რეკლამა

ევროვიზიის ქართველი მონაწილე, თამარა გაჩეჩილაძე პრომო ტურს მართავს

13 აპრილი, 2017 • 2856
ევროვიზიის ქართველი მონაწილე, თამარა გაჩეჩილაძე პრომო ტურს მართავს

2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელმა, თამარა გაჩეჩილაძემ, პრომო ტური აპრილის პირველ რიცხვებში დაიწყო. მომღერალი უკვე ესტუმრა ისრაელს, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროვიზიისადმი მიძღვნილ კონცერტში, ასევე ამსტერდამს და სხვა კონკურსანტებთან ერთად, ევროვიზიის წვეულებაზე წარდგა. დღეს საქართველოს წარმომადგენელი ესპანეთს ეწვევა და მადრიდში, სხვა კონკურსანტებთან ერთად, კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.

29 აპრილს ქართული დელეგაცია კიევში გაემგზავრება და თამარა გაჩეჩილაძე 30 აპრილს ევროვიზიის სცენაზე პირველ რეპეტიციას გაივლის. 2017 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში საქართველოს წარმომადგენლის სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი იმუშავებს.  სცენაზე მომღერლის ბექ-ვოკალისტები ნათია ოქრუაშვილი, მარი აკობია, მარიამ ჯომარდიძე, გური პასიკაშვილი და გიორგი ცხვარიაშვილი იქნებიან, პირველი სამი მათგანი, წინა წლებში საბავშვო ევროვიზიის წინაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროვიზიის ქართველი წარმომადგენლის, თამარა გაჩეჩილაძის სიმღერის Keep the Faith კლიპის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ შედგა. ვიდეორგოლის ავტორი და რეჟისორი თემურ კვირკველიაა, გადაღებები რამდენიმე დღის მანძილზე მაუწყებლის მთავარ გადასაღებ პავილიონში მიმდინარეობდა.  სიმღერის Keep the Faith ავტორები ანრი ჯოხაძე და თამარა გაჩეჩილაძე არიან. ბექ-ვოკალში წარმოდგენილია ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალისტთა 25-კაციანი გუნდი, ვახტანგ გაბიძაშვილის დირიჟორობით. კლიპი უკვე განთავსდა ევროვიზიის ოფიციალურ გვერდზე და ევროფესტივალის ფანების დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.

თამარა გაჩეჩილაძე  ევროფესტივალის პირველ ნახევარფინალურ შოუზე, 9 მაისს, მეორე ნომრად იმღერებს.  ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი