ახალი ამბები

ზალკალიანის თქმით, აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის პროტოკოლები გაუქმდება

19 მაისი, 2014 • • 1468
ზალკალიანის თქმით, აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის პროტოკოლები გაუქმდება

როგორც დავით ზალკალიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დღეს, 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. 

 

როგორც ზალკალიანი ამბობს, იტალიის ოფიციალურმა მხარემ საქართველოს აცნობა, რომ პროტოკოლები, რომელიც აფხაზეთისა და იტალიის რამდენიმე ქალაქს შორის გაფორმდა, არ წარმოადგენს იტალიის ოფიციალურ პოზიციას აფხაზეთთან დაკავშირებით. 

 

“ეს არის ძალიან მცირე ქალაქები, მაგრამ მაინც ჩვენ მივმართეთ საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. ეს პროტოკოლები ბათილად იქნება ცნობილი. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროტოკოლების გაფორმება პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება,”- განაცხადა ზალკალიანმა. 

 

აფხაზეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, აფხაზეთისა და იტალიის ქალაქებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლებს ხელი 12 და 16 მაისს მოეწერა. 

 

“იტალიის ქალაქ სანტ-ანტიოკოში, მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ პროტოკოლებს სანტ- ანტიოკოსა და სოხუმს, სან-ჯოვანისა და ბიჭვინთას, და კაზალეტსა და ახალ ათონს შორის მოეწერა. აფხაზეთის მხარიდან ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ სოხუმისა და ბიჭვინთის ადმინისტრაციების ხელმძღვანელები- ალიას ლაბახუა და ბესლან არძიმბა, იტალიის მხრიდან კი, ქალაქების მერები – მარიო კორონჯიუ, ფედერიკო პალმასი და ანტონიო ვიგო. ღონისძინებაში ასევე მონაწლეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის აღმასრულებელი დირექტორი ალხაზ ჩოლოკუა,”- წერია აფხაზეთის საგარეო უწყების მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი