კომპანიების განვითარება, არსებული ქსელის და პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, კომპანიების განვითარებისა და მათთვის, ამ სფეროში, დაგროვილი ცოდნის გაზიარებისათვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი