რა სარგებელს მოუტანს შუახევიჰესი საქართველოს

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა: პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება. შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს პროექტის დირექტორის მოადგილე ჯოშ ჯერარდი, რომელიც პროექტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.

ბატონო ჯოშ, როგორ მიმდინარეობს შუახევიჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები?

მშენებლობის პროცესი წარმატებით გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს – შუახევიჰესის კასკადს.

გვაქვს გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს შუახევიჰესის პროექტის სამოქალაქო სამუშაოების 63%, ელექტრული/მექანიკური სამუშაოების 68% და მთლიანი პროექტის 63%. ეს, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი პროგრესია.

იმ გვირაბების საერთო სიგრძე, რომლითაც შუახევიჰესის კასკადი ერთმანეთს დაუკავშირდება, 38 კილომეტრია. როგორ მიმდინარეობს გვირაბების მშენებლობის პროცესი – რამდენად რთულია ამ სამუშაოების შესრულება?

პროექტის დაწყებამდე ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლის საფუძველზეც გავთვალეთ ყველა ის სირთულე, რასაც მშენებლობის პროცესში შეიძლება წავწყდომოდით. ჩვენ მზად ვართ ყველა გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. პროექტს აშენებს პროფესიონალთა გუნდი, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობები არ არსებობს. ამ ეტაპზე გვირაბების სამუშაოების 72% შესრულებულია.

შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა

შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა

მთავარ გამოწვევად მე უსაფრთხოებას მივიჩნევ. მთავარია, პროექტი შესრულდეს უსაფრთხოების ყველა პარამეტრის მაქსიმალური დაცვით, ყველა სამშენებლო ობიექტზე მოქმედებს მკაცრი წესები, რასაც როგორც თანამშრომლები, ასევე ვიზიტორები ზედმიწევნით იცავენ. როგორც გვირაბების, ასევე კაშხლის, ძალური კვანძის მშენებლობის პროცესში, სწორედ ეს მიმაჩნია მთავარ გამოწვევად. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

როდის დასრულდება შუახევიჰესის მშენებლობა?

შუახევიჰესის პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშვება დაიწყება 2017 წლის გაზაფხულზე.

შუახევიჰესის პროექტის დასრულება რა სარგებელს მოუტანს საქართველოს?

თავდაპირველად მშენებლობის პროცესზე გეტყვით კონკრეტულად. პროექტის მშენებლობაში და იმ სოციალურ პროექტებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, დასაქმებულია საქართველოს 650 მოქალაქე. მათი უმეტესობა სწორედ მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. პროექტის დაწყების შედეგად შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მშენებლობის პროცესში გამოცდილება შეიძინა არაერთმა ადამიანმა, პროექტის დასრულების შემდგომ მათი სახით პროფესიონალი კადრები შეემატება ქართულ ბაზარს.
ასევე მიმდინარეობს არაერთი სოციალური პროექტი, რაც მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად.

ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს: გზების მშენებლობა, სკოლების, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია; წარმატებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტები, ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მცირე ბიზნესის განვითარებაში; ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ პროექტის არეალში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა საკუთარი ცხოვრების დონე გაიუმჯობესოს.
რაც შეეხება მეორე ეტაპს – მას შემდეგ, რაც შუახევიჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს, საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლარვის სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვქმნით ქონებას, შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შეგვაქვს ქონების გადასახადი (ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება მშენებლობის დასრულების შემდეგ), ანუ ხელს ვუწყობთ იმ მუნიციპალიტეტების ფინანსურ კეთილდღეობას, სადაც ჩვენი სადგური იქნება განთავსებული.

აჭარისწყალი ჯორჯიამ (AGL) წელს, ზაფხულში, წამოიწყო სტუდენტების სტაჟირების პროგრამა, გეგმავთ მის გაგრძელებას მომავალ წელს?

წელს ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. გასაუბრების გზით ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი შევარჩიეთ. სამივე მათგანმა მთელი ზაფხული გაატარა ჩვენთან ერთად და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა. მომავალ წელსაც ვგეგმავთ ამ პროექტის გაგრძელებას, ჩვენ ვცდილობთ პრაქტიკული გამოცდილება დააგროვონ ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც, ბუნებრივია, სამომავლოდ, როგორც ჩვენი ჰესის, ასევე სხვა ჰესების პოტენციური თანამშრომლები არიან.

სტუდენტები სტაჟირებაზე

სტუდენტები სტაჟირებაზე

ეს პირველი ჰიდროენერგოპროე¬ქტია, რასაც თქვენ საქართველოში ახორციელებთ. რამდენად საინტერესოა თქვენთვის ქართველ კოლეგებთან მუშაობა?

ქართველ კოლეგებთან მუშაობა არამარტო საინტერესო, არამედ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და პროექტში დასაქმებული ყველა უცხოელი თანამშრომლისთვის. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მაგრამ არსად შევხვედრივარ ასეთ თბილ და სტუმართმოყვარე ადამიანებს. ყველა ჩემი ქართველი კოლეგა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, თვისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. შუახევიჰესის პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში ქართველი კოლეგების წვლილი უაღრესად დიდია, როგორც პროექტის მიმდინარე ფაზამდე მიყვანაში, ასევე განვითარების, მშენებლობის, ადმინისტრაციული კუთხით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხშირად ვხვდები და ვსაუბრობ სხვადასხვა თაობის ადამიანებთან, აშკარად შეინიშნება მზარდი დინამიკა, საქართველო სწრაფად ვითარდება და მომავალი თაობები ქვეყნის უკეთეს მომავალს ელიან.

მალე 2016 წელი დადგება, ეს თქვენი პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. როგორია თქვენი განწყობა, ელით განსაკუთრებულ სირთულეებს პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპზე?

მშენებლობა დინამიკურად გაგრძელდება და ერთ წელიწადში ქვეყანას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი შუახევიჰესის სახით.

ასევე მინდა შევაფასო 2015 წელი, როგორც წარმატებული წელი და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მათ შეიტანეს პროექტის წარმატებაში. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ახალ წელს მივულოცავ `გაზეთ ბათუმელების~ მკითხველს, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას.

2016 წელი წარმატების მომტანი ყოფილიყოს საქართველოსთვის!

ჯოშ ჯერარდი

ჯოშ ჯერარდი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი