ტექნოლოგიები

ვიდეობლოგინგი ქართულ ინტერნეტში

11 იანვარი, 2011 • • 1143
ვიდეობლოგინგი ქართულ ინტერნეტში

ინტერნეტში ქართველ ვიდეობლოგერთა ახალი ვებგვერდი vlogger.ge რამდენიმე კვირის წინ გაჩნდა. საიტზე რეგულარულად იდება სხვადასხვა თემაზე სამოყვარულო კამერით გადაღებული სიუჟეტები. პროექტის შექმნის იდეა 6 თვის წინ რამდენიმე ბლოგერს გაუჩნდა. ერთ-ერთმა ბლოგერმა, გოჩა გაბოძემ ნეტგაზეთს უთხრა: „მე და ჩემს მეგობრებს გვაწუხებდა ის ფაქტი, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში არ არსებობდა ვლოგკულტურა, რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ წერდა ვიდეო პოსტებს, არ არსებობდა მსუბუქი ფორმატის ქართული ინტერნეტ ტელევიზია. ასევე, ინტერნეტის მომხმარებელთა დიდი ნაწილი აქტიურად არ (ვერ) იყენებს სოციალურ მედიას.  ეს სამი ფაქტი ერთმანეთს დავუკავშირეთ და დავიწყეთ პროექტის წერა, რომელიც შემდგომში  შეგვეძლო სხვადასხვა ფონდისთვის შეგვეთავაზებინა.“ 

პროექტი გულისხმობს თავისუფალ ვიდეობლოგებს, რომელზეც განთავსდება როგორც სხვადასხვა შინაარსის ვიდეობლოგები, ასევე ვლოგრეპორტაჟები, იგეგმება ქართული ტელესივრცისგან განსხვავებული ფორმატის გადაცემების გაკეთება, რომლებიც, ძირითადად, ინტერნეტ სივრცეში ვირუსულ ვიდეოებად ქცევაზე იქნებიან ორიენტირებულნი. 

ავტორების თქმით, გარდა რეპორტაჟების მომზადებისა, vlogger.ge-ს ერთ–ერთი მიზანი ინტერნეტმომხმარებლებში სოციალური მედიის ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაციის ამაღლებაა, რისთვისაც ვიდეოტუტორიალების დამზადება იგეგმება. ასევე, ახლო მომავალში გავა ვებგადაცემა, რომელშიც მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ინტერნეტის ტექნიკურ საკითხებზე.

პროექტის შექმნიდან რამდენიმე თვეში ბლოგერებს “სოციალური მედიის კვლევისა და განვითარების ფონდის” სახით მხარდამჭერი გამოუჩნდა.

„გადმოგვცეს კამერა, ასევე, კვირაში ერთი დღე რამდენიმე საათით ჯგუფის შეხვედრისთვის (შემდეგ კვირას გადასაღებ სიუჟეტებს ვგეგმავთ ამ შეხვედრებზე) გვითმობენ ოფისს. თითოეული ჩვენგანი სურვილისამებრ ვირჩევთ თემას, თუ რის შესახებ გვსურს გავაკეთოთ სიუჟეტი, ვიდეომასალას თავადვე ვიღებთ და ვამონტაჟებთ. ხსენებული ფონდი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებში გვეხმარება,”- ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი გოჩა გაბოძე.

მისივე თქმით, vlogger.ge-ს ფუნქციონირებისთვის მინიმალური თანხა იხარჯება. „სოციალური მედიის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ გაქვს საშუალება, მინიმალური ხარჯებით საკუთარი პროდუქტი აჩვენო სხვა ადამიანებს. ამჟამად ჩვენს საკუთრებაში 1 ვიდეოკამერაა. ყოველთვიურად ჰოსტინგის საფასურის 7 ლარის გადახდა გვიწევს.“

ვლოგი მაქსიმალურად ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს განახორციელოს საკუთარი იდეები, გადაიღოს ვიდეო რეპორტაჟები და გახდეს ვლოგერი.

ამჟმად vlogger.ge-ზე 7 ვლოგერი თანამშრომლობს, მათი დიდი ნაწილი დამწყები ჟურნალისტი და ბლოგერია. გოჩა გაბოძემ ნეტგაზეთს ასევე უთხრა, რომ ჯგუფში ყველას თავისი ფუნქცია აქვს განაწილებული. „პირადად ჩემი პოზიციაა, რომ მსგავსი ტიპის გუნდის თანამშრომლობას ხელმძღვანელი არ სჭირდება, ყველა თავისი ფუნქციის ხელმძღვანელია, ასევე, თავად განკარგავენ სიუჟეტის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეს,“- ამბობს ვლოგერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი