ტექნოლოგიები

სექსი პატარა ქალაქში და ბლოგერების მცირე კრიტიკა

12 დეკემბერი, 2010 • 1811
სექსი პატარა ქალაქში და ბლოგერების მცირე კრიტიკა

 

თავი 1: პრემიერა – სექსი პატარა ქალაქში

იშვიათია ისეთი ბლოგი, სადაც ერთი შეხედვით ტაბუდადებულ თემებზე იწერება. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია დაწერო იმაზე, თუ როგორ იქეიფე მეგობარ ბლოგერებთან ერთად რომელიმე ორგანიზაციის ხარჯზე და მას დიდი მადლობა გადაუხადო, ვიდრე აუტკივარი თავი „მმკ“–ს ან რაიმე ასეთი სადამსჯელო დაწესებულების კეტს აატკივებინო. თუმცა, როგორც ყველგან, გამონაკლისი აქაც არსებობს: თბილისური LOVE ბლოგის  ავტორს ქალიშვილობის ინსტიტუტი უკვე დიდი ხნის წინ აქვს დამთავრებული და ახლა ბლოგზე მის პირად (სექსუალურ თუ ემოციურ) ცხოვრებას გადმოსცემს – წერს სექსუალურ პარტნიორებზე, დაქალებსა და იმ პატარა ქალაქში განვითარებულ ურთიერთობებზე, სადაც ყველა ყველას იცნობს.

სქესთა ბალანსი რომ არ დაირღვეს, შეგვიძლია ილოს ბლოგზე  გადავინაცვლოთ. ეს არის „პირად აზრებსა“ და „ვიკიპედიას“ შორის გამოკიდებული ადგილი, სადაც შეგიძლიათ ადვილად იპოვოთ პასუხი პოპულარულ შეკითხვაზე: „აუ, რამე კაი ფილმს ხომ არ მირჩევდი?“ და ზოგადად, ბევრ სხვა საინტერესო მასალასაც გაეცნოთ (შენიშვნა: რეკომენდირებული არ არის „ენციკოპედიური მასალის კითხვა რომ მინდოდეს, ენციკლოპედიას გადავშლიდი. ბლოგი სხვა რამეა“ – პათოსით გამსჭვალული ადამიანებისათვის)

თავი 2: „პოსტი, რომელიც იცინის“

ქართველებს ხშირად გვჩვევია გულში მჯიღის ცემა და ჩვენი სალი კლდეების ქებით სხვა ქვეყნის სამოთხეების დამცირება. თუმცა პიკოლინას  ბლოგზე პირდაპირ ავღანეთიდან დაწერილი „Guest პოსტი“ (შემთხვევა, როდესაც შენს ბლოგს საჯიჯგნად სხვა ავტორს მიუგდებ ხოლმე), პირიქით, იმ ათ მიზეზს გვეუბნება, „რატომაც უნდა დავიკიდოთ საქართველო და საცხოვრებლად ავღანეთში გადავიდეთ“:თუ ამოგივიდა ყელში თბილისის პრობკები და მუდმივი მშენებლობა, აქ დიდ ტრასებზე მოძრაობა თითქმის ყოველთვის თავისუფალიაყველა ტრასა გატენილია ნაღმებით და ამიტომაც დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

ხუმრობა იქით (თუნდაც ავღანეთში) იყოს და skymore–ს პოსტში “I don’t need sex, my government every day fucks me” ისეთი სიტუაციაა აღწერილი, რომ საქართველოდან გაქცევაზე ადამიანი მართლაც შეიძლება დაფიქრდეს. დაახლოებით ისეთი ისტორიაა, „სასაცილოა, საქვითინო რომ არ იყოს“–ით დასახასიათებელი: „შემდეგ შუქნიშანთან  მათხოვარი მომადგა და დახმარება მთხოვა. მე პასუხად ცარიელი ჯიბეები ამოვატრიალე და უარესად საცოდავი ხმით ვუთხარი უარი. მათხოვარმა ჩემს მერსედესს დახედა, ზიზღით შემომხედა, ჩაილაპარაკა – ფულიანი ღორი – და გამშორდა.“

თავი 3: „კაი, რას ამბობ?“ (შეშფოთებული ინტონაციით სათქმელი)

ახალ წელს თითქმის ყველა ისევე მოუთმენლად ელოდება, როგორც მეტროში შუაღამისას ჩასული მგზავრი – იმ ბოლო მატარებელს, 12 საათზე რომ უნდა გამოიაროს ხოლმე. თუმცა, „თითქმის“ ტყუილად არ მიხსენებია. აი, მაგალითად კნუტი თავს ახალწელთმოძულედ მიიჩნევს და ამავე სახელის მქონე პოსტში  ახალი წლის დამაკნინებელ მიზეზებზე წერს: “იქნებ ნაძვის ხე უნდა მიჩენდეს თბილ შეგრძნებებს? რომელ ნაძვის ხეზე მოგახსენებთ, იცით? თავისუფლების მოედნის ცენტრში რომ დგას, თავზე ანგელოზის ნაცვლად (ნუ, ჰოლივუდურ ფილმებში ნაძვის ხეებს ანგელოზები ადევს ხოლმე) წმინდა გიორგის ქანდაკება რომ ადგას? ეს ის ძეგლია, ქალბატონებო და ბატონებო, როცა უნდათ, ძეგლი რომაა, როცა უნდათ წმინდანის ქანდაკება, როცა უნდათ ნაძვის ხე და რომ შეხედოთ (სანამ წმინდა გიორგის ქანდაკებას დაინახავთ) ფალოსს რომ მოგაგონებთ.”

ახალი წლის მოსვლამდე კი სჯობს ყველაფერი ცუდი ძველ წელში დავტოვოთ (როგორც დიდი წინაპრები იტყოდნენ) და ოჯახური ძალადობის შესაჩერებლად ნაბიჯიც  გადავდგათ. ამაში კი ფორმულა კრეატივის ბლოგზე არსებული სპეციალური ვიდეორგოლების ნახვისაგან მიღებული ემოცია დაგვეხმარება.

თავი 4: ძველი გვარდია

რაც გუშინ „ქრონიკის“ წამყვანმა ახალი ამბავი „უნიჭო პუტინის სიმღერა“–თი დაიწყო, მედიაში უკვე არაფერი აღარ მიკვირს, მაგრამ Katiee-ს პოსტი „როგორ დავამზადოთ ბომბი სახლის პირობებში და ნანუკას შოუ“  ამ ზღვარსაც სცდება. პოსტში ერთი მხრივ, ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ აუხსნა რუსთავი 2–ის ჟურნალისტმა ყველას ბომბის მარტივად დამზადების ტექნოლოგია ანიდან ჰოემდე და მეორე მხრივ განხილულია ის, თუ როგორ დაეხმარა ნანუკა ჟორჟოლიანი მარიხუანას პოპულარიზაციას: “პიკს კი ამ ყველაფერმა მაშინ მიაღწია, როცა განიხილეს, ნეტავ მოუწევიათ თუ არა ჩვენს მინისტრებს პლანი და დაასკვნეს, რომმოწეული ექნებათ, აბა რა იქნება, ახალგაზრდები არიან და თუ არ მოუწევიათ, სირცხვილიცააო! 

ვასასის ახალი პოსტი „ნანუკას შოუმ ანი სირაძე იყიდა?“–ც რომ ამავე წამყვანს უკავშირდება, ადვილად მიხვდებით. მართალია, სათაურში დასმული შეკითხვა, რაღაცით ყვითელი ჟურნალების სათაურებს მოგვაგონებს, მაგრამ სამაგიეროდ პოსტში მოყვანილი არგუმენტი მიგახვედრებთ, რომ ეს სათაური ჰაერიდან არ მოფრენილა.

თავი 5:  “Just read it”

თქვენ შეხვედრიხართ მოცარტს? მე კი და თან არაერთხელ… სანამ გადაწყვეტთ, რომ ნანუკას შოუში პლანის პოპულარიზაციამ ჩემზე ცუდი ზეგავლენა მოახდინა, შეგიძლიათ Dreamar-ის  „როგორ შევხვდი მოცარტს“  წაიკითხოთ, რომელიც კურტ ვონეგუტის რჩევაზეა დაწერილი: თუ ქალაქში გამგზავრებას აპირებთ, და უნდა იცოდეთ, რომ უნივერსიტეტი დიდი ქალაქია, აუცილებლად შეხვდებით ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს. ამიტომ გირჩევთ შინ დარჩეთ. დარჩეთ შინ!” 

ადამიანის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებზე გრძელდება თემა დედოფლის ბედნიერებისათვის მებრძოლ პაიკთანაც, სადაც ის დაქირავებული ტაშისმკვრელების მაგალითზე საზოგადოების მიმბაძველობით ელემენტებზე საინტერესოდ და დასაფიქრებლად წერს.

თავი 6: „მცირე კრიტიკა ესე“

უკვე ორი კვირაა, მეზობლის კატა რომ მხვდება, ისიც კი „ვიკილიქსის“ ამბებს მეკითხება. ყველგან “ვიკილიქსია”… გარდა, ქართული ბლოგებისა. თუმცა, საქმე მარტო ამ “გაჟონილ საიტს” არ ეხება. ჩვენ, ზოგადად მოგვწონს, როდესაც სოციალურ მედიას გვეძახიან, მაგრამ სოციალურ თემებზე წერისგან ხშირად თავს ვიკავებთ და ბლოგებზე ადგილი ძირითადად სხვადასხვა „ივენთებზე“ დაპატიჟებულთა პირად შთაბეჭდილებას (ანუ, დამპატიჟებელთა პიარს), სამყაროზე წუწუნს, ან, ზოგადად საკუთარი ცხოვრების აღწერას ეთმობა. სოციალურ ქსელებში იგეგმება უცნაური შეკრებები: „ბლოგერები ზოოპარკში“, „ბლოგერები კარაოკეზე“, „ბლოგერები მარსზე“, „ბლოგერები ჩემს ბიძაშვილთან“ და არავინ იცის, რის მიხედვით დგება ეს მისტიური კრებითი სახელი „ბლოგერები“ (ამასთან დაკავშირებით, იხილეთ ზურიუსის  პოსტი „ბლოგერების პროფკავშირი?“).

ბლოგერებს (დიდ ნაწილს) არ აინტერესებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება, საატესტატო გამოცდები, ცვლილებები კანონმდებლობაში, “ლისაბონური ორგიები”… მოკლედ, არ აინტერესებთ ისეთი საკითხები, რაზედაც ტელევიზიებისაგან განსხვავებით ალტერნატიული აზრი შეიძლება დაიწეროს (აქვე იხილეთ ცივისელის  ექსკლუზიური რეპორტაჟი ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციის პრეზენტაციაზე და მისივე კრიტიკა – ბლოგერთა ნაკლებაქტიურობასთან დაკავშირებით).

ბევრი იტყვის, ისედაც ყელშია ეგ პოლიტიკა ამოსული, კიდევ ჩვენ რომ არ ვწეროთო და თავის მხრივ ისიც მართალი იქნება. უბრალოდ, როდესაც “სოციალური მედია” გქვია და არც მთლად “სოციალური” ხარ და არც მთლად “მედია”, უკვე მცირე პარადოქსის წინაშე ვდგებით.

პ.ს: მომავალ კვირამდე

მასალების გადაბეჭდვის წესი