ახალი ამბები

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

28 სექტემბერი, 2021 • 7808
რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს – მოკლედ

“რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდადებული, იგი იმსახურებს ციხეს”, — თქვა დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ასე გამოეხმაურა მთავრობის მეთაური მესამე პრეზიდენტის განცხადებას, 2 ოქტომბრისთვის სამშობლოში დაბრუნების შესახებ.

ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო გამოძიება. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, დანარჩენ ორთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

რა საქმეების გამო ემუქრება პატიმრობა სააკაშვილს? “ნეტგაზეთი” გთავაზობთ აღნიშნული საქმეების ჩამონათვალსა და მათ წინაისტორიას მოკლედ:

გირგვლიანის საქმე

მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით.

28 წლის გირგვლიანი 2006 წლის 26 იანვარს შსს-ს თანამშრომლებმა ოქროყანის ტყეში აწამეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. აღნიშნულს წინ უძღოდა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარში დაწყებული კონფლიქტი.

გირგვლიანის საქმეზე შსს-ს 4 თანამშრომელი გაასამართლეს.

თუმცა, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ჩატარებული გამოძიების თანახმად, 2008 წლის 24 ნოემბერს საქართველოს იმჟამინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელი უფროსისთვის, დავით ახალაიასთვის წინასწარ მიცემული უკანონო დაპირების შესაბამისად, საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულებს:

გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს, რის შემდეგაც მათ მიმართ შესაძლებელი გახდა ვადამდე პირობით გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება.

ირინა ენუქიძე, სანდრო გირგვლიანის დედა. ფოტო: CC

პროკურატურის განცხადებით, ამ ქმედებით სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა მისი სამსახურებრივი უფლებამოსილება.

2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალა 1 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს.

სააკაშვილის ადვოკატებმა საქალაქოს გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში უშედეგოდ გაასაჩივრეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გირგვლიანის საქმე განხილული აქვს. სტრასბურგის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი.

ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ „გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება“.  გარდა ამისა, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ… რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“.

საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი სწორედ გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე განახლებული გამოძიების ფარგლებში წარუდგინა.

7 ნოემბრის, “იმედში” შეჭრის, პატარკაციშვილის ქონების საქმე

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც სააკაშვილი ფიგურირებს, 2007 წლის 7 ნოემბერსა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხება. ყოფილ პრეზიდენტს ამ საქმეზე ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი — წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.

საქმის პირველი ეპიზოდი ეხება 2007 წლის ნოემბრის ანტისამთავრობო აქციის მონაწილეთა დარბევას თბილისის ცენტრში, რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენებით.

“…უკანონოდ გამოყენებული იქნა არალეტალური იარაღი (რეზინის ტყვიები), უმოწყალოდ სცემეს ასეულობით მოქალაქე, მათ შორის სახალხო დამცველი, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები. სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა შეშინებულ მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ მაღაზიებსა და აფთიაქებს”, — ამბობს პროკურატურა.

ანტისამთავრობო აქციის დარბევა თბილისში. 2007 წლის 7 ნოემბერი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე.

უწყების თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის მიერ “ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, თბილისში, თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით ტერიტორიაზე, უკანონოდ გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა”.

“[ეს] ემსახურებოდა აღნიშნული ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას, რომ არ მომხდარიყო მოქალაქეთა ხელახალი გამოსვლა და რაიმე სახის პროტესტის გამოხატვა”, — აღნიშნავს პროკურატურა.

ამავე საქმეში ნათქვამია, რომ სააკაშვილის დავალებით, უმაღლესი თანამდებობის პირებმა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს უკანონოდ ჩამოართვეს ტელეკომპანია “იმედი”, რომლის შენობაშიც სპეცრაზმი 7 ნოემბრის საღამოს შეიჭრა. პროკურატურის თქმით, იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ტელევიზიამ 3 158 307 ლარის ზარალი მიიღო.

“მაშინდელი ხელისუფლებისა და მისი მეთაურის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილების ოჯახზე ზეწოლის” დამადასტურებელ ფაქტებად პროკურატურას ასევე მოჰყავს ხსენებული ოჯახისთვის მთაწმინდის პარკისა და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევა.

სააკაშვილთან ერთად ამ საქმეში ასევე ფიგურირებენ ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

ვალერი გელაშვილის ცემის საქმე

საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, ვალერი გელაშვილს, 2005 წლის 15 ივლისს თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე დაესხნენ თავს — იარაღის კონდახებით სცემეს და ფული, ძვირადღირებული ბეჭედი და ცეცხლსასროლი იარაღი წაართვეს.

აღნიშნულს წინ უძღოდა გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია, სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“.

სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ; ასევე, შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა პრეზიდენტისა და პირველი ლედის პირადი ცხოვრების შესახებ.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ვალერი გელაშვილს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით გაუსწორდნენ.

გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილმა, ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, ჯერ თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს, მისგან უარის მიღების შემდეგ კი, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს დაავალა გელაშვილის მიმართ ანგარიშსწორება.

ვალერი გელაშვილი

პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი საქმეზე დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით და იარაღის გამოყენებით და 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაშიც გაასაჩივრა, თუმცა უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 31 ივლისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.

ექსპრეზიდენტს გელაშვილის საქმეზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ამავე, გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია, ასევე, შს ყოფილი მინისტრ ვანო მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, გ.ს-ს მიმართ.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე)

პროკურატურის თანახმად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

პროკურატურის განცხადებით, “დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა” ზემოხსენებული სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ ჯანაშიას.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისა და ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

“ავიღე ბილეთი, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში”

მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ბრალს არ აღიარებს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს დატოვა მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა. გასული წლები ძირითადად უკრაინაში გაატარა, სადაც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.

უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილებით, სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მიუხედავად უკრაინაში საქმიანობისა, სააკაშვილი აქტიურად არის ჩართული საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. გასულ წლებში რამდენჯერმე დააანონსა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა არც ერთხელ ჩამოსულა.

სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნება ბოლოს დააანონსა 2021 წლის 6 სექტემბერს, 27 სექტემბერს კი კიევ-თბილისის ავიაბილეთის ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.

“ჩვენ ყველამ უნდა მივცეთ ხმა და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, და მას შემდეგ, რაც დაიხურება საარჩევნო უბნები, ყველანი უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დავიცვათ ჩვენს მიერ მოპოვებული გამარჯვება.

ამიტომ, მე ვერ ვიქნები ამ პროცესების გვერდით. საქართველოს ბედი წყდება, საქართველოს გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდება და რა თქმა უნდა, ავიღე ბილეთი, როგორც ვთქვი, 2 ოქტომბრის საღამოსთვის”, — დასძინა მან.

სააკაშვილის თქმით, თბილისში ჩამოდის, რათა დაიცვას მოქალაქეთა ნება და მათთან ერთად მიიღოს მონაწილეობა “საქართველოს გადარჩენაში”.

ამავე თემაზე:

რა თქვა მიხომ, ჩამოვდივარო? — ღარიბაშვილი სააკაშვილზე

მასალების გადაბეჭდვის წესი