ახალი ამბები

ბათუმის ტრაგედიის გამო ენმ-ს აქცია ზუგდიდში მდუმარე იქნება

9 ოქტომბერი, 2021 • 3388
ბათუმის ტრაგედიის გამო ენმ-ს აქცია ზუგდიდში მდუმარე იქნება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ დღეს ზუგდიდში აქცია დაგეგმილისგან განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და იქნება მდუმარე.

ნეტგაზეთთან საუბარში „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის სპიკერი, ანი წითლიძე ამბობს, რომ აქციას მხოლოდ რამდენიმე გამომსვლელი ეყოლება და არ იქნება ხმაურიანი, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.

ზუგდიდში ენმ აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი.

მანამდე ოპოზიციის შეთანხმებული მერობის კანდიდატმა ბათუმში და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ დაწერა, რომ დროებით წყვეტს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას 12 ოქტომბრამდე წყვეტს „ქართული ოცნებაც“.


ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის სადარბაზოსთან მაშველები აგრძელებენ მუშაობას. ამ დროისთვის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოყვანილია 2 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. დილით ცნობილი გახდა, რომ ნანგრევებიდან ამოყვანილი ინგა მეკეიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე ამოასვენეს 7 ცხედარი, მათგან სამი– ბავშვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულია 3 პირი – პირველ სართულზე არსებული ბინის მეპატრონე და ორი მუშა. უწყება ამბობს, რომ მესაკუთრის დავალებით დაქირავებულმა მუშებმა ხარვეზიანად წარმართეს სარემონტო სამუშაოები, რამაც, საბოლოოდ ნგრევა გამოიწვია.

საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი