ტექნოლოგიები

ინვესტორების მოთხოვნა Facebook–სა და Twitter–ზე იზრდება

24 დეკემბერი, 2010 • 1179
ინვესტორების მოთხოვნა Facebook–სა და Twitter–ზე იზრდება

სოციალური ქსელის ვებ–გვერდის Facebook–ის ღირებულება ბოლო 5 თვის განმავლობაში 24.4 დან 41.2 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზრდა. მიკრობლოგების სერვისის Twitter-ის ღირებულება ამავე პერიოდში თითქმის გაორმაგდა და 3.7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. Groupon–ის  ღირებულება გასამმაგდა და 4.8 აშშ მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამ ინფორმაციას Financial Times-ი Nyppex–ზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ინვესტორები ირწმუნებიან, რომ მომავალი სოციალურ მედიას ეკუთვნის“ – აცხადებს ლოურენს ელლენი,  Nyppex–ის მენეჯმენტის წარმომადგენელი.

თუმცა ზოგიერთი კომპანიის ღირებულება დაეცა, მაგალითად, სოციალური თამაშების კომპანიის  Zynga–ს ღირებულებამ 8.2%–ით დაიკლო და 4.8–დან 4.4 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა.

თუმცა კომპანიები ბოლომდე არ ხსნიან ფინანსებთან დაკავშირებულ ციფრებს.  Facebook–თან დაახლოებული პირების თქმით, მისმა წლიურმა შემოსავალმა ამ წელიწადში შესაძლოა 2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწიოს, Groupon–თან დაახლოებული პირების თქმით კი, მისმა წლიურმა შემოსავალმა მომავალ წელს შესაძლოა 2 მილიარდ აშშ დოლარს გაადაჭარბოს, მაშინ, როცა Zynga–ს  წლიური შემოსავალი 600 მილიონ აშშ დოლარს ითვლის.

Nyppex–ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ, მთლიანობაში, 11 წამყვანი კერძო ინტერნეტ კომპანიის ღირებულება 54%–ით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი