ტექნოლოგიები

სკაიპის ახალი სტრატეგია

17 იანვარი, 2011 • • 1442
სკაიპის ახალი სტრატეგია

skype
skype

სკაიპი მიმდინარე წელს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას და პროდუქციის შენელებული წარმოების განახლებით სილიკონის ველზე მნიშვნელოვანი მოთამაშის ადგილის დაკავებას შეეცდება.  ამის შესახებ Financial Times წერს.

ბრიტანულ გამოცემასთან საუბარში სკაიპის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ტონი ბეიტსი ამბობს, რომ ისინი ბაზარზე პოზიციების გამყარებას უფრო შეეცდებიან.

სკაიპის ოფიციალურ ბლოგზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წელს სკაიპით საერთაშორისო ზარების 25% განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 12%-ით მეტია. სკაიპში განხორციელებული ზარების 40%-ს კი ვიდეოზარები შეადგენს.

სკაიპის 124 მილიონი მომხმარებლიდან ყოველთვიურად მისი გამოყენებისთვის ფულს მხოლოდ 8 მილიონი ადამიანი იხდის, ესეც  მობილურ და ხაზის ტელეფონებზე განხორციელებული აუდიო-ვიდეო ზარების საფასურია. მხოლოდ ამ გზით კომპანიაში გასული წლის პირველ ნახევარში 13 მილიონი დოლარი შევიდა. სკაიპის წლიური ჯამური შემოსავალი კი 406 მილიონია.

კომპანიის ახალი მენეჯერი იმ ინჟინრების ნაკლებობაზე საუბრობს, რომლებიც ახალი პროგრამების სწრაფ და ხარისხიან წარმოებაზე იქნებიან ორიენტირებული. სილიკონის ველზე დამკვიდრება კი მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი.

სკაიპს ამჟამად 850 თანამშრომელი ჰყავს დაქირავებული. ინჟინრების უმრავლესობა ესტონეთში მუშაობს, ხელმძღვანელობა – ლუქსემბურგში, აუდიო-ვიზუალური ინჟინერიის სპეციალისტები – სტოკჰოლმში, მარკეტინგის განყოფილება კი ლონდონშია განთავსებული. სკაიპის აღმასრულებელი დირექტორი 400 ახალი ინჟინრის დაქირავებას გეგმავს, რომელთა 80% სწორედ სილიკონის ველზე იმუშავებს.

თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის გარდა, სკაიპს სხვადასხვა სერვისების დანერგვაც აქვს დაგეგმილი, მათ შორის არის ვიდეოზარების მიღება ტელევიზორში, ასევე, უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესება, რათა სამომავლოდ თავიდან აიცილონ ისეთი შემთხვევები, როგორიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა. სკაიპი მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მომხმარებლისთვის მიუწვდომელი იყო.

სკაიპის მენეჯერთა ყველაზე მთავარი სამიზნე კი მსოფლიო მოსახლეობის ის ნაწილია, რომლებიც სკაიპს ჯერ არ იყენებენ. სკაიპში მიაჩნიათ, რომ ისინი მათ მოზიდვას უპრობლემოდ შეძლებენ.

სილიკონის ველი: მსოფლიო მნიშვნელობის ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში, სადაც კომპიუტერებს, კომპიუტერულ პროგრამებს და ელ. ტექნიკას აწარმოებენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი