ნეტგაზეთი | ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა კიდევ 208 ნეშტის იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა კიდევ 208 ნეშტის იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება – Netgazeti

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა კიდევ 208 ნეშტის იდენტიფიცირებაზე მუშაობა გრძელდება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე  9 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

სოზარ სუბარის განცხადებით, სიმბოლურია, რომ 12 გმირის დაკრძალვა სწორედ 9 აპრილს დაემთხვა.

„ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ყველაზე ჰეროიკული დღეა 9 აპრილი. ალბათ სიმბოლურია, რომ 12 გმირის დაკრძალვა სწორედ ამ დღეს დაემთხვა. 9 მათგანი ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, ხოლო 3 საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენეს. უკვე 43 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა. კიდევ 208 ნეშტი არის გადმოსვენებული,  რომელთა იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესში მონაწილეობს ძალიან ბევრი ადამიანი. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საერთაშორისო წითელ ჯვარს იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის, რასაც ისინი იჩენენ. ასევე განსაკუთრებული მადლობა აფხაზურ მხარეს, იმიტომ, რომ საოცარი გულისხმიერებით უდგებიან ამ საკითხს. მათ აბსოლუტურად გასიგრძეგანებული აქვთ, რომ ეს არის ჰუმანიტარული მისია და აქ პოლიტიკაზე ლაპარაკი იქნებოდა ზედმეტი“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს შეისწავლის.

მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ეგზჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა სასაფლაოზე სამარხის გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები გადმოასვენეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე, ბაბუშერას სამარხიდან გადმოსვენებული 43-ვე ნეშტი იდენტიფიცირებულია.

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან