ახალი ამბებიგართობარეკლამა

იპოვე შენი ფერი აჭარაში

19 მარტი, 2018 • 5713
იპოვე შენი ფერი აჭარაში

აჭარაში მოგზაურობას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება. ეს რეგიონი ყოველთვის იზიდავს ადამიანებს, როგორც დღესასწაული, რომელიც  ოთხივე სეზონზე გრძელდება, ადგილი, სადაც ბათუმიდან რამდენიმე საათში შეგიძლიათ ალპურ მინდვრებში მოხვდეთ, იდუმალი ტბებისა და ქართველი მწყემსების სამყაროში.

აჭარა ლურჯი ფერით იწყება. ეს ზღვის ფერია. ამ ზღვას ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა სტუმართმოყვარე ზღვა – Πόντος Εὔξεινος – უწოდეს. აქ მდებარეობს ბათუმი, თანამედროვე ქალაქი, სადაც ერთმანეთს ენაცვლება XIX-XX საუკუნეების ევროპული არქიტექტურა და ახალი ცათამბჯენები, სადაც სიცოცხლე ჩქეფს და ქალაქის ქუჩებს ლურჯად მოლივლივე ზღვისკენ მიჰყავხართ.

აჭარის სანაპიროზე მზის ჩასვლა ისეთივე გამჭვირვალე ოქროსფერია, როგორც თაფლი, რომელსაც აჭარის მთებში ამზადებენ, მზის ჩასვლის შემდეგ კი, ჰორიზონტი მეწამულ ფერად იღებება.

ზღვის ნაპირს შვიდ კილომეტრზე მიუყვება ბათუმის ბულვარი, რომელიც ყველასთვის საყვარელი სასეირნო ადგილია, კაფე-ბარებით, გასართობი ატრაქციონებით, ბუნგალოებით და ღამის კლუბებით. აქ ღამით სხვადასხვა ფერად განათებული მუსიკალური შადრევნები ცეკვავენ.

ბათუმი და აჭარის ზღვისპირა კურორტები: ქობულეთი, გონიო, სარფი და კვარიათი, ნებისმიერი გემოვნების, ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანს იზიდავს. აქ ყველაფერია: კამკამა ლურჯი ზღვა, თანამედროვე სასტუმროები, მუზეუმები, სავაჭრო ცენტრები, კაზინოები, რესტორნები და კაფე-ბარები, სადაც უგემრიელესი ადგილობრივი  სამზარეულოს და ღვინის დაგემოვნება შეგიძლიათ.

აუცილებლად გასინჯეთ აჭარული ხაჭაპური, ნავის ფორმის, დაბრაწულ ცომში გალმღვალი ყველისა და კვერცხის სინთეზი აჭარის ზღვასთან და მზესთან კავშირზე მიუთითებს. თუ ერთხელ გასინჯავთ, ამ გემოს ვერასოდეს დაივიწყებთ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ზაფხულში და ადრიან შემოდგომაზე ბათუმისა და აჭარის ზღვისპირა კურორტების პლაჟები ბევრ ტურისტს იზიდავს. ცურვისა და მზეზე გარუჯვის გარდა, შეგიძლიათ ბათუმის ყურეში, იახტ-კლუბს ეწვიოთ და ზღვაზე იახტით ან დელტაპლანით გაისეირნოთ. თუ ველოსიპედით გიყვართ სეირნობა, გახსოვდეთ, რომ ბათუმი ველომოყვარულთა ქალაქია.  აქვე, ქუჩაში შეგიძლიათ დაიქირავოთ ველოსიპედი და ქალაქის ქუჩებსა და ბულვარში წითელ ველობილიკებზე ისეირნოთ.

იახტ-კლუბთან, ზღვის ლურჯ ტალღებში დარწეული იახტებისა და ნავების შორიახლოს, ქალისა და მამაკაცის თანამედროვე, მოძრავი ქანდაკება დგას, რომელსაც კავკასიური სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევენ. ამ ადგილას ხშირად ნახავთ შეყვარებულ წყვილებს.

აქვეა ბათუმის ძველი ნავსადგური. აქ შეგიძლიათ კაფეში, ფინჯან ბათუმურ ყავასთან მოკალათდეთ და ბათუმელ მეთევზეებსა და თეთრ თოლიებს დააკვირდეთ. შეიძლება ნაპირთან ახლოს მოსული დელფინების თამაშიც ნახოთ. ზღვის ძუძუმწოვრების ნახვა ნებისმიერ სეზონზე  ბათუმის დელფინარიუმშიც შეგიძლიათ. ეს ადგილი ტურისტებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია, აქ  დელფინებისა და ზღვის ლომების შოუს ნახავთ.

აჭარის ლაჟვარდოვან სანაპიროს მოშორდებით თუ არა, მოკლე ხანში სხვა ფერი მოგჭრით თვალს. ეს მწვანე ფერია, აჭარის ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებისა და ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარე, ალპური ტბების ფერი.

ბუნების მოყვარულთათვის აჭარა მწვანე სამოთხეა. ბათუმთან ახლოს მდებარეობს მცენარეთა უნიკალური ჯიშებით გაშენებული ბოტანიკური ბაღი, საიდანაც მთელი აჭარის ლურჯი სანაპირო ჩანს. ლურჯი და მწვანე ფერების ასეთი სიახლოვე განუმეორებელ კონტრასტს ქმნის.

ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღი

ბათუმთან ახლოსაა ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები, სადაც ველურ ბუნებაში გასეირნებას შესძლებთ.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

გირჩევთ, ბათუმიდან 30 კილომეტრით დაშორებულ ეროვნულ პარკს ეწვიოთ. ზღვის დონიდან 1381 მეტრზე თქვენ იმოგზაურებთ მთაზე, რომელსაც ხშირი წვიმისა და ნისლის გამო „მტირალა“ უწოდეს. ეს ადგილი ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ხელუხლებელი ბუნება აინტერესებს. მტირალას მწვანე, დაბურულ, კოლხურ ტყეებში ტურისტული ბილიკებით შეგიძლიათ გაისეირნოთ და გადაშენების პირას მყოფ, იშვიათ მცენარეებს დააკვირდეთ. გზად შეხვდებით ანკარა წყაროებს, ულამაზეს ჩანჩქერებსა და წყლის წისქვილებს. მტირალაზე შეგიძლიათ ისეირნოთ ფეხით ან ცხენებით, დარჩეთ აქვე მდებარე სასტუმროში ან კარავში, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს კი მტირალას ასწლოვან ხეებს შორის გაბმულ ბაგირზე შეუძლიათ ისრიალონ.

მანდარინისა და ლიმონის ბაღებით განთქმულ ქობულეთთან ახლოს, სადაც ჩვენს წელთაღიცხვამდე ძველი კოლხები ცხოვრობდნენ, მდებარეობს ისპანის ჭაობი. ამ ტერიტორიას რამსარის კონვენცია იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ადგილს მსოფლიოში.  აქ შეგიძლიათ ფეხზე ნეკერჩხლის ტოტებისგან დაწნული თხილამურები მოირგოთ და სფაგნუმის ხავსის ბალიშებით მოფენილ მინდვრებზე გაისეირნოთ. თუ ბედმა გაგიღიმათ, შეიძლება ალკუნიც ნახოთ, ულამაზესი ლურჯი ფრინველი, რომელიც აქ ბინადრობს.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

თუ აჭარის მთებში გადაწყვეტთ მოგზაურობას, ალპური საძოვრებისა და ტბების ნახვა არ დაგავიწყდეთ. აქ შეხვდებით აჭარელ მწყემს ქალებს, რომლებსაც ზაფხულობით საქონელი საძოვრებზე მიჰყავთ, გასინჯავთ მათ მიერ დამზადებულ ყველს, „კაიმაღს“ – ადგილობრივ, უგემრიელს ნაღებსა და მთის ყვავილების ნექტარისგან დამზადებულ თაფლს.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ალპურ საძოვრებთან ახლოს მდებარეობს ფიჭვისა და ნაძვის ტყეებით გარშემორტყმული კურორტი ბეშუმი. აქ შეგიძლიათ სასტუმროში ან კოტეჯში დარჩეთ და ახლოს მდებარე მწვანე ტბა მოინახულოთ, რომელმაც ეს სახელწოდება წყლის განსაკუთრებული ფერის გამო მიიღო.

შემოდგომაზე, როცა აჭარის ფოთლოვანი ტყეები ოქროსა და მეწამულ ფერებად იღებება, აჭარის ცაზე მილიონზე მეტი ფრინველი იწყებს ფრენას. ეს გადამფრენი ფრინველები არიან, რომლებიც ყოველ შემოდგომაზე ევრაზიის კონტინენტიდან აფრიკისკენ მიფრინავენ. აჭარა მსოფლიოში მესამე ადგილზეა გადამფრენი ფრინველების სიმრავლით. ფრინველების ამ „შოუს“ სანახავად სექტემბრის ბოლოს აქ უამრავი უცხოელი ტურისტი ჩამოდის – ფრინველებზე დამკვირვებლები, გარემოსდამცველები და მოხალისეები. ფესტივალი ყველა ტურისტისათვის უფასოა.

ზამთარი ბათუმში თბილია, მაგრამ აჭარის მთაში სამთო სათხილამურო კურორტებს შეგიძლიათ ეწვიოთ. კურორტი გოდერძი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. გზა გოდერძიმდე დათოვლილ წიწვოვან ტყეს მიუყვება. კურორტზე ასულს დაგხვდებათ თანამედროვე სასტუმროები, კოტეჯები, საბაგირო გზა და სათხილამურო ტრასები. ეს ზღაპრული ადგილი თქვენ მოგზაურობას ზამთრის აჭარაში დაუვიწყარს აქცევს.

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარა ოთხი ტურისტული სეზონის მხარეა. გაზაფხულზე  ტურისტებს ბათუმის ქუჩებში მოყვავილე იისფერი გლიცინიები და ბოტანიკურ ბაღში აყვავებული კამელიები იზიდავს, ზაფხულში – შავი ზღვის ჯაზფესტივალი და ზღვაზე და მთაში დასვენება, ყოველი წლის შემოდგომაზე აჭარაში საერთაშორისო მუსიკალური და საავტორო კინოს ფესტივალები იმართება, სადაც კლასიკური მუსიკისა და კინოს მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოდიან, ხოლო ზამთარში შეგიძლიათ აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებს ეწვიოთ და კიდევ ერთი ფერი დაიმახსოვროთ – ქათქათა თეთრი, მთიანი აჭარის დათოვლილი პეიზაჟების ფერი.

დატკბი მოგზაურობის ყოველი წამით, იპოვე შენი ფერი!

 

მასალების გადაბეჭდვის წესი