ტექნოლოგიები

დამოუკიდებლობის დღე და “ბართლომეს ღამე”

7 ივნისი, 2011 • • 1934
დამოუკიდებლობის დღე და “ბართლომეს ღამე”

 

დამოუკიდებლობის დღე თუ ბართლომეს ღამე?

ქართველებს თარიღები იმდენად გვიყვარს, რომ ვცდილობთ, ყველა მოვლენას შორის გარკვეული პარალელები გავავლოთ. ასე არის მაშინ, როდესაც რაიმე სახელმწიფოებრივ წარმატებას მივაღწევთ და დიდგორის ბრძოლა გვახსენდება, ასე არის მაშინ, როდესაც ჩვენი საფეხბურთო ნაკრები ივაჟკაცებს და 1981 წლის ფინალს გვაგონებს, ასე არის მაშინ, როდესაც რუსი დეპუტატები რაიმე ცუდს იტყვიან ჩვენზე (გაუჭირდებათ) და მყისიერად აგვისტოს ომი მოდის ასოციაციაში და ასე იყო მაშინაც, როდესაც 26 მაისს პარლამენტის წინ მიტინგი დაარბიეს, რითაც საშუალება მოგვცეს ერთბაშად 7 ნოემბერიც, 9 აპრილიც და რატომღაც ბართლომეს ღამეც (რომლის დროსაც ათასობით ჰუგენოტი გაწყვიტეს) გაგვხსენებოდა. საყოველთაო პულსაციას კი თითი ბლოგერებმაც დაადეს და შესაბამისად, აქციებთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გავრცელდა.  ასე მაგალითად, prodigycow-მ  ამბის ზღაპრული ვერსია და „უწყნეთისაგარაკო პოლიტიკოსი ქალის“ „სევდიანი ისტორია“ ერთდროულად წარმოადგინა. პოსტი „ველური vs მხეცი“ ძირითადად მომხდარი მოვლენების აღწერაა. თუმცა, თხრობის სტილი პირად აზრს ყველაზე კარგად გამოხატავს: „გავიდა ხანი, და მან, ვინც სიცხეში წყნეთში ვეღარ ისვენებს, გადაწყვიტა, რომ მორფინისტებიც შეიძლება გაბეზრდნენ ბელაჩაოს მოსმენით. გაბეზრდნენ, და სახლებში წავიდნენ. ამიტომაც, მუხტის შემოტანა გადაწყვიტა. აქციების დაწყებიდან მეხუთე დღეს, მან თავისი ჰუნები კოსტავადან აყარა, და პარლამენტის წინ დააბანაკა. მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩაშლა განიზრახა“

მართალია, მწყერი ხეზე ვერც ამჯერად შეჯდა, მაგრამ ზურიუსის აზრით ერი თუ ოპოზიცია მინიმუმ მიტინგებზე მაინც არის შემჯდარი და ერთი მიტინგი თუ არ შეიშხაპუნა ვენებში დროდადრო, ისე ვეღარ ძლებს.  „მიტინგებზე შემჯდარი ერი“-ს თავი და ბოლო იმ ოპოზიციის უთავბოლობაზე საუბარია, რომელსაც მიტინგი თავისი არსებობის შესახსენებელ მექანიზმად აქვს გადაქცეული: „შედეგად, საზოგადოების დიდ ნაწილს ისევ “შეჩვეული ჭირი” ურჩევნია მერამდენედ ქუჩაში მოტყუებით ღამისთევასა და სკანდირებას. ურჩევნია, ისევ სააკაშვილს ვერ იტანდეს და იცოდეს, რომ არ ენდობა, ვიდრე ოპოზიციას, რომელიც სახლებიდან გამორეკავს, გამარჯვების იმედს რამდენიმე საათით ჩაუსახავს, მერე კი შებრუნდება, ერთმანეთს დაერევა და გაბანძებულ ხალხს ცხვრის ფარასავით ტოვებს. უკვე მერამდენედ ძიძგნიან ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ჯერ არმიღწეული მიზნისათვის“

თუკი ამბის ემოციური კუთხით დანახვას მოისურვებთ, შეგიძლიათ მშვიდობიან ბლოგზე შეხვიდეთ და „მაშინ, როცა…“ წაიკითხოთ. პოსტი პათეტიკის ზღვარზეა დაწერილი (თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს საზღვარი მაინც არ იკვეთება) და იმ უნიკალურ ჰიპოთეზაზე არის აგებული, რომ ერთმორწმუნე ერები ან ერთი და იმავე ეროვნების წარმომადგენელი ადამიანები ერთმანეთს არ უნდა ერეოდნენ. აღნიშნულ ჰიპოთეზას კი, თუ ისტორიასაც შევავლებთ თვალს, ჰიპოთეზად გარდაქმნა არასოდეს უწერია:  “ამ ყველაფრის შემხედვარეს გული მტკივა, რომ ქართველებს არ ესმით ერთმანეთის და ერთმანეთს ჭამენ (რაოდენ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს). მახსენდება ერთი კვირის წინ ქალაქ სამსუნთან არსებული სასადილო, სადაც თურქმა სკორპიონსმა ორ ქართველს გვითხრა: ,,მე, როგორც მუსულმანმა, მინდა პატივი გცეთ, როგორც ჩემს ქრისტიან ძმებს”… საოცარია: თურქ მუსულმანს შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს ქართველი ქრისტიანი; ქართველი კი ერთმორწმუნე ქართველის დამხობაზე ფიქრობს!”

ორი-სამი სიტყვა ახალგაზრდების მიერ დარბევის შემდგომ გამართულ საპროტესტო აქციაზეც უნდა ვთქვათ. თუმცა, „ორ-სამზე გაცილებით მეტი სიტყვით“ ამ საკითხზე ანი ჭანკოტაძე წერს. რეჟიმის ახალი ფაზა „ავტორიტარული წყობის განვითარებაზე“ მიუთითებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს საერთაშორისო (ანუ, ამერიკულ) ჭეშმარიტებას – ხელისუფლების შესანარჩუნებლად ადამიანები მტრის ხატის შექმნის მეთოდს რომ იყენებენ ხოლმე: “ხელისუფალთა ერთადერთი და ურყევი არგუმენტი კი რუსეთია. ამ არგუმენტს ამოფარებულები, ისინი თავს პრაქტიკულად ყოველგვარი ცოდვის ჩადენის უფლებას აძლევენ. _ დემოკრატია კარგია, მაგრამ თქვენ რომ აქ მიტინგები აწყოთ ეს ვის უხარია? _ბაბაია რუსეთს. სოციალური რეფორმები კარგია მაგრამ რუსეთის ფონზე მაგისთვის არ გვცალია, სიტყვის თავისუფლებაც კარგია მაგრამ აგერ, რუსეთი გვყავს, დიდი, მტრულად განწყობილი მეზობელი და… რუსეთი უახლოესი რამდენიმე ასწლეული რუკიდან არ გაქრება და სულ იქნება ჩვენი მეზობელი…”

მეტრში, ავტობუსში, ქუჩაში, მშობლების სახლში

საზოგადოებრივი ტრანსპორტი – მეტრო და ავტობუსი – ვისთვის არაკომფორტულობის ზეობაა (ამ მთავრობას რა ვუთხარი, ტაქსით რომ ვერ დადიან), ვისთვის – სუნიანი ადგილი (და ხალხს ბანაობისკენ მოუწოდებს), ვისთვის – წიგნის საკითხავი ტერიტორია (თუ მოახერხეს დაჯდომა), ვისთვის – გადაადგილების საშუალება და ვისთვის – შთაგონების წყარო. ასე შთაგონდა, მაგალითად გვირილა და მიწისქვეშ ერთი უბრალო ჩასვლა მოგვიანებით პოსტად გარდაქმნა. მის მიერ „მეტროში“ აღწერილი სიტუაცია (თავქუდმოგლეჯით მორბენალი ხალხითა და ცხვირწინ დახურული კარებით, რომელიც დაკეტვამდე არავინ დაიჭირა) ნაცნობი იქნება ყველასთვის (გარდა Face-ბისა. მაგათ ხომ არ ეკადრებათ იქ ჩასვლა), ვისაც მეტროთი ერთხელ მაინც უმგზავრია: “სმენადახშული” ადამიანები და ინტერესი მათი მუსიკისადმი. აბსურდული ვარაუდი, რომ არც ერთ მათგანს არ ექნება ერთი საერთო მუსიკაც კი… გარბიან, გეჯახებიან… საპირისპიროდ და შენი მიმართულებით… ალბათ უმრავლესობას არც ეჩქარება და აქაც ბრბოს მომენტია – ერთი გარბის და დანარჩენები მიყვებიან… ერთ გაჩერებაზე მოსული მესიჯი და მეორე გაჩერებაზე გაგზავნილი პასუხი. ამ მესიჯისგან გამოწვეული ღიმილი და უფრო მეტი მზერა”

შთაგონების წყარო გახდა ყვითელი ავტობუსიც, რომელსაც სხვები მხოლოდ აქილიკებენ (და მიკვირს, დღემდე რომ არ გაწითლებულა ამის გამო). სწორედ ამ ავტობუსის წინა სავარძელზე ჯდომისას ჩაუფიქრდა კანარიო ამ ცხოვრებას და ფიქრების პირდაპირ რეპორტაჟში დაასკვნა, რომ ბავშვობა თვალსა და ხელს (ჩემი აზრით კი, დაბადებასა და ოც წელს) შორის გარბის: “შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვედი… ბავშვები “წრეში ბურთს” თამაშობდნენ, ბურთი გამოუგორდათ და გადავუგდე… თქვენობით მომმართა ერთმა.. შევცბი! ლამის ვიყვირე:არ მინდა დიდობამეთქი! მათ ადგილას წარმოვიდგინე თავი და გამახსენდა, ადრე, მე-11 კლასელებს რომ შევყურებდი ხოლმე, რამხელები მეგონნენ… მე მე-12 დავამთავრე ორი დღის წინ… მეწყინა.. მეტკინა.. გული დამწყდა, არადა ერთი-ორი წლის მერე მაგხელებთან ბურთით რომ ვითამაშო, ხალხი სიცანცარეს მიაწერს ჩემს საქციელს”

თუმცა, გაზრდა ნამდვილად ვერ შველის იმ ფაქტს, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ქუჩაში ნაგავი უგზოუკვლოდ რომ მოისროლოს და საკუთარ სინდისთანაც კარგი დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდეს. ქუჩის დაბინძურების პრობლემით დასუფთავების სამსახურთან ერთად ამჯერად ცინიკოსიც დაინტერესდა და წელში გამართულ, მოაზროვნე თუ სხვა სახეობის ადამიანის გვერდით მისი ახალი ჯიში – ადამიანი მენაგვეც გამოიყვანა: “მე მაინტერესებს სახლში სადილის შემდეგ ნარჩენებს იატაკზე თუ ყრით, ან ჭურჭელს თუ ამსხვრევთ, ალბათ არა, აბა ქუჩა დიდია და ერთი ძირს დაგდებული ლობიანის ნატეხი არ დაეტყობა?მე მიმაჩნია, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს არ გააჩნიათ ცოტაოდენი შეგნებაც კი. ცხოველებიც მათზე უკეთესად იქცევიან”

ქუჩიდან სახლში თუ დავბრუნდებით (შეყვარებულთან ერთად) დიდი შანსია გარკვეულ აკრძალვებს აქაც წავაწყდეთ. „ადგილი, სადაც სექსი აკრძალულია“ dreamer-ის პოსტია, სადაც ის იმ ტრადიციაზე წერს, რომლის მიხედვითაც მშობლების სახლში ქორწინებამდელი სექსი უხამსობად, სიბილწედ და „ამას როგორ ვაკადრებ მშობლებს“ დამოკიდებულებად ითვლება: “მშობელთა უმეტესობამ იცის, რომ მის შვილს აქვს სექსუალური ურთიერთობა, თუმცა მისთვის მთავარია ეს “ბინძური ქმედება” არ ჩაიდინოს სახლში და სადაც უნდა იქ “უქნია”. რადგან ქართველ ახალგაზრდათა უმეტესობას არ აქვს ცალკე ცხოვრების საშუალება, მას უწევს სექსით დაკავდეს სადარბაზოებში, სახურავებზე და სასაფლაოებზეც კი! წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ სხვა ახსნას ვერ ვუძებნი, რატომ შეიძლება ადამიანი დაკავდეს მსგავს ბინძურ და არაკომფორტულ ადგილებში სექსით”

ერთი ახალი ბლოგი

ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად კოღოების არმიის გააქტიურება სულ უფრო მეტად იგრძნობა. იგრძნობა ყურებში (ყურისწამღები წუილის სახით) და სხეულის სხვადასხვა ნაწილში (ქავილის აუტანელი სურვილის წყალობით). ცოტა კომიკურია კოღოს სისხლისმსმელი მხეცი უწოდო, მაგრამ რეალობა ასეთია. მეტიც, კოღოების პოპულარობა იმდენად დიდია, რომ მათ ადამიანები პოსტებსაც კი უძღვნიან. „კოღოები“ პირველი პოსტია, რომლითაც „სიბრძნე სიყრუისა“-ს ბლოგმა არსებობა დაიწყო. აქვე შეგიძლიათ ნახოთ კონკიას (დღემდე ყველას სათნო და სპეტაკი გოგონა რომ გვეგონა) უარყოფითი თვისებების ანალიზი („როგორც ცხადში, ასევე ზღაპარშიც მნიშვნელოვანია ვინაა შენი ნათლია, ან სხვანაირად რომ ვთქვათ შენი და შენი ოჯახის ნაცნობობა“) და წაიკითხოთ ადამიანების ერთი (მორიგი) უარყოფითი მხარის შესახებ, როდესაც ისინი ზურგსუკან ვიღაცაზე გატაცებით ჭორაობენ, ქება კი უმეტეს შემთხვევაში, აზრადაც არ მოსდით: “არა მაინც რა შესაშური ენთუზიაზმით შეუძლიათ ადამიანებს ზურგს უკან ერთმანეთზე საუბარი. ასეთივე ენთუზიაზმით რომ მუშაობდეს ვინმე აყვავდებოდა ერიც და კაცობრიობაც. ოღონდ ალაპარაკე, ო-ღ-ო-ნ-დ-ა-ც ცუდი ალაპარაკე, გააჭორინე და დააგმობინე და არაფერი ამაზე მეტი იმ მომენტში არ უნდათ”

პ.ს: შერონ სტოუნი გვიმყოფოს კარგად ღმერთმა და სხვა რა გვიჭირს…

მასალების გადაბეჭდვის წესი