რეკლამა

215 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა

7 აპრილი, 2016 • 2034
215 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე გახდა

წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები 215 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ახლახანს გახდა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი პირადად იმყოფებოდა წალიკის მუნიციპალიტეტში – მან აქ მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი ხელშეკრულებების გადასცა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის შემდგომ, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა  ეკომიგრანტი ოჯახების სახლები ადგილზე მოინახულეს.

წინა წლებში  სამინისტრო სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს   საცხოვრებელ სახლებს საკუთრებაში არ გადასცემდა. განსახლებული ოჯახების უმეტესობას არ ჰქონდა საკუთრების უფლების განცდა,  რაც ახალ სამოსახლო ადგილზე ადაპტაციის პროცესს ხელს უშლიდა. არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად, სამინისტრომ   სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის განკარგულებით მომზადდა 2004-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების აზომვითი საკადასტრო ნახაზები და ხელახლა დარეგისტრირდა როგორც სახელმწიფო საკუთრებად. ამავე პროექტის ფარგლებში, მათი შემდგომი დაკანონების მიზნით,  ამ  სახლებში მცხოვრები ოჯახები აღწერეს კიდეც.

2016 წლიდან დაიწყო პროცესი,  რომელსაც აჭარისა და სვანეთის რეგიონებიდან  წალკის მუნიციპალიტეტში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახები წლების განმავლობაში ელოდებოდნენ.

ამ ეტაპზე  მთავრობის განკარგულებით საცხოვრებელი ფართი უკვე დაუკანონდა 215 ეკომიგრანტ ოჯახს. სახლებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონების პროცესი გრძელდება და წლის ბოლომდე წალკის, თეთრიწყაროსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრე 1000-მდე ეკომიგრანტი ოჯახი  გახდება.

საცხოვრებელი ფართების დაკანონების პარალელურად, სამინისტრო 2013 წლიდან, სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვის პროგრამასაც ახორციელებს. დღემდე  სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 200-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახისთვის შეისყიდა, წლის ბოლომდე კი უსაფრთხო გარემოში  კიდევ 65 ოჯახი განსახლდება.

სოზარ სუბარმა სამინისტროს მიერ წალკის მუნიციპალიტეტში შესყიდული სახლებიც მოინახულა და ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო. გასულ წელს სამინისტრომ წალკის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის 10 სახლი შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი