ტექნოლოგიები

“ჯიგრული” სექსი და ბლოგერების “გაყიდული სულები”

20 მარტი, 2011 • • 3070
“ჯიგრული” სექსი და ბლოგერების “გაყიდული სულები”

დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, სექსზე ან ჰომოსექსუალებზე წერას პოპულარობა რომ მოაქვს. მცირე წრეეებში, რა თქმა უნდა, თორემ ისეთი პოპულარული ბლოგერი, მისკენ ქუჩაში უცნობებმა მასობრივად თითი რომ  გაიშვირონ და  „ნახე! ეს ის არ არისო?“ ჩურჩულით რომ თქვან, ჯერ არ გამოჩენილა. აღნიშნულ თემებზე ზოგი ანონიმურად წერს, ზოგი მოგონილი სახელით, ზოგი მოგონილი სქესით და ზოგი საერთოდ მოგონილი წარსულითაც. ამ დროს კი ბლოგერების დანარჩენი ნაწილი იმაზე ბჭობს, თუ რა ეპიზოდებში იტყუება ავტორი, ან სინამდვილეში ვინ დგას პლაზმური მონიტორის უკან. სწორედ ამგვარი თემატიკის პოპულარაბას გამოეხმაურა ნიკსოლოგი პოსტში „ჯიგრული“ სექსი და ჰომოსექსუალები, სადაც ის ბლოგერებს აკრიტიკებს და „თვალსაწიერის გაფართოვებისკენ“ მოუწოდებს: ბლოგერები ერთმანეთს უმტკიცებენ სექსუალური ცხოვრების სიამტკბილობას მაშინ როდესაც შესაძლოა საერთოდაც არ აქვთ მათ სექსის გამოცდილება (ნუ აქაც მცირე გამონაკლისის გარდა) და ასევე დიდი ზარზეიმით გაიძახიან, რომ ჰომოსექსუალთა (ჰო, კონკრეტულად, სწორედ მათზე კეთდება ხოლმე აქცენტი) უფლებები იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ ზოგიერთი მათგანი ჰეტეროსექსუალებთან შედარებით ბევრად უფრო საყვარელია და ჭკვიანი. ასე ფიქრობენ და როგორ?! რას ამბობ?! რა სისულელეა კაცო?!

თუმცა, სანამ ბლოგერები საქვეყნო პოპულარობას მიაღწევდნენ და ისეთ ძალას შეიძენდნენ, რომ მათით შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდეს, ასპარეზზე “მდგრადი განვითარების სამინისტრო” გამოჩნდა. „ვის მიყიდეს სული ბლოგერებმა?“ ბლოგერების ვერა ქობალიასთან შეხვედრისა და მათი „გარიგების“ დეტალებს გვამცნობს. თანამშრომლობის მიზანი ქვეყანაში ტურიზმის პოპულარიზაციაა, გზები – სხვადასხვა, რომელთა შესახებაც Katiee ჩვეულ სტილში, მოკლე და გასაგები ფრაზებით წერს. თუმცა, ტექსტის სიცხადის მიუხედავად, რა თქმა უნდა, მაინც გამოჩნდება სკეპტიკოსი შორსმჭვრეტელი და აგდებული ტონით აღნიშნავს, „სახელმწიფომ თავისი ბანჯგვლიანი თათის ფათური უკვე ბლოგერების შეურყვნელ სულებშიც რომ დაიწყო“.

ამასობაში, სამყაროს აღსასრულიც დროებით გადაიდო. ცხრამეტმა მარტმა ისე უხმაუროდ და უპრეტენზიოდ ჩაიარა, მიწისძვრა რომ მიწისძვრაა, იმასაც კი არ წავუზანზარებივართ ცოტა. საამთარიღოდ დაწყებულ პანიკას გამოეხმაურა მარიშკა პოსტში „დატკბი ცხოვრებით!“, სადაც „ნუ გეშინიათ კატაკლიზმების, ხომ შეიძლება გამოხვიდე და თავში ქოთანი დაგეცეს (ეს მოულოდნელი სიკვდილის ყველაზე გავრცელებული ვარაუდია)“ პათოსით ადამიანებს შეგვახსენა, რომ ისედაც მოკვდავები ვართ, რის შემდეფგაც ერთი–ორი უკმეხი სიტყვით ტელევიზიებსაც შეეხო: დიახ,ჩვენ მოვკვდებით! ყველა მოვკვდებით! მერე რა?! –არაფერი!ოდესმე ყველა მოვკვდებით! ამ აზრს ადამიანი დაბადებისთანავე უნდა შეეგუოს,უნდა იცოდეს,რომ ის ადრე თუ გვიან მოკვდება! ეს სამყარო დროებითია! ჩვენ ამ ქვეყნის სტუმრები ვართ! რატომღაც ამას ადამიანები ვერ აცნობიერებენ,ცხოვრება მარადიული ჰგონიათ და სწორედ ამიტომ ვარდებიან პანიკაში

არავითარი ბიზნესი, მხოლოდ პირადული

„მე ხომ ბედი არა მაქვს“, „ჩემი ბედის რა ვთქვი“, ან „ბედი გინდა ადამიანს ყველაფერში“ ტიპის ფრაზებს თითქმის ყველგან მოკრავთ ყურს. თუმცა, ბედს თურმე იუმორის კარგი გრძნობაც გააჩნია. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუ ბალას ბლოგზე შევალთ და „პურისა და ნეირონების“ ურთიერთკავშირის შესახებ წავიკითხავთ. ამბავი ისეთია, კარგი რეჟისორი მასზე კარგ მოკლემეტრაჟიან ფილმს რომ გადაიღებს. საუკეთესო სცენარისტი კი უდავოდ ბედია: გათენდა მეორე დილა, არც თუ ისე თბილი, თითქოს თოვლიანი, თითქოს წვიმიანი; მოკლედ, ძნელია ამ ნალექს ზუსტი დეფინიცია მოუძებნო. ტრადიციულად ლექციაზე მაგვიანდება და სრული სვლით ჩავრბივარ მეტროსკენ (თემქიდან სარაჯიშვილის მეტროსკენ რომ უსაშველოდ გრძელი კიბეებია, იმის გავლით), შევდივარ მეტროს სადგურში დაჯანდაბა! ბარათზე ანგარიში გამომლევია. ვბრუნდები სალაროსთან, ვხსნი საფულეს დაისევ ჯანდაბა! ფულის აღება დამვიწყებია ბანკომატიდან…“ – გაგრძელება უფრო საინტერესოა. ასე რომ თუნდაც ძვირფასი დრო მის წასაკითხად დიდად ნუ დაგენანებათ.

თუმცა, ისეთი შემთხვევებიც არსებობს, როდესაც ბედზე უფრო ძლიერი აქტორიც გამოჩნდება ხოლმე მშობლების სახით და შვილის ბედსაც უმოწყალოდ ცვლის. იმ ტიპის შეცვლას ვგულისხმობ, ექიმი მშობლების შვილს სამედიცინოზე რომ აბარებინებენ, მსახიობისას – სამსახიობოზე, ზოგს გათხოვებას უკრძალავენ, ზოგს საზღვარგარეთ წასვლას, ზოგს რას და ზოგს რას… მოკლედ, ისე მოქცევას, როგორც მას უნდა. სწორედ ამ თემაზე წერს ფსიქე პოსტში „დაანებეთ ჩემს შვილს თავი! ანუ რატომ უნდა მგავდეს ჩემი შვილი მე“, სადაც „მამათა და შვილთა“ ურთიერთობების უარყოფით მხარეს ეხება: რომელიღაც ირანელი მწერალი წერდა მშობლები ყვლაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთი ოცნებები ჩვენში განახორციელონო. ჩვენ ჩვენი ოცნებების განხორციელებისუფლებაჩვენ შვილებში გვექნება, მათ თავიანთ შვილებში.. არადა რა კარგი იქნებოდა, ერთი თაობის ოცნება რომ გამოგვეტოვებინა და ყველას საკუთარი ოცნებები აესრულებინა და არა სხვების

“Facebook” ბევრი რამისთვის რომ გამოიყენება ეს უკვე ყველას ყელმა იცის. თუმცა, ის, თუ რისთვის არ უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული სოციალური ქსელი, შეგვიძლია სამარხვო ბლოგზე გავიგოთ. პოსტი „როგორ არ უნდა ვეძებოთ სექს–პარტნიორი facebook-ზე“ ზომით მცირეა, მაგრამ „მსუბუქად კომიკური ელფერი დაჰკრავს“ (რა სიტყვათწყობაა, ღმერთო ჩემო) და ნამდვილად კარგად ჩასაკითხია: დიახ, ალბათ, მყავს დამატებული ლგბტ ადამიანები. იმასაც დავამატებ, რომ არავის წაშლას არ ვაპირებ მისი სექსუალური ორიენტაციის გამო და მეტიც, საერთოდ არ მაინტერესებს ვინკაცთან, ვინ ქალთან, ვინ ძაღლთან და ვინ ზებრასთან წევს

ზოგი ალთას, ზოგი ბალთას

საქართველოში მცხოვრები ბოშების შესახებ დადებითი აზრი ბევრს ნამდვილად არ აქვს. ზოგის შეხედულება – სტერეოტიპზეა დამყარებული და ზოგის იმ ფეხზე – ქუჩაში ფულის სათხოვნელად გამოსული ბავშვები, რომ ეკიდებიან და თანხის მიღებამდე არ უშვებენ ხოლმე. ასეა თუ ისე, ბოშების ისტორიასა და დღევანდელობას (რა მშრალი და ხმამაღალი განაცხადია) „ციგანიზაციის“ ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ, სადაც „არა შეჯდა მწყერი ხესა“ სათაურის მქონე პოსტში ცოტა ხნის წინ ეთერში გასული „ნიჭიერის“ ერთი ნომერიცაა გაკრიტიკებული: თითქოს არც არაფერი, მაგრამ გადაცემის ორივე წამყვანის და ჟიურის სამივე წევრის დამოკიდებულებამ ამ სამი ქალის მიმართ, პირდაპირ რომ ვთქვათ, გამაღიზიანავანო ჯავახიშვილმა მესამე ზარის დაჭერისას ისე ამოიოხრამემგონი ისეთი მუსიკა იყო, რომ არასდროს დამთავრდებოდა“, თითქოს მანამდე რომაბობოქრებულ ზღვაში გატარებომქუხარე აპლოდისმენტებით რომ გადაუშვეს მეორე ეტაპზე, სასცენო ხელოვნების მიღწევა იყო

უფრო მძაფრი კრიტიკა (ამჯერად საზოგადოების მიმართ) შეგვიძლია ვნახოთ იმ სახლში, სადაც ხელოვნება ცხოვრობს. პოსტში – „თავისუფლად მოაზროვნე“ საზოგადოება ისე არის თავზეგადავლილი, რომ მას ეს თავი გარეთ კიდევ დიდხანს აღარ გამოეყოფა: “თურმე მათ შეუძლიათ ერთი ხელის მოსმით დაანგრიონ წლების განმავლობაში შენარჩუნებული ურთიერთობა და ეს მხოლოდ იმიტომ,რომ შენ სხვანაირად აზროვნებ”. თურმე მათ შორის არ არსებობს ადამიანი,რომელიც წინ აღუდგება ამბრბოსდა გაგამართლებს,იმიტომ,რომ ამით მისი სახელიც შეიბღალება და მერე რას იტყვის ხალხი?

ლამის სანატრელად გამხდარი 90–იანი წლების კიდევ ერთი მოგონება (ამჯერად მაღაზიის იდეაში რეინკარნირებული) „გაფუჭებული შუქნიშნების ქალაქში“ შეგვიძლია ვნახოთ. „მარკეტი ემულგატორი“ იმ მაღაზიებს ეძღვნება, რომლებიც ათასგვარმა სუპერმარკეტებმა, ჰიპერმარკეტებმა და თანამედროვეობის მსგავსმა ელემენტებმა ვერ ჩაანაცვლეს: შემოსვლისთანავე ჩვენ ვგრძნობთ სპეციფიურ სუნს, რომელიც შმორისა და რაღაც იაფფასიანი სუნამოს საოცარ ნარევს წარმოადგენს. გაურკვეველია რას ან ვის ასდის ეს სუნიძველ ბელორუსიულ რკინის მაცივარს, რომელიც ახლადდაქოქილი ზაპოროჟეცივით ზუზუნებს, თუ 100 კილოგრამიან გამყიდველს, რომელიც არასდროს სცილდება სუდოკუებით გაძეძგილ ჟურნალს. თუმცა არც ისაა გამორიცხული რომ ეს სუნი უბრალოდ ამ ადგილის აურის შემადგენელ ნაწილად იქცა

და ბოლოს, რას იფიქრებდით თქვენ, თუკი კაფეში მოხვდებოდით და ასეთ მონოლოგს მოისმენდით: დიახ, შავი, მაგარი…არა, არა…თუ ბანანის?.. აი, „ჟოჟობას“ არომატით და „ქაშემირის“ ექსტრაქტით მირჩევნია, ოდნავ გრილი და ნახევარმთვარის ფორმით წვრილად დაჭრილი ღვთიური ლიმონით, სალმან რუშდის უყვარს ძალიან…არა მგონია, თბილისში ვინმემ იცოდეს, მაგრამ მაინც…იქნებ რძიანი მწვანე ჩაი „ულუნი“ (ან ულუნგი, ვერ გავარჩიე) გქონდეთ?.. ტოკიოში მაქვს გასინჯული ერთ კინოფესტივალზე, საოცრებაა…ჰოკაიდოელი ქალწულები კრეფენ ამ ჯიშს სათუთად…თანაც მხოლოდ გამთენიისას, როცა უცოდველ ფოთლებს მზის სხივები ჯერ არ მოფერებია, კვდომისას არომატი რომ არ დაეკარგოს…“როიბუში“ მინდოდა დილით, მაგრამ დებიუსის ეტიუდებს მოვუსმინე და ახლა დევიანტურ ხასიათზე ვარ…“. კარგს არაფერს, რა თქმა უნდა. გამონაკლისი არც ვახო ხვიჩიას ფიქრები აღმოჩნდა, რომელმაც ამ სიტყვების მთქმელი რიგითი სნობი მამაკაცი chouchou-დ მონათლა (ფრ. Chouchou – საყვარელი, душенька, любимчик) და ამგვარი „შუშუების“ ზოგადი ტიპაჟის დახასიათებას შეუდგა.

პ.ს… არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი