ახალი ამბები

წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით – კობა გვენეტაძე

10 ნოემბერი, 2021 • 1697
წლიური ინფლაცია იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, მომავალი წლის მარტის თვიდან შემცირდება წლიური ინფლაცია, თუმცა კვლავ იმაზე მაღალი დარჩება, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ.

„მარტის თვიდან მოხდება წლიური ინფლაციის შემცირება. ეს ალბათ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ადრე ვფიქრობდით, რომ მარტში 6 პროცენტამდე შემცირდებოდა წლიური ინფლაცია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა, ამავე დროს, ხორბლის ფასებიც იზრდება, ვფიქრობ, რომ ეს შემცირება არ იქნება ისეთი, რასაც ადრე ვვარაუდობდით, მაგრამ პროგნოზებში ვითვალისწინებთ იმ ახალ გარემოებებსაც, რომელიც ხდება“, – განაცხადა გვენეტაძემ ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, იმისათვის, რომ ინფლაციის ზრდა „მოლოდინებში არ გადაიზარდოს“, ეროვნული ბანკი გამოიყენებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას.

„პირველი, ეს არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრება“, – განაცხადა გვენეტაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, ოქტომბრის თვეში საქართველოში წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით ინფლაცია 12.8 პროცენტია, ხოლო 2021 წლის საშუალო ინფლაცია 2020 წლის საშუალო ინფლაციას 7.9 პროცენტით აღემატება.

რა გავლენა აქვს ინფლაციის დონეს

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, მიზნობრივი წლიური ინფლაცია ამჟამად 3 პროცენტია, რაც ოქტომბრის მონაცემებით, 9.8 პროცენტით ჩამორჩება საქსტატის მიერ დაანგარიშებულ რეალურ მონაცემს.

ინფლაციას ებმის რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა. ამჟამად ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთად 10.0 პროცენტი აქვს დადგენილი, რომელიც 4 აგვისტოს 0.5 ერთეულით, ივლისის თვის ინფლაციის გათვალისწინებით, გაიზარდა და შემდეგ უცვლელი დარჩა. შემდეგ ჯერზე რეფინანსირების განაკვეთის მოცულობა 8 დეკემბერს უნდა განისაზღვროს.

ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი შარშან, 5 აგვისტოს, 0.25 ერთეულით შემცირდა და 8.0 პროცენტს მიაღწია. ამ თარიღის შემდეგ  ან უცვლელია, ან იზრდება.

როგორც წესი, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციის დონე მაღალია, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ინფლაცია მიზნობრივ მონაცემს ემთხვევა, მაშინ რეფინანსირების განაკვეთი ან უცვლელი რჩება, ან მცირდება.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი