თბილისში “მეგა დატა ცენტრი” გაიხსნა

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში “მეგა დატა [მონაცემები] ცენტრი” გაიხსნა, რომელიც “თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის” პირველი მოიჯარეა.

დატა ცენტრი კომპანიის BitFury Group, შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი პროექტია. საუბარია ბიტკოინის ბლოკჩეინის [ტრანზაქციების ბლოკის ჯაჭვი] ტრანზაქციის პროცესორზე [გადამამუშავებელი], რომელიც 28 და 16 ნანომეტრიანი ჩიპებით არის აღჭურვილი. ეს კომპანიის მეორე მსგავსი მონაცემების გადამუშავების ცენტრია, პირველი ისლანდიაში მდებარეობს.

“ბიტფური” ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც განაცხადა, რომ 100 მლნ აშშ დოლარს დახარჯავდა თბილისში ინფორმაციის გადამამუშავებელი ცენტრის ასაშენებლად. სახელმწიფომ კომპანია „ბიტფურის” პროექტის განსახორციელებლად 185 ათასი კვ.მ. მიწის ნაკვეთი 1 ლარად გადასცა. კომპანია ამ ტერიტორიაზე დატა ცენტრთან ერთად ტექნოლოგიური პარკის მოწყობასაც გეგმავს.

“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც Bitfury-ია, საქართველოში შემოდის. მან თანაინვესტირების ფონდის თანადგომით 30-მილიონიანი პროექტი განახორციელა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ახლა საქართველოში საინვესტიციო გარემო უფრო გაუმჯობესებულია, ვიდრე იყო მანამდე. ტექნოლოგიიური პარკის გახსნა დამატებით სტიმულს მისცემს ინვესტიციებს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ცენტრის გახსნისას.

“ბიტფურიმ”, ბიტკოინის მწარმოებელმა კომპანიამ, ათეულობით მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილი საქართველოს თანაინვესტირების ფონდიდან.

ბიტკოინი კრიპტოვალუტა, იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. მას სახელმწიფო სტრუქტურები ვერ აკონტროლებენ. ბიტკოინის სისტემა საბანკო სისტემის ალტერნატიულია. მაგალითად, თუ ვინმეს საბერძნეთიდან საქართველოში ფულის გამოგზავნა ბიტკოინების მეშვეობით უნდა (რადგან ეს უფრო იაფი და სწრაფი საშუალებაა), შეუძლია ინტერნეტში გახსნას ბიტკოინის მისამართი ანუ ანგარიში და თანხა გადარიცხოს საქართველოში, მიმღების ბიტკოინის ანგარიშზე. ის ტექნიკური მოწყობილობები (კომპიუტერები, სერვერები), რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანზაქციის შემოწმებას, მიიღებენ შეტყობინებას ბიტკოინების გადარიცხვის შესახებ. ამის შემდეგ მათემატიკური ფორმულების მეშვეობით დაადასტურებენ გადარიცხვის სინამდვილეს და თანხა მიმღების ანგარიშზე აღმოჩნდება. ე.წ. „ბუღალტერი“ (ანუ ის სისტემა, რომელიც გადარიცხვის მონაცემებს ამუშავებს) კი სანაცვლოდ ახალ ბიტკოინს მიიღებს, რომელიც დღეისთვის 644 ლარი ღირს.

BitFury Group მეგა დატა ცენტრის შენობა თბილისში, 16.12.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

BitFury Group მეგა დატა ცენტრის შენობა თბილისში, 16.12.2015. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

Bitfury-ს დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის ვალერი ვავილოვის განცხადებით, კომპანიის გადაწყვეტილება საქართველოში შემოსვლის შესახებ განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნეს-გარემოთი და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატით, ასევე, კორუფციის ძალიან დაბალი ნიშნით.

“შედეგად, საქართველო ძალზედ საინტერესო გახდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მოთამაშეებისათვის”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com