ტექნოლოგიები

დიდი “პამპერსი” და “apple”-ს “ცოდვილი” მომხმარებლები

23 იანვარი, 2011 • • 1532
დიდი “პამპერსი” და “apple”-ს “ცოდვილი” მომხმარებლები

 

ხანდახან ისეც დაემთხვევა ხოლმე, რომ კვირა გაივლის და ბლოგერების სხვებისაგან გამორჩეულ ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება: არც ფილმების ჩვენებებსა თუ დახურულ წვეულებებზე ეპატიჟებათ ვინმე, არც მათ შემოქმედებით სულში აფათურებენ “საზიზღარ საცეცებს”, არც აღსაშფოთებელია რამე, არც – გასაჭორი და ასე განსაჯეთ, facebook–ზეც კი არავინ წერს იმას, რომ ბლოგის დახურვას აპირებს (შემდეგ ხუთმა–ექვსმა კაცმა რომ შეაგულიანოს, გაამხნევოს და იქამდე ეხვეწოს: “ეგ უმეცარი აზრი თავიდან ამოიგდეო”, სანამ გულაჩუყებული ამ “დანაშაულზე” უარს არ იტყვის). მოკლედ, დღეს სწორედ ერთი ასეთი კვირის შესახებ მიწევს დაწერა და მცირე შესავლის შემდეგ, სჯობს, პირდაპირ საქმეზე გადავიდე:

მოლი ბლუმის ახალი ბლოგი ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, მის ავტორს ჯეიმს ჯოისის “ულისე” ბოლომდე რომ აქვს წაკითხული. მერე კიდევ იმიტომ, საინტერესო თემებზე კარგად რომ წერს. თან ისე კარგად, გამძლე ფილტვების მქონე ადამიანი მართლა ერთ ამოსუნთქვაში რომ წაიკითხავს. ძირითადი თემა – ლიტერატურაა, რომელზე წერისას ბლოგერი ხან ჯოისისეულ ცნობიერების ნაკადს იყენებს (როდესაც ბორის აკუნინსა და უმბერტო ეკოს შორის პარალელს ავლებს) და ხან – ირონიას (როდესაც დიმიტრი შაშკინის რეფორმატორული იდეების შთაგონების წყაროდ მინისტრის მიერ ძილის წინ წაკითხულ წიგნებს ასახელებს): მანდატურ–დემენტორები (“ჰარი პოტერი”), “დირექტორების სისხლის დაგემოვნების სურვილი” (“ბინდი”), ბავშვების გასეირნება “ბარამბოს” ქარხანაში (“ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”)…

ქართველები უცნაური ერი ვართ და სანამ საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გამო ჯარიმას არ დაგვიწესებენ, იქამდე არც ღვედს ვიკეთებთ და არც გადასასვლელებზე არსებულ შუქნიშანს ვაგდებთ არაფრად. ქართველისა და კანონის ამ სიღრმისეულ, კან(ი)ონისებურ დამოკიდებულებაზე საზოგადოებრივი წესრიგის შესახებ არსებულ ბლოგზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. „დღეს ავტობუსში“ კი ამ დამოკიდებულების ერთ–ერთი ნათელი მაგალითია.

პრეზიდენტი, რომელმაც კინაღამ ჩაიფსა

არ ვიცი, ვინ შეაფასა სააკაშვილის შარდშეკავებითი უნარი გორში მომხდარი ცნობილი შემთხვევის დროს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში მინიმუმ მეტაფორულ ლაქას მაინც დატოვებს. მიზეზი მარტივია: ვისაც კი პრეზიდენტის „შეურაწყოფა“ უნდა, თითქმის ყველას ეს მომენტი ახსენდება და იმას ივიწყებს, რომ ადამიანური თვისებები, ან რეფლექსები თვით “არაადამიან” სააკაშვილსაც კი შეიძლება გააჩნდეს. არა, მთავარსარდალს ნამდვილად არ ვიცავ. ეს ისე გამახსენდა, როდესაც მეამბოხის ბლოგზე  შევედი და პრეზიდენტის ცხოვრების ამ მომენტზე აპელირებასთან ერთად, პროტესტისაკენ მოწოდებაც წავიკითხე: ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. როგორც უნდა ისე იქცევა მთავრობა. და ჩვენი მფორთხავი პრეზიდენტი, რომელმაც შიშისგან კინაღამ ჩაიფსა, ხელით იხოცავს ცხვირს და სრული უმართავია, როდესაც განცხადებებს აკეთებს. აღარ იცის უკვე შეურაწყოფა ვის მიაყენოსგასაკეთებელი კიდევ ბევრია? კი, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, გასაფუჭებელი კი ძალიან ცოტა დარჩა. “რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“, ხოდა სახლებში რომ მოგადგებიან, თქვენს თავისუფლებას როდესაც შეზღუდავენ, როდესაც თქვენც მოგშივდებათ, როცა სახლის გარეშე დარჩებით, მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება” 

მთავრობის “უგვანი საქმეები” ნამდვილად სახეზეა, თუმცა, როგორც ქუხს, ყოველთვის ისეც არ წვიმს ხოლმე. მაგალითად, ერთ–ერთ გაზეთს თუ ვენდობით “53–ე საჯარო სკოლაში მანდატურებზე გაბრაზებული მეთორმეტეკლასელები საკლასო ოთახში ჩაკეტილან, შიგ არავის უშვებდნენ და გაჰყვიროდნენ: “მანდატურებს – რა?!”. ეს მოსწავლეები მანდატურებმა დასაჯეს, სკოლის საპირფარეშო გაახეხინეს და აიძულეს ეყვირათ “მანდატურებს გაუმარჯოს!”–ო”. დასაწყისში ვახსენე, თუ ვენდობით – მეთქი. აი, Agasfer–ი არ ენდო და მცირე კვლევის შემდეგ მეტად საგულისხმო შედეგამდეც მივიდა, რომელსაც მის პოსტში “შაშკინელება?! შეგიძლიათ გაეცნოთ. 

მედიაზე კიდევ ერთმა დაკვირვებამ კი შესაძლოა საერთოდ აპათიაში ჩაგვაგდოს იმ შემთხვევაში, ფსევდოლიტერატურულ ბლოგზე თუ შევიხედავთ. საუბარია ტენდენციაზე, რომელის მიხედვითაც ჟურნალისტები თითქმის ყოველ საინფორმაციო გამოშვებას (განწირული ტონით) ღორის გრიპით დაავადებულთა სტატისტიკის გაცნობით იწყებენ ხოლმე და ცალკეული მიზეზებით აღარ ინტერესდებიანმე მაქვს კითხვაამაზე უარესი ჩვენთან არაფერი ხდებარატომ არცერთ საინფორმაციო გამოშვებას არ მოუვიდა თავში იმის გარკვევა, თუ რატომ დაემართა გრიპი იმ უბედურ ადამიანს, შემდეგ საავადმყოფოში რომ მოხვდა? იქნებ სახლში ფანჯრებში მინები არ აქვს? იქნებ ჭერიდან წყალი ჩამოსდის? ან გაზის საფასურის გადასახდელი ფული არ აქვს და 20–ლარიანი ელექტროღუმელით სახლს ვერ ათბობს. ან, საერთოდ, იმ რაიონში, რომელშიც ცხოვრობს, საერთოდ არ არის გაზი და ჯერ კიდევ შეშის ღუმელით ათბობს სახლს: შეშის ფული კი წელს ვერ შეაგროვა და სიცივეში დარჩა? ან იქნებ სანამ გრიპი დაემართებოდა, უბრალოდ გაცივდა (რაც, ზამთარში აბსოლუტურად ჩვეულებრივი რამაა), მაგრამ წამლის ფული არ ჰქონდა, რომ გაციება დასაწყისშივე შეეჩერებინა

უწმინდური“ “apple”

გამარჯობათ, მოგეხსენებათ გველმა ვაშლი გამოიყენა ადამის და ევას შესაცდენად, მაგრამ იგივე სიმბოლოს იყენებს კომპანია ეპლი ახალგაზრდების შესაცდენად. მიგაჩნიათ თუ არა ცოდვად მოკბეჩილი ვაშლის სიმბოლოიანი მოწყობილობის ყიდვა და ხმარება? ასევე მაქვს მეორე კითხვა, მეგობარს აინტერესებს. მანქანა ნაკურთხია და აქვს დაკრობილი ჯვარი. მას უნდა დააკრას ასევე მოკბეჩილი ვაშლის ემბლემა და სად დააკრას იგი, რომ ცოდვად არ ჩათვალოს, ჯვარის ქვემოთ თუ ზემოთ? მარჯვენა მხარეს თუ მარცხნივ?”– ეს და რამდენიმე მსგავსი შეკითხვა Michael-მა  ერთ–ერთ ფორუმზე „რას გვეტყვი, მამაო?“–ს კატეგორიაში აღმოაჩინა, რის შემდეგაც „ანაფორა მოირგო“ და გადაწყვიტა მათზე “საკუთარი ძალებით ეპასუხა” (რჩევა: მას, ვისაც სხვების უმოწყალო განიკითხავა უყვარს და მკრეხელობაზე ფეთქებად ხასიათს ამჟღავნებს, შეუძლია პირდაპირ შემდეგ აბზაცზე გადაინაცვლოს)  

ხოლო, ის კი ვისაც სხვების შეცდომებზე მეტად, საკუთარის გამოსწორება აინტერესებს, social animal – ის ბლოგზე უნდა შევიდეს და მისი ღმერთი გაიცნოსჩემს ღმერთს არ სძაგს შარვლიანი ქალები თუ საყურეებიანი კაცები. საერთოდაც, მას არავინ სძაგს, მას მხოლოდ სიყვარული შეუძლია! ჩემს ღმერთს არ უნდა დანაშაული თუ შეცოდება მოვინანიოთ ჯოჯოხეთის ადუღებულ კუპრში ჩავარდნის შიშით. მას უნდა, რომ სინანული წრფელი იყოს და ის ადამიანის შინაგანი ბუნებიდან მოდიოდეს.”

მგზავრის წერილები

რა უნდა გააკეთო მაშინ, როდესაც სამარშრუტო ტაქსით 40 წუთი გზაში ხარ? როდესაც ფანჯარაში ნაცნობი ხედია, ქუჩაში – ნაცნობი საცობი და თან კითხვაც არ ღირს (არაამორტიზირებულ ტრანსპორტში ამდენი ხანი თუ იკითხე, ჩამოსვლისთანავე ოკულისტთან მოგიწევს მისვლა). ერთადერთი ნაღდი და უსაფრთხო ვარიანტი ისევ ფიქრია. ჰოდა, სწორედ ასე დაფიქრდაsamaneli-ც და “მარშრუტკაში” არსებული სიტუაციის იდეალურად აღწერის შემდეგ ზოგად საკითხებსაც “გადასწვდა”: “წადით, წადით, არაფერია აქ თქვენთვის საინტერესო. საშინელება მოხდა, კი, გეთანხმებით, მაგრამ თქვენ რა? ხო იტყვით (10–დან შვიდი მაინც), რომ “რატომ სვამდა და ნასვამი რატომ ჯდებოდა საჭესთან”, ან ამას მაინც: რატომ უყიდა მამამისმა ამხელა ჯიპი ამ თითისტოლა გოგოს, ტარებაც არ სცოდნია”… ამით თითქოს ცდილობთ გაამართლოთ თქვენი გულგრილობა და ფიქრები სხვა რამისკენ გადაიტანოთ. იქითკენ, რომ ზოგს არა აქვს “მარშუტკით” მგზავრობის ფულიც კი და ესენი კი ჯიპებით მოაჯირებს ანგრევენ”

მას კი ვისაც კიდევ უფრო ფართომასშტაბური, საკაცობრიო (და ცხოვრებისეული) ფიქრები აინტერესებს, შეუძლია “მე,ც”–ის ბლოგზე შევიდეს და “ასეთია ცხოვრება” ფრაზის განმამტკიცებელი რამდენიმე (ასევე ცხოვრებისეული) ნააზრევი წაიკითხოს: არც ისე ხშირად, მაგრამ ხდება: მოდის ვიღაც და ძალიან ფრთხილად მხსნის სათვალეს. აი ისე, კოცნის დროს რომ გხსნიან. უფრო სწორად, კოცნის წინ. არა, მე სათვალეს არ ვატარებ (თუ – არ ვხმარობ?). და იმედია erst იმ ასაკში დამჭირდება, კოცნისთვის მოხნას რომ აღარ ექნება აზრი. სამწუხაროდ.” 

 

ჩემი მთვარის კლუბი

“ჰოლივუდური” ფილმების სიუჟეტების მსგავსებაზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, რომ თავად ეს ნაწერებიც არანაკლებ დაემსგავსა ერთმანეთს. თუმცა, ჩემი მთვარის… კი არადა მაიმუნის ბლოგზე თუკი შეიხედავთ და ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ გაიხსენებთ, თქვენი განწყობისათვის ნამდვილად არ იქნება ურიგო: “თუ ფილმში ვინმე ამბობს “ახლავე დავბრუნდები”, არ დაბრუნდება, არც “ახლავე” და არც “არასდროს”

აი, მთვარის კლუბში კი გლობალური დათბობის პრობლემაა განიხილება და ავსტრალიიდან პოტენციურად გამოსახიზნი, ლტოლვილი კენგურუს ბედის გამო “დარდ–ვარამია გამოხატული”: თუმცა საწუწუნო რა გვაქვს? რაღაც გადაბმულად ორი დღე გაწვიმდა და ეს რა გვაკადრაო. არადა ნახევარი ევროპა და ავსტრალია ჩარეცხა წყალმა ზღვაში და ოკეანეში. არა და რეალურად მაფიქრებს ეგ ყველაფერი. არ უწვიმია ჩვენთან ნორმალურად უკვე 3 თვეა. ანუ, რეალურად გვალვა გრძელდება, უბრალოდ აცივდა და ეგაა. ასე თუ გაგრძელდა დატბორილი ავსტრალიიდან ლტოლვილ კენგურუებს ჩამოგვიყვანენ გადახრუკულ საქართველოში, მერე კახეთში ვირის გვერდით სირაქლემები ირბენენ, კოლხეთის დაბლობს კი ანტილოპა გნუ გადახრავს..”

 

 

ამ კვირაში სულ ეს იყო. თან მეჩქარება კიდეც – ერთი ნაცნობისათვის დიდი პამპერსი მაქვს საშოვნელი. ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა აღსავსე და რა ვიცი, რა ხდება. დაზღვეული უნდა ვიყოთ მაინც, მსოფლიოს მასშტაბით რომ არ შევრცხვეთ, შემთხვევით…

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი