ტექნოლოგიები

შეძიგძიგებული ჰომოფობები

19 დეკემბერი, 2010 • • 1468
შეძიგძიგებული ჰომოფობები

 

პროლოგი:

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა…

ტრადიცია: “Hello, world”

(თუკი თქვენ „მოძალადე მშობელთა კავშირის“ ან რაიმე ასეთი ფეთქებადი ორგანიზაციის წევრი ხართ, გთხოვთ გამოტოვოთ ეს მონაკვეთი და პირდაპირ მეორე აბზაცზე გადახვიდეთ): მე ღრმა ბავშვობიდან მიზიდავს ქალი. ამას არავინ აქცევდა ყურადღებას იმიტომ, რომ ბავშვური შეყვარებულობა და აკვიატება საგანგაშოდ არ მიიჩნევა ხოლმე, ხოლო მაშინ, როცა უკვე მე თვითონ გამიჩნდა ეჭვები, ამ ჩემიჩვევისშენიღბვა ვისწავლე“ – ბლოგი, სადაც პირველი პოსტი ამგვარი „აღიარებით“ იწყება, იმ ანონიმ ქალ ჰომოსექსუალს ეკუთვნის, რომელიც ვერბალური ჩაქუჩით ჰომოსექსუალებზე არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს და ამ თემასთან დაკავშირებით, საკუთარი ცხოვრების გარდა (ჯერჯერობით) ყველაფერზე ღიად წერს.

მეორე ბლოგი კი, ტრადიციულად „მე ამისაგან გავაკეთებ…“ (© არაჩვეულებრივი გამოფენა) კატეგორიას განეკუთვნება და სხვადასხვა სახის რეკომენდაციას ამჯერად „ცხოვრების სტილის“ შესამუშავებლად გვაწვდის. Lifestyle–ს ბლოგი ყოველდღიურობასთან დაკავშირებულ ყველა იმ თემას ეხება, რომელიც კი ადამიანს თავში აზრად შეიძლება მოუვიდეს. მათ შორის: როგორ გავწმინდოთ ფანჯარა („windows”-ის გადაყენება არ იგულისხმება, რა თქმა უნდა), რომელია “აუცილებლად საყურებელი ფილმები“, როგორ გავიკეთოთ ნიღაბი ყინულით ან სალათი – სოკოთი, როგორ მოვიშოროთ თმიდან საღეჭი რეზინი (და თავიდან – ამის ჩამდენი ადამიანი), როგორ გავხდეთ „მაგარი როჟა“ და მრავალი სხვა.

ტრადიციული VS არატრადიციული

მედიით დავიწყოთ.

ბოროტი ხმები ამბობენ, ბლოგერები და ჟურნალისტები ერთმანეთთან ისე არიან, როგორც ჩრჩილი და ნაფტალინის ბურთულაო. თუმცა, სანამ ბოროტ ხმას გულუბრყვილოდ ვენდობოდეთ, ბურბუშელას პოსტი „ბლოგერები VS ჟურნალისტები“ შეგვიძლია „ჩავახრამუნოთ“, რომელშიც ის განსხვავების ტრადიციული ძიების ნაცვლად, ყურადღებას მედიის ამ ორი წარმომადგენლის საერთო ნიშნებზე ამახვილებს: „ჟურნალისტებმა ვერ გაიგეს, რომ არაა აუცილებელი შენი ახლობლის ყველა გასვენება, ქუჩაში გამვლელის ფეხის გადაბრუნება და დაცემინება გვაჩვენო, ბლოგერებმა კი დეპრესიული დღეების სრული აღწერადღე პირველი: “ცუდად ვარ, დეპრესიაში ვარ”; დღე მეორე: “ცუდად ვარ, ისევ დეპრესიაში. რატომ?” დღე მესამე: “რა მუხთალია წუთისოფელი?!” დღე მეოთხედღე მეხუთეჩემი პოსტი სათაურითრა დაგიშავე, ღმერთო?!” 

მედიის ტემიდან სექსულურ უმცირესობაზე გადავინაცვლოთ. გასულ ორშაბათს გასულმა გადაცემამ პოლიტიკოსთა ჰომოფობობა (ერთის განსაკუთრებით) კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და ბევრი აღშფოთებული ბლოგერის კლავიატურის ა–ძიგძიგ–ებაც გამოიწვია. ერთ–ერთი ამ კლავიატურათაგანი michael–ს ეკუთვნის, რომლის პოსტში „არიქა, პედარასტები მოდიან“ ძიძიგურისა და მისი რაზმის გაკილვის ფონზე, ზოგადად უმცირესობების პრობლემებიცაა განხილული: დისკრიმინაცია მარტო ის ხომ არაა ვინმეს აგინო ცემო, საკონცენტრაციო ბანაკში ამოხადო წამებით სული ან ციხეში ამოალპო? დისკრიმინაციაა საზოგადოებიდან გარიყვაც, ორიენტაციის გამო სამსახურის არ მიცემა ან წართმევა,  ნებისმიერი მისი ისეთი უფლების დარღვევა, როგორიც აქვს ჩვეულებრივ ჰეტეროსექსუალს. მათ კი, ვისაც ამ საკითხზე თავად „განკიცხულთა“ აზრი გაინტერესებთ, შეგიძლიათ ცისფერი დღიურები გადაშალოთ და „აურზაური აუდიტორიის გარშემო“ს კითხვის პარალელურად, ნიშნისმოგებით „აბა, ჩვენ გვქვია ლიბერალური საზოგადოება?“–ს ვაი–ვიშური ძახილი განაგრძოთ.

ღვთის უკეთესი რა იქნებოდა… (?)

მეორე (და უფრო დიდი) აფეთქება ბლოგერებში პატრიარქის ქადაგებამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, დღეს თუ ბლოგერი ხარ და „header”-ი გხურავს, ილია მეორეს გამოსვლები პერიოდულად (მინიმუმ სტატუსებში) ირონიულად უნდა ასახო და კომენტარებშიც სხვებთან ერთად იქირქილო ხოლმე. თუმცა, ამჯერად ერის წინამძღოლის მხრიდან დავით პაიჭაძის გადაცემის შეფასებამ, მსუბუქ სტატუსებზე უფრო მეტად სერიოზული “გამოხმაურება ჰპოვა”: „სად მთავრდება რელიგია და იწყება პოლიტიკა, ანუ ქართული ბაუნტი“ “რიგითი სტუდენტის” (კოდური სახელწოდებით „გაბო“) პირადი მოსაზრებაა, რომელიც სახელმწიფოსა თუ ეკლესიასთან დაკავშირებულ ბურუსით მოცულ საკითხებს უკავშირდება, ხოლო პინგვინთა კუნძულის წარმომადგენლის პოსტი „ქადაგება–მუქარა“ კი თავად ამ გამოსვლის კრიტიკას ემსახურება და პატრიარქის სიტყვებში ხელისუფლებისადმი მუქარას ხედავს: ,,მე მინდა ვთქვა, რომ ეს ძალიან საშიშია ხელისუფლებისთვის, რადგან ამით ისინი (სავარაუდოდ ბოროტი პაიჭაძე, ზედანია და სხვა ამგვარები) აკეთებენ მზაკვრობას, რომ ეს მორწმუნე ხალხი აღსდგეს ხელისუფლების წინააღმდეგ” – ესეც ახალი მესიჯმუქარა ხელისუფლებას – ან მიაშთობს პაიჭაძის გადაცემას, ამით ნათელს გახდის საკუთარ საპატრიარქოსტულ პოზიციას და დაიცავს მის ინტერესებს და ან საპატრიარქოს მრავალრიცხოვანი მრევლი დაიგეშება ხელისუფლებს წინააღმდეგ. 

კვირის ამ ორივე თემას ნატალიას  პოსტი „შერჩევითი ტოლერანტობა“ წარმატებით აბალანსებს, რადგან ის “უმცირესობისაგან დაჩაგრული უმრავლესობის” უფლებებზეა დაწერილი და რადიკალიზმის რადიკალურ მოწინააღმდეგედ გამოდის: „იცით, რომ ისიც იმ ადამიანის უფლებაა, ვინც წირვაზე დადის. ვიღაცას თავისივე სქესთან სექსი მოსწონს, და ვიღაცას – ლოცვების კითხვა. ყოველგვარი უკიდურესობა, ტოლერანტობა იქნება ეს, თუ რელიგიური ფანატიზმი, არაჯანსაღია.“

მცირედი განმუხტვა

ცოტა ხნის წინ “facebook”–ზე ერთი უცნაური ანდერძი გამოჩნდა, სადაც ვიღაც ქალი (ჩულქების თან წაღების სურვილიდან გამომდინარე) კუბოში თითქმის მთელი ქონების (მათ შორის ჟურნალი „სარკის“) ჩატანებას ითხოვდა. ამ ფაქტმა კი, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ბლოგერთა ნაწილს ანდერძის შედგენისა და ნოტარიუსად საკუთარი ბლოგი გამოყენების ბიძგი მისცა. ერთ–ერთი ასეთი გამორჩეული ანდერძი შეგიძლიათ ბუნბუნლანდიაშიც ნახოთ, რომელშიც პერწკლი მეგობრებს რეკომენდაციებისა თუ დირექტივების მთელ არმიას უტოვებს:”პანაშვიდებზე დრეს-კოდის, რამე მწვანე აქსესუარის გარეშე არ დაგინახოთ. საერთოდაც, ფარისევლები ჯობია სახლში დარჩეთ, ცხოვრებაშიც ვერ გიტანდით და “მოვკვდი”, კი არ “გარდავიცვალე”.

იმავე “facebook”–ზე კიდევ ერთმა ტენდენციამ წამოყო თავი, რომლის მიხედვითაც აღიარებული ორგანიზაციების “კრეატივშიკები” საკუთარ ტვინებს უბატონოდ ხმას აღარ სცემენ და მცირედი საჩუქრის სანაცვლოდ, სლოგანებისა თუ სხვა საჭირო ელემენტების მოფიქრებას სხვა ადამიანების კისრებს ანდობენ. ძირითადად “ამ” და ზოგადად “სხვა” თემებზეც შეგიძლიათ ყვავას ვიდეოპოსტი იხილოთ:

ხოლო, თუ „ყველას რომ გვესმის“ უკვე ის სიმღერა გაღიზიანებთ,მაშინ გულის ქავილის ჩახშობა (ქეცოფობიის უგულვებელყოფით) სოსოს პოსტის „მოიგეთ ზღაპრული ფოტოაპარატი და პახოდუ მოისხით მადლი“ საშუალებით გახდება შესაძლებელი.

დასასრულს კი, ლაშა ქავთარაძის  აღშფოთებაც შეგიძლიათ გაიზიაროთ, მამების თაობას დაუპირისპირდეთ, ისინი თქვენს თავებს შეადაროთ და მონოლოგის მიწურულს შემდეგნაირად მიმართოთ: “მამებო, ხშირად მინდება ცუდი რამის თქმა თქვენზე, მაგრამ „მკვდარზე ან კარგი უნდა ვთქვათ ან არაფერიო“ – თქვენივე ნასწავლიდან მახსოვს, ამიტომაც თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს გეტყვით – თქვენ ჩაყვინთული, გარდაცვლილი თაობა ხართ !”

ეპილოგი:

ნეტავ ათეისტები შვილს რომ ზღაპარს უყვებიან, როგორ იწყებენ…

მასალების გადაბეჭდვის წესი