ტექნოლოგიები

“Like-მანია” და “Facebook”-ის ბნელი მხარე

6 თებერვალი, 2011 • • 1593
“Like-მანია” და “Facebook”-ის ბნელი მხარე

მართლა სოციალური მედია

“წვიმასა და ქარში გათენებულ ღამეებზე” საშუალო სტატისტიკურ ქართველს ნოემბრის უეკლო რევოლუცია ახსენდება, საშუალო სტატისტიკურ ბლოგერს კი დევნილთა საპროტესტო აქცია, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ უკვე მეოთხე თვეა მიმდინარეობს:  

ამ უწყებიდან არავინ შეხმიანებიათ. “რა გიჭირთ, არც ისე ცივი ზამთარია”, “თუ მოგშივდებათ, ბალახი მოძოვეთ”, “დიდხანს ეყრებით აქ?” – ამ ფრაზებით ურთიერთობდა მათთან მინისტრი, პატრიარქის სტიქაროსნობის გამო ლამის საკრალიზებული კობა სუბელიანი. მედია მხოლოდ 27 ოქტომბერს დაინტერესდა მათი აქციით, ისიც იმიტომ, რომ ერთ–ერთმა მათგანმა თავი დაიწვა (!) და ისიც ზერელედ”  წერს ანტაგონისტი საკუთარ პოსტში „ბუშტი“ და საზოგადოებას საპნის ბუშტის ვარდისფერი გარსის მიღმა გახედვისაკენ მოუწოდებს.

დევნილთა პრობლემებზე ყურადღების მიქცევის მიზნით, ადამიანთა ჯგუფი (მათ შორის ბლოგერებიც) უკვე კვირაზე მეტია რაც დევნილებთან მონაცვლეობით ათენებს ღამეს. ერთი ასეთი ღამისთევის შესახებ კი დავით ჩიხლაძის ბლოგზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ: “ამ დროს ვიგებ, რომ ის ქალი, რომლის სურათიც ხეზე ჰკიდია, სწორედ ის ადამიანია, რომელმაც სამინისტროსთან თავი დაიწვა და გარდაიცვალა. ახსოვთ, თუ როგორ უთხრა ქალმა რომ მას აღარ ეშველებოდა და ეცდებოდა ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც დანარჩენებს დაეხმარებოდა. მერე ახსოვთ ორი მუქად შეფერილი “ნაბეღლავის” ბოთლი, დიდი აფეთქება და დიდი კვამლი, ბოლოს კი სურათი ხეზე”

დევნილთა პრობლემებზე დაწერილ უამრავ პოსტში განსაკუთრებით პოპულარული ორი ადამიანია: მარტინ ნიმოელერი,რომლის ცნობილ სიტყვებს („და არავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო“) რაღაც ფორმით ამ თემისადმი მიძღვნილ თითქმის ყველა პოსტში წააწყდებით და კობა სუბელიანი, რომელიც თავს მაქსიმუმ „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“–თი თუღა დაიმშვიდებს. განსაკუთრებით კი მაშინ, შემთხვევით მაწიბალ ბლოგზე თუ შევა და  “moral VS Zakon”  წაიკითხავს: “ნუ ეხლა, კობასაც რას ვერჩი, პრინციპში, მაგას სიკეთის კეთების მეტი მოტივაცია აღარ აქვს, უკვე “გაიპრავა” სამოთხე სტიქარის ტარებით, დაიბევა ფაფუკ ღრუბელზე ქნარი და რბილი “კრესლო”, მაგრამ, კობა, მისმინე ვაჟკაც, სანამ ღმერთთან მიხვიდოდე, ჯერ ხალხის სამსჯავრო უნდა გაიარო” 

მოკლედ, სოციალურმა მედიამ, როგორც იქნა ფრთებიც გამოისხა და ბრჭყალებიც გამოაჩინა. ახლა მთავარია ცენზურის მაკრატელმა ერთის ან მეორის დაჭრა არ გადაწყვიტოს.

ნაკურთხი facebook-ის ბნელი მხარე

Facebook-ის მავნებლობაზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა (სავარაუდოდ, მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც) ცუკერბერგი პოლიგლოტი რომ იყოს, სინდისის ქენჯნის გამო ამ საიტს დღესვე დახურავდა. ერთ ასეთ ბნელ მხარეს, რომლის მხილებითაც თვითმარქვია ჟურნალისტი ადამიანების გონებაში სინათლის შეტანას ცდილობს, მის ბლოგზე   შეგიძლიათ გაეცნოთ. Facebookდამოკიდებულნი ცუკერბერგის პირმშოს მკვლელობაში (ადამიანური ურთიერთობების) ძარცვაში (დროის წართმევა), განზრახ ზიანის მიყენებასა (ვირუსები) და თაღლითობაში (ყალბი ურთიერთობები) ადანაშაულებს: “ადამიანებს ნელ–ნელა გვავიწყდება ღიმილი და ჩახუტება. რამდენიმე სიმბოლოს აკრეფით ჩვენს ემოციებს გამოვხატავთ, თუმცა “სმაილიკის” დახატვა თანაბრად მარტივად შეუძლია თემისადმი თუ მოსაუბრისადმი კეთილად განწყობილ პიროვნებას და იმ ადამიანსაც, რომელსაც დიდად გულზე არ ეხატებით”

ამის პარალელურად, ერთი კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რომის პაპმა სოციალური ქსელებით ურთიერთობა „აკურთხა“ და სამღვდლოებას ბიბლიის გასავრცელებლად ახალი ტექნოლოგიით სარგებლობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ დავით მიხეილ შუბლაძის („ეს ორი სახელი რაღა საჭიროა?“) ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ: “რომ დავუფიქრდეთ, ამაში არაფერია უცნაური, 21–ე საუკუნეა და არაფერიც არ გვიკვირს. დღეს ადამიანი კომპიუტერთან და ტელევიზორებთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე საკუთარ თავთან, ეკლესიაც ცდილობს სეკულარიზებულ სამყაროს მიაწვდინოს ხმა უკვე ინტერნეტიდან და ტელევიზორებიდან, რადგანაც ეკლესიებში სულ უფრო და უფრო ნაკლები ხალხი დადის, მოუცლელობის ან სხვა ობიექტურ/სუბიექტური მიზეზების გამო” 

ქართულ ინტერნეტ–სივრცეში ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვის დასადგენად სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩატარდეს, პირველ ადგილს (ყოველგვარი Like-ების მოთხოვნის გარეშე) უპირობოდ დამილაიქე დაიკავებს. ტენდენციას დათო ლობჟანიძეც გამოეხმაურა და პოსტში Dislike TBC smart club and Bank of Georgia პროტესტი გამოუცხადა იმ კონკურსებს, სხვადასხვა კომპანია facebook-ზე რომ ატარებს.  თითოეული ასეთი კონკურსი ხომ აუ, გეხვეწები დამი–like– თხოვნის მინიმუმ ათჯერ მიღებას ავტომატურად უწყობს ხელს: “ძალიან საინტერესო იყო, რომ 10–დან 8 ისეთი ადამიანი მთხოვდა მის ნამუშევრის “დალაიქებას”, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ერთი მოკითხვაც არ შემოუთვლია, ამასთან ერთად იყვნენ ჩემთვის ახლო ადამიანები, ამიტომაც აქვე მათთან ბოდიშის მოხდა მსურს იმის გამო, რომ თხოვნა არ შევუსრულე, მაგრამ ასეთ ვითარებაში პრინციპულად უმოქმედობა ავირჩიე” 

და სხვა

„აუ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამის დედა… ვატირე“–სა და „სადმე გავასწრო და აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება“–ს დაქადნებას საქართველოში ხშირად გავიგონებთ. როგორც წესი, მსგავსი სიტყვების მთქმელი არცერთი ადამიანი საკუთარ თავს ამ სოციუმს თითქმის არასოდეს მიაკუთვნებს და მისგან გამიჯვნას ცდილობს. „SUCKართველო on my mind” ქართველი ერის ნაწილისადმი გამოთქმული პროტესტის მორიგი მაგალითია, სადაც ცივისელი  იმ მიზეზებზე წერს, რის გამოც საქართველოში ყოფნა აღარ უნდა: “არ მინდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეზე ვარაუდებს გამოთქვამენ, თუ რამდენსანტიმეტრიანი ფალოიმიტატორი ედო პირში და ამის გამო, მის კომპეტენციას პედაგოგიკაში ეჭვქვეშ აყენებენ. SUCKართველო არის ქვეყანა, სადაც არ არსებობს გეიკულტურა, თუმცა, მძვინვარებს ჰომოფობია.”

ხოლო იმას, თუ როგორი იქნებოდა საქართველო მაშინ „ქართველები 50 მილიონი რომ ვყოფილიყავით“ შეგიძლიათ ცოფიან ბლოგზე  გაეცნოთ, სადაც ფანტაზიას „საბანიც ბოლომდე აქვს გამწვდარი“ და საკუთარ თავზე მაღლა ახტომასაც ახერხებს: “აშშ–ს პრეზიდენტ ბარაქ ობამას რეიტინგმა 8 პროცენტით მოიმატა მას შემდეგ, რაც იგი ავლაბარში პირადად შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს აშშ–ს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას: “შვარცნეგერის კალიფორნიასა და პეილინის ალიასკის დამოუკიდებლობას არასოდეს ვაღიარებთ” – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში”

კვირის საინფორმაციო გამოშვებები არის განხილული სუხოს  პოსტში „ძაან, ძაან მაგარი ქვეყანა დათქმით“, სადაც ის ეთერში გასულ ახალ ამბებზე გასვლის პარალელურად, იმ თემებზეც წერს, რომელსაც რატომღაც არც ტელევიზიის კამერა ხედავს და არც ჟურნალისტის მიკროფონი ისმენს: “ყველაზე შორს კი “რუსთავი 2” წავიდა. ჟურნალისტმა გაბუნიამ ისიც გვითხრა, სამართალდამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია “ვიღაცა, რომელიღაცა” ტერორისტის შესახებო. მოკლედ, სხვა ყველაფერთან ერთად კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი რუსი სამართალდამცავების უსუსურობას.”

.: დაა–share- ან დაა–like– ეს მიმოხილვა „facebook“–ზე და თქვენ მოიგებთ დროს თქვენივე მეგობრებისა, რომელიც მათ browser-ის გასახსნელად და ნეტგაზეთის მისამართის ჩასაწერად უნდა დაეხარჯათ…

მასალების გადაბეჭდვის წესი