საზოგადოება

7 საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია

1 ნოემბერი, 2021 • 22216
7 საკრებულო, რომელიც ოპოზიციურია

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 7 საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა.

ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ოპოზიციამ ჯამურად მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე “ქართულმა ოცნებამ”,  თუმცა ერთპიროვნული უმრავლესობა არც ყველაზე კარგი შედეგის მქონე ოპოზიციურ პარტიას — “ნაციონალურ მოძრაობას” მოუპოვებია, შედეგად სხვადსხვა გადაწყვეტილებების მისაღებად, მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად პარტიებს ურთიერთთანამშრომლობა დასჭირდებათ. ჩამოთვლილ საკრებულოებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, ვისთან ითანამშრომლებს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის”.

“ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ “მოღალატის პარტიასთან” არ ითანამშრომლებს, მაგრამ უმრავლესობას მაინც შეკრავს იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც, სადაც ამისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო — ფაქტობრივად, დაადასტურა რა, რომ ცალკეული დეპუტატების გადაბირებას შეეცდება. არჩევნების შემდეგ, პარტია “საქართველოსთვის” დატოვა ორმა წევრმა, რომელთაგან ერთი — ბათუმის, ხოლო მეორე წალენჯიხის საკრებულოში იყო არჩეული. არცერთ მათგანს მანდატზე უარი არ უთქვამს და განაცხადეს, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებენ მუშაობას. პარტიაში, თავის მხრივ, ამბობენ, რომ ისინი “ქართულმა ოცნებამ” მოისყიდა.

ბათუმის საკრებულოს არჩეულმა წევრმა გახარიას პარტია დატოვა

“ნეტგაზეთმა” თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ფორმულის მიხედვით დაითვალა, როგორ ნაწილდება მანდატები ოპოზიციურ საკრებულოებში, თუმცა საჩივრების და გადათვლების პარალელურად, გამორიცხული არ არის, მონაცემები შეიცვალოს, როგორც ეს მოხდა ზუგდიდში პირველი ტურში.

“ოცნება” ზუგდიდის 4 უბნის გადათვლას ითხოვს, რამაც შეიძლება შედეგები შეცვალოს

ბათუმი

თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულო 35 წევრისგან შედგება. აქედან 7 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 28 — პროპორციულით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სადეპუტატო მანდატები შემდეგმა პარტიებმა მოიპოვეს:

  • “ქართული ოცნება” — 16
  • “ნაციონალური მოძრაობა” — 15
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 3
  • “ლელო” — 1

შესაბამისად, ოპოზიციურმა პარტიებმა ბათუმის საკრებულოში 19 წევრი შეიყვანეს, თუმცა ერთმა წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ გახარიას პარტია დატოვა და დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ის, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე.   გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციას დაიკავებს პარტია “საქართველოსთვის” ორი დარჩენილი წევრი.

ზუგდიდი

ზუგდიდის საკრებულო პროპორციული წესით არჩეული 30 წევრისგან და 15 მაჟორიტარისგან კომპლექტდება. მეორე ტური ზუგდიდში მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატმა ირაკლი ჯანაშიამ ენმ-ის კანდიდატ ზვიად ჯღარკავას სძლია. შედეგად, ზუგდიდის საკრებულო შემდეგნაირად დაკომპლექტდება:

  • ენმ — 22
  • “ქართული ოცნება” — 20
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 3 მანდატი

წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 27 წევრისგან, რომელთაგან 18 პროპორციული წესით აირჩევა, 9 — მაჟორიტარულით. 30 ოქტომბერს წალენჯიხის საკრებულოს არჩევნებში მეორე ტური 5 მაჟორიტარულ ოლქში იმართებოდა. წინასწარი მონაცემებით, აქედან 4-ში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, 1-ში — “ქართულმა ოცნებამ”.

პირველი და მეორე ტურის შედეგების გათვალისწინებით, მანდატები საკრებულოში შემდეგნაირად განაწილდა:

  • ენმ — 11
  • “ქართული ოცნება” — 11
  • “ლელო” — 1
  • პარტია “საქართველოსთვის” — 4.

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, პარტია “საქართველოსთვის” დატოვა პროპორციული სიით გასულმა ერთმა წევრმა ნანა ლემონჯავამ, რომელიც საკრებულოში დამუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება. კოალიციური თუ თემატური უმრავლესობის შესაქმნელად, გადმწყეტი მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციას დაიკავებს გახარიას პარტიაში დარჩენილი 3 წევრი.

მარტვილი

36 წევრისგან არის დაკომპლექტებული მარტვილის საკრებულო. აქედან 24 წევრი პროპორციული წესით აირჩევა, 12 კი მაჟორიტარი დეპუტატია. “ქართული ოცნების”, ენმ-ისა და პარტია “საქართველოსთვის” გარდა, მარტვილის საკრებულოში “ევროპელი სოციალისტები” და “ევროპული საქართველოც” იქნებიან წარმოდგენილი:

  • ენმ — 11
  • “ევროპელი სოციალისტები” — 4
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 5
  • “ქართული ოცნება” — 15
  • “ევროპული საქართველო” — 1

ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგებით, „ქართული ოცნება“ საკრებულოში უმრავლესობას კარგავს:

  • “ქართული ოცნება” — 12
  • ენმ — 7
  • „ლელო” — 1
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 7

საკრებულო 27 წევრისგან შედგება. 18 მათგანი პროპორციული წესით აირჩევა, ხოლო 9 – მაჟორიტარული წესით. საკრებულოს თავმჯდომარის დანიშნვას 14 წევრის ხმა სჭირდება. შესაბამისად, „ქართული ოცნება“, ამ შედეგებით, დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ორგანოს გაკონტროლებას.

რუსთავი

რუსთავის საკრებულო 35 წევრისგან შედგება, აქედან 7 მაჟორიტარული, 28 კი პროპორციული წესით აირჩევა. წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საკრებულო შემდეგნაირად კომპლექტდება:

  • ენმ — 16
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 3
  • “ქართული ოცნება” — 16

რუსთავის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” და ენმ-ს თანაბარი რაოდენობის დეპუტატები ეყოლებათ. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება იმაზე იქნება დამოკიდებული, რა პოზიციას დაიკავებს გახარიას პარტიის სამი დეპუტატი.

სენაკი

სენაკის საკრებულო 33 წევრისგან შედგება. აქედან 11 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 22 — პროპორციულით. წინასწარი მონაცემებით, სენაკის საკრებულოში მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ენმ — 13
  • “გახარია — საქართველოსთვის” — 4
  • “ქართული ოცნება” — 16

რაც შეეხება მერის არჩევნებს, წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელშიც ოპოზიციური კანდიდატი იმარჯვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, დათვლილია უბნების 100%. ამ შედეგებით, ენმ-ის კანდიდატ გიორგი ხარჩილავას ხმათა 51.107% აქვს, მის კონკურენტს “ქართული ოცნებიდან”, გოგა გულორდავას კი — 48.893%.

მასალების გადაბეჭდვის წესი