ახალი ამბები

პანჯშირის ხეობა: ერთადერთი პროვინცია, რომელიც თალიბანს არ დანებდა და ბრძოლას აპირებს

19 აგვისტო, 2021 • 16997
პანჯშირის ხეობა: ერთადერთი პროვინცია, რომელიც თალიბანს არ დანებდა და ბრძოლას აპირებს

“მე დავიცავ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს”, — წერს აჰმად მასუდი, “ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის” ლიდერი ამერიკულ Washinton Post-ზე გამოქვეყნებულ წერილში.

20 წლის შემდეგ თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა, თუმცა მის კონტროლს ჯერ ისევ არ ექვემდებარება პანჯშირის პროვინცია: ხეობა ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომელიც ვერც საბჭოთა კავშირმა დაიკავა 1980-იან წლებში და ვერც თალიბანმა- 1990-იანებში, ხელისუფლებაში პირველად მოსვლისას.

ბოლო დღეებში საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ აწ უკვე დამხობილი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც უარს აცხადებენ დანებებაზე, სწორედ პანჯშირის ხეობაში ხედავენ პოტენციურ კერას თალიბანისადმი წინააღმდეგობისთვის.

“თალიბანისადმი მუჯაჰიდების წინააღმდეგობა ახლა იწყება. მაგრამ დახმარება გვჭირდება”

რთულია იმაზე საუბარი, როგორ წარიმართება წინააღმდეგობა თალიბანისადმი და რამდენად წარმატებული იქნება, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნულისაკენ მოწოდებები უკვე ისმის.

აჰმად მასუდი, რომელმაც ზემოხსენებული წერილი გამოაქვეყნა, ცნობილი სარდლის, აჰმად შაჰ მასუდის ვაჟია. პანჯშირში დაბადებული აჰმად შაჰ მასუდი იყო საბჭოთა ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის მონაწილე, 1996 წლიდან კი სათავეში ედგა “ჩრდილოეთის ალიანსს”, რომელიც ავღანეთში თალიბანის მმართველობას ეწინააღმდეგებოდა.

მასუდი 2001 წელს, 9/11-ის ტერაქტებამდე 2 დღით ადრე, მოკლეს ალ-კაიდას აგენტებმა.

“თალიბანისა და ალ-კაიდას ბრძანებით მისი მკვლელობის მომენტამდე მამაჩემი იბრძოდა ავღანეთის ბედისთვის, მაგრამ ასევე იბრძოდა დასავლეთისთვის. ახლა, ჩემი სამშობლოსთვის ამ ბნელ და დაძაბულ საათებში, ეს საერთო ბრძოლა ისეთი აუცილებელია, როგორც არასდროს.

მე დღეს გწერთ პანჯშირის ხეობიდან და მზად ვარ, გავყვე მამაჩემის ნაკვალევს იმ მუჯაჰიდ მებრძოლებთან ერთად, რომლებიც მზად არიან, კიდევ ერთხელ გაუმკლავდნენ თალიბანს.

ჩვენ გვაქვს საბრძოლო მასალისა და იარაღის მარაგები, რომლებიც მამაჩემის დროიდან მოთმინებით ვაგროვეთ, რადგან ვიცოდით, რომ ეს დღე დადგებოდა”, — აღნიშნავს მასუდი.

აჰმად მასუდის თქმით, მოძრაობა ასევე შეიარაღებულია იმ ავღანელთა აღჭურვილობით, რომლებიც ბოლო 72 საათში შეუერთდნენ მის მოწოდებას პანჯშირის წინააღმდეგობის შესახებ.

“ჩვენ გვყავს ავღანეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცები, რომლებიც შეურაცხყოფილნი არიან თავიანთი მეთაურების დანებებით და ახლა თავიანთი აღჭურვილობით მოემართებიან პანჯშირის გორაკებისკენ. ავღანეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრებიც შეუერთდნენ ჩვენს ბრძოლას”, — ამატებს ის, შემდეგ კი დასძენს:

“მაგრამ, ეს საკმარისი არ არის. თუ თალიბანი დაიწყებს თავდასხმას, ისინი, რა თქმა უნდა, მდგრად წინააღმდეგობას წააწყდებიან ჩვენგან. ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის დროშა იფრიალებს ყველა პოზიციაზე, რომლის დაკავებასაც ისინი შეეცდენიან, როგორც ნაციონალური გაერთიანებული ფრონტის დროშა ფრიალებდა 20 წლის წინ.

[თუმცა] ვიცით, რომ ჩვენი სამხედრო ძალები და ლოჯისტიკა არ იქნება საკმარისი. ის სწრაფად ამოიწურება, თუკი ჩვენი მეგობრები დასავლეთში ვერ იპოვიან გზებს, რომ დაუყოვნებლივ მოგვამარაგონ.

შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დატოვეს ბრძოლის ველი, მაგრამ ამერიკა მაინც შეიძლება იყოს “დემოკრატიის დიდი არსენალი”, როგორც ფრანკლინ რუზველტმა თქვა მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის შესვლამდე, მოტყუებული ბრიტანელების დასახმარებლად”.

აჰმად მასუდი

მასუდი სთხოვს ავღანეთის მეგობრებს დასავლეთში, უშუამდგომლონ წინააღმდეგობის მოძრაობას ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, კონგრესთან და ბაიდენის ადმინისტრაციასთან; ასევე, ლონდონში, სადაც ის სწავლობდა და პარიზში, სადაც მამამისის პატივსაცემად ელისეს მინდვრების ერთ-ერთ ბილიკს ახლა აჰმად შაჰ მასუდის სახელი ჰქვია.

“იცოდეთ, რომ მილიონობით ავღანელი იზიარებს თქვენს ფასეულობებს. ჩვენ დიდხანს ვიბრძოლეთ, რათა გვქონოდა ღია საზოგადოება, რომელშიც გოგონებს შეეძლოთ, გამხდარიყვნენ ექიმები, ჩვენი პრესა თავისუფალი ყოფილიყო, ახალგაზრდებს ეცეკვათ, მუსიკისთვის მოესმინათ და ფეხბურთის მატჩებს დასწრებოდნენ იმ სტადიონებზე, რომელთაც ერთ დროს თალიბანი საჯაროდ სიკვდილით დასჯისთვის იყენებდა – და ეს შეიძლება, მალე განმეორდეს”, — ვკითხულობთ წერილში.

მასუდი ცდილობს დაარწმუნოს დასავლეთი, რომ თალიბანი მხოლოდ ავღანეთის პრობლემა არ არის. მისი თქმით, თალიბანის ხელისუფლების პირობებში ქვეყანა გახდება დასაყრდენი რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისთვის და შეთქმულებებისთვის დემოკრატიათა წინააღმდეგ.

“არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება. ჩემი მუჯაჰიდი მებრძოლები და მე დავიცავთ პანჯშირს, როგორც ავღანეთის თავისუფლების უკანასკნელ ბასტიონს. ჩვენი მორალი მყარია. გამოცდილებით ვიცით, რა გველოდება.

მაგრამ ჩვენ გვჭირდება მეტი იარაღი, მეტი საბრძოლო მასალა და მეტი მარაგი. აშშ-სა და მის დემოკრატიულ მოკავშირეებს ავღანელებთან მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლა არ აქვთ საერთო.

ჩვენ ახლა გვაქვს გრძელი ისტორია, რომელიც შედგება საერთო იდეალებისა და ბრძოლებისგან. კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ თავისუფლების საქმეში დასახმარებლად. თქვენ ხართ ჩვენი ერთადერთი დარჩენილი იმედი”, – ამბობს მასუდი წერილის ბოლოს.

“თალიბანს ომი არ მოუგია. აშრაფ ღანი დანებდა”

ყოფილი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელმაც არ ცნო თალიბანის მმართველობა და პანჯშირის წინააღმდეგობაზე ალაპარაკდა, ტაჯიკეთში ავღანეთის ელჩი, ზაჰირ აღბარია.

აღბარის განცხადებით, პანჯშირი წინააღმდეგობის კერა იქნება ამრულა სალეჰის – ავღანეთის აწ უკვე დამხობილი ხელისუფლების პირობებში ვიცე-პრეზიდენტის – ლიდერობით.

ამრულა სალეჰმა ტვიტერზე 17 აგვისტოს ღამით დაწერა, რომ ავღანეთში რჩება და მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი გაიქცა, მისი მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია.

ამრულა სალეჰი. ფოტო: EPA

“ჩვენ, ავღანელებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი… შეერთებული შტატებისა და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სული არ დაგვიკარგავს და წინ უზარმაზარ შესაძლებლობებს ვხედავთ.

უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას”, – აღნიშნა მან.

სალეჰს არ დაუკონკრეტებია, სად იმყოფება, თუმცა მიმდინარე დღეებში, თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ, გავრცელდა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ ამრულა სალეჰი და აჰმად შაჰ მასუდის ვაჟი, აჰმად მასუდი, ასევე თავდაცვის მინისტრი ბისმილა მუჰამადი ერთ ოთახში სხედან. ფოტო, სავარაუდოდ, პანჯშირის პროვინციაშია გადაღებული.


“მე ვერ ვიტყოდი, რომ თალიბანმა ომი მოიგო. ეს აშრაფ ღანი დანებდა თალიბანთან მოღალატეობრივი მოლაპარაკებების შემდეგ. მხოლოდ პანჯშირშია წინააღმდეგობა, ვიცე-პრეზიდენტის, ამრულა სალეჰის ლიდერობით. პანჯშირი ძლიერად დგას ყველას წინააღმდეგ, ვისაც ხალხის დამონება სურს”, – ციტირებს ავღანეთის ელჩს ტაჯიკეშტი სააგენტო Reuters.

სააგენტოს ცნობით, ელჩმა აღბარიმ თავის კაბინეტიდან აშრაფ ღანის პორტრეტი ჩამოხსნა და ამრულა სალეჰის სურათით ჩაანაცვლა.

საერთაშორისო მედიის თანახმად, თალიბანს ჯერჯერობით არ შეუტევია პანჯშირის მთიანი, რთული რელიეფით გამორჩეული ხეობისთვის. უცნობია, როგორ უპასუხებს ხელისუფლებაში მოსული დაჯგუფება წინააღმდეგობისაკენ მოწოდებებს და ოპონენტთა მობილიზებას.

სად არის აშრაფ ღანი?

ამჟამად უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ავღანეთი 15 აგვისტოს, ქაბულში თალიბანის მებრძოლების შესვლის პარალელურად დატოვა. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

თუმცა 18 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ღანი არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი “ჰუმანიტარული მიზეზებით” მიიღო.

ამავე დღეს აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც გაიმეორა, რომ ქვეყანა სისხლისღვრის თავიდან ასარიდებლად დატოვა.

აშრაფ ღანი. ფოტო: EPA-EFE/HEDAYATULLAH AMID

მისი განცხადებით, ასევე სურდა, ავღანეთი იემენსა და სირიას არ დამსგავსებოდა, ასევე, თავიდან აეცილებინა “ჩამოხრჩობის საშინელი კატასტროფა”, თუ თანამდებობაზე დარჩებოდა.

“მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ განმეორდებოდა ის, რაც მოხდა 25 წლის წინ, თუ მე ავღანეთის პრეზიდენტის [თანამდებობაზე] დავრჩებოდი. მე ჩამომახრჩობდნენ ავღანელი ხალხის თვალწინ და ეს იქნებოდა საშინელი კატასტროფა ჩვენს ისტორიაში”, – ციტირებს მას CNN.

თალიბანი ხელისუფლების სათავეში

თალიბანმა ავღანეთზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ამერიკულმა ძალებმა ავღანეთი დატოვეს. ქვეყანა დატოვეს ნატოს წევრმა და მოკავშირე ქვეყნების სამშვიდობო მისიებმაც.

გასულ კვირებში თალიბანმა ავღანეთის ყველა საკვანძო ქალაქი დაიკავა, დედაქალაქ ქაბულში შესვლა კი 15 აგვისტოს დილიდან დაიწყო. დაჯგუფებამ ჯერ ქალაქის გარეუბნები დაიკავა, დღის ბოლოს კი პრეზიდენტის სასახლეშიც შევიდა.

თალიბანი ამბობს, რომ “ინკლუზიური, ისლამური მთავრობის” შექმნა სურს სხვადასხვა ფრაქციებთან ერთად, ოპოზიციონერებისთვის “ამნისტიას” გამოაცხადებს, ქალებს კი განათლებისა თუ მუშაობის უფლება არ შეეზღუდებათ. დაჯგუფება დასძენს, რომ “მხარს უჭერს ქალთა უფლებებს შარიათის ფარგლებში”.

თალიბანის პირველი პრესკონფერენცია. ფოტო:EPA-EFE/STRINGER

თალიბანის წარსულიდან და 90-იან წლებში მისი მმართვლობის სისასტიკიდან გამომდინარე, ამ დაპირებებს ეჭვის თვალით უყურებს მრავალი ადამიანი ავღანეთის შიგნით თუ გარეთ და დაჯგუფების ხელისუფლების პირობებში ძალადობის რისკებს ხედავს.

ამ ფონზე, უკვე ვრცელდება ინფორმაცია ქალთა  საჯაროდ ცემისა თუ იძულებითი დაქორწინების შესახებ. ერთ-ერთი ცნობის თანახმად კი, შეიარაღებულებმა გასულ თვეში მოკლეს ქალი, რომელმაც ისინი საკვებით არ უზრუნველყო.

ამავე თემაზე:

ავღანეთი: დაუსრულებელ ქაოსში გახვეული ქვეყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი