ტექნოლოგიები

ბლოგეროფობია და “ვიღაც გურამიკო” დოჩანაშვილი

16 იანვარი, 2011 • • 2019
ბლოგეროფობია და “ვიღაც გურამიკო” დოჩანაშვილი

ზიგმუნდ ფროიდი
ზიგმუნდ ფროიდი

სამყაროში უამრავი უცნაური ფობია არსებობს. მათ შორის: ძილის, მკვეთრი ფერების ან საერთოდ გრძელი სიტყვების წარმოთქმისაც კი (ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია), მაგრამ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მალე ახალი შიში – „ბლოგეროფობია“ და ახალი წყევლა „ბლოგერების ყბაშიც ჩავარდნილხარ” – უნდა გამოჩნდეს. “ავხედი“ ლოგერების ინდრომით ამჯერად “TBC ბანკი” “დაავადდა”. მიზეზი მის მიერ გაგზავნილი (ბლოგერების მომავალ კრებულთან დაკავშირებული) ის კონტრაქტი  აღმოჩნდა, რომლის წაკითხვის შემდეგ ბლოგერებმა საახალწლო პეტარდების მსგავსად იფეთქეს და “დამპყრობლების” წინააღმდეგ გაილაშქრეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც “ჰოლივუდური” ფინალით დასრულდა და საკბილოს გარეშე დარჩენილი („მონობას გადარჩენილი”) “ინტერნეტ–მგლებიც” კვლავ ყოფით საკითხებს დაუბრუნდნენ:

დებიუტი ცასა და დედამიწაზე

“არის თუ არა სიცოცხლე სიცოცხლის შემდეგ?” – მსუბუქ ეგოიზმზე დაფუძნებული ეს შეკითხვა სიცოცხლისუნარიანობას (ადამიანისაგან განსხვავებით) საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებს. თუ შეილას ვენდობით, სიცოცხლე ზეცაში არამხოლოდ “სჩქეფს, გადმოსჩქეფს” კიდეც. სხვა თუ არაფერი, შეილა ხომ “იქ ცხოვრობს” და ხან ლენონზე ეჭვიანობით ჭკუაარეული იოკო ონო უგზავნის მუქარის წერილებს, ხანაც ჯოჯოხეთს სტუმრობს, რომ იქაური “მოკუპრული ცხოვრების” შესახებ გადმოგვცეს:  “ბეთხოვენს მეზობლებმა იმდენი უჩივლეს, ხმაურიანიაო, მუსიკას დიდ ხმაზე უსმენსო, რომ განმარტოვებით გადასულა სადღაც… ფროიდს საბავშვო ბაღთან სდომებია, მაგრამ მშობლები მანდ და “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” კიდე დედამიწაზე აჯანყებულა, არ გაბედოსო და ახლა გოგირდის აბანოებთან უყიდია 100 კვ.მ.”

ღმერთის კომპეტენციაში შეჭრას შევეშვათ და ისევ დედამიწას დავუბრუნდეთ: „უკვე რა ხანია ამერიკაში ვარ, მაგრამ ქართველებს ვერ დავუმეგობრდი. ეგ არაფერი, ჩვენებური დედის გინება არ მაკლია მაინც. ალბათ დაიბენით, მაგრამ ეხლავე მოგიყვებით ამ ამბავს“ – ამბავს ანო  გვიყვება, „სინეთიკ თეატრი და ჩვენებური დედის გინება“ კი ქართველების მიერ ამერიკაში დადგმული სპექტაკლების შესახებაა და გურჯული ხასიათის იმ გლობალიზაციურ შტრიხებს ეხება, ნებისმიერ საზღვარს რომ შლის და მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიწაზე  თავს მაინც სამშობლოში გაგრძნობინებს.

ეს (სწორედ ის) საქართველოა

საქართველოში დამარცხებას იშვიათად აღიარებენ და როდესაც სხვა იმარჯვებს, თითქმის ყოველთვის იჩენს ხოლმე თავს სკეპტიკური (თვალების მოჭუტვით სათქმელი) აზრი: ალბათ, ჩააწყო! ჰოდა, რაღა გასაკვირია, იგივე ეჭვს გულების ღრღნა საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურს პილოტთან დაკავშირებითაც რომ დაეწყო. პროექტისა და ქართულ ხასიათის ურთიერთდამოკიდებულების გარკვევას კი თავის პოსტში – „პილოტი – ჩაწყობილია თუ არაა ჩაწყობილი?“ დემეტრეც ცდილობს: «ჩაწყობილია» – მათთვის ეს აზრი ერთგვარი მალამოა. თუმცა, ამასთან, მომავალი წარუმატებლობისა და ამ სიტყვის კიდევ არაერთხელ გამოყენების გარანტიაცაა. ალბათ ჰგონიათ – საქართველოში ისევ ის დროა ლექტორები ნიშნის სანაცვლოდ მაღალ კუპიურებს რომ ითხოვდნენ. როდესაც რამოდენიმე მეტრის გავლა მძღოლის დაცარიელებული საფულით და «გაიშნიკების» გასქელებული ჯიბეებით რომ სრულდებოდა.“

მარხულის სტანდარტზე  წერს თავის პოსტში „გრძელი სიტყვის მოკლედ თქმის“ სპეციალისტი ლიშთოთა, სადაც ნორმალური ადამიანისათვის (ალბათ ის, ვინც პირსინგს არ ატარებს, რქები არ ამოსდის, სამკაპით არ დადის, კუდი არ უქიცინებს, თვალები შავად არ აქვს შეღებილი და მსგავსი) ავტომატურად „მარხულის“ იარლიყის მიწებების „ტრადიციაზე“ საუბრობს: “ამას წინათ სუპარმარკეტის გამყიდველმა ისე ამირჩია ერთი კერძის სამარხოსა და ჩვეულებრივ ვარიანტებს შორის პირველი, არც კი უკითხავს ჩემთვის. მეორე შემთხვევაში ოლივიეს სალათა მოვინდომე, მხოლოდ “არაკეთილშობილური” ვერსიაღა იყო დარჩენილი და ტუტუცური შეცხადება მოვისმინე – კი მაგრამ, ეს არასამარხოაო.” 

ისტ–2–ები:

#1: ვინც კი მკითხავთან მიდის, თითქმის ყველა „არ მჯერა, მაგრამ ისე გასართობად, რა იცი… რას ვკარგავ?!“–ს ამბობს. გამონაკლისი არც თბილისური Love-ბლოგის ავტორი  აღმოჩნდა, რომელიც მკითხავ ელიკოს მეგობართან ერთად ესტუმრა და საკუთარი ცხოვრების გეზი ყავის ნალექის ხუშტურების გადასაწყვეტი გახადა: “შემდეგ ჩემზე მიდგა ჯერი: ჩაიხედა თუ არა ჭიქაში ეგრევე მითხრა: სიყვარულში არ გიმართლებსო! (ახალი ამბავი), ბედი გაქვს ჩაკეტილიო და სამი ბიჭი გყავს დაკარგულიო (იმ ერთმა რა დაუშავა არ ვიცი). სამსახურში ვერ დაწინაურდებიო, ოჯახს ძალიან დიდი ხანი ვერ შექმნიო, არაფერი სასიხარულო არ მოხდება შენს ცხოვრებაშიო. ესეთი ჭიქა არასოდეს არ მინახავსო, სულ შავი ყვავები და ჩატეხილი ხიდები გამოისახაო.”

#2: მეორე ისტორია კი მღვდლისა და მათხოვარის  ურთიერთდამოკიდებულებას უკავშირდება (ყოველგვარი EKL-001-ისა და „არც იესო დადიოდა ჯიპით“–ის დაქადნების გარეშე). „მამაო და „ბედნიერი“ უსახლკარო“ Luci-ს (ლუციფერის მოფერებითი სახელი არ არის) მოკლე, მაგრამ დამაფიქრებელი პოსტია და “მღვდელიც ადამიანია”–ს ჰიპოთეზას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

სად ჩვენ, სად თქვენ!

ხანდახან  ადამიანებს სურვილი უჩნდებათ, რომ განსხვავებულები გამოჩნდნენ. ამ მიზნით ისინი საჯაროდ აგინებენ ქართლის დედას, გალაკტიონს ყველას გასაგონად ლოთ “ლუზერს“ ეძახიან, ეკლესიაში სანთლის ნაცვლად სიგარეტს უკიდებენ, „რაღა დროს ვეფხისტყაოსანია, “ქამ ოოოოოონ”–ს ყვირიან, პრეზიდენტს – ფეხსაცმელს, სათაყვანებელ მომღერალს კი შენობიდან გამოსვლის დროს ტყვიას ესვრიან და მრავალი მსგავსი: „დოჩანაშვილზე რომ ლეგენდობანა წავიდა, ავდექი და ჩავუჯექი საფუძვლიანად და შევატყვე როგორ გავფეილდი თუ გაფეილდა:)… არსებობს მსგავს თემატიკაზე დაწერილი ბევრად უკეთესი ნაწარმოებები და ამასობაში ვიღაც გურამიკო  ცაში  აჰყავთ  ქებით, ნერვები მეშლება და ვბრაზობ ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მიმტკიცებს, რომ ეს ჩემი უგემოვნობის ბრალია, რომ ვერ ჩავწვდი ამა თუ იმ “შედევრს” –  ციტატა ანას ბლოგიდანაა. თუმცა, „ვიღაც გურამიკოს“ (სტუდენტის ცოდნასთან მიმართებაში რომ გა–fail-და) განქიქების პარალელურად, მსგავს თემატიკაზე დაწერილი ბევრად უკეთესი თუნდაც ერთი ნაწარმოების შესახებ პოსტის ბოლომდე მაინც უცნობი რჩება

კიდევ უფრო საკრალური სიტუაციაა ხახიტოს ბლოგზე, სადაც ავტორი „წიგნი…“–ს სახელის მქონე პოსტში  ამტკიცებს, რომ ზოგადად “წიგნების კითხვა” დიდი სისულელე (ან, მატრაკვეცობაა) და ადამიანს მხოლოდ აზრიანი ნაწარმოებები უნდა აინტერესებდეს (აზრიანობის დადგენის კრიტერიუმები მითითებული არ არის. ალბათ, ღამით უნდა გამოგეცხადოს წვერგაბურძგნული კაცი და იმან გირჩიოს). ამის შემდეგ კი იმ მოთხრობების ჩამონათვალს გვთავაზობს, რომელიც მისი აზრით სასურველია ყველას წაკითხული გვქონდეს (ხოლო, ჩემი აზრით ეს უბრალოდ მის მიერ წაკითხული ნაწარმოებების სიაა): “ბედი ქართლისა, მერანი, თოვლი, ყივჩაღის პაემანი, მგზავრის წერილები, იგი, ოთარაანთ ქვრივი, ალუდა ქეთელაური…” და სხვა.

სექსი თუ უსექსობა

„საზაფხულო რომანი ( ან ,,სექს-რომანი”) ალბათ  ყველას გქონიათ, არც მე ვარ გამონაკლისი…“ – სიტყვა „ყველა“–ს სრული უგულვებელყოფის პარალელურად ლამაზთვალება ბლოგის ავტორი იმითაც არის შეწუხებული, რომ ქართველი ერი სათაყვანებელ შეყვარებულს მიუწვდომლად მაღალ კვარცხლბეკზე აყენებს და ჰორმონების ძახილის ჩახშობას სხვებთან ცდილობს: „რატომ უნდა გადაიხადო სექსში ფული, თუ შეყვარებული გყავს? ქართველების უმეტესობა ასე მპასუხობს: “კაი რას ამბობ, “მაგას” როგორ ვაკადრებ”

ამასობაში კი, დინამიტის ბლოგზე ქართველის, როგორც სექსუალურად დაუკმაყოფილებელი საზოგადოების წევრის, სტერეოტიპია განხილული და აქცენტი საწყალი ფროიდის მუდმივ პოპულარობაზე კეთდება. დიდი ფსიქოლოგისათვის “სლოკინის იძულების” მიზეზს კი ის წარმოადგენს, რომ ყველანაირი ჯურის ადამიანი სექსზე არსებულ ნებისმიერ საკითხს სწორედ მას უკავშირებს (“ჰო, როგორც ფროიდი ამბობდა…”):  ”პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდობას” მართლაც ფეხებზე რომ ეკიდოს ყველა ის სულელური კლიშე, ქართული რეალობის ნაწილად რომ ქცეულა უკვე, სექსუალური კულტურა ოდნავ მაინც წავიდოდა აღმავლობის გზით; შედეგად კი ”სექსის” გაგონებაზე გმინვა და კედლებზე სექსუალური ხასიათის ნახატ-წარწერები მაინც ჩაბარდებოდა წარსულს. მაგრამ არა! ყველაფერი ეს მხოლოდ სიტყვით და ჯღაბნითაა ადვილი. ქორწილის წინა დღეს კი ყველა მიაკითხავს კლინიკას საქალწულე აპკის გასაკერად; მათი მეორე ნახევრები კი თავდაჯერებულები და დამშვიდებულები იქნებიან, რადგან ამ გარყვნილ ეპოქაში მათ შეძლეს და ისეთი ქალი იპოვეს, რომლის პატიოსნებაშიც ეჭვი არ შეეპარებათ.”

დღეისათვის სულ ეს იყო. მე კი წავალ და შემდეგ კვირამდე გურამ დოჩანაშვილს დავამშვიდებ. შოკირებულია თურმე საწყალი: “ეს რა დამემართა, კაცო, როგორ გავ–fail-დიო…”

მასალების გადაბეჭდვის წესი