ტექნოლოგიები

თავზეხელაღებული მამაძაღლი, “Facebook” პომპეიში და მაყურებელი, რომელმაც პროექტორის წინ გაიარა

28 ნოემბერი, 2010 • 2120
თავზეხელაღებული მამაძაღლი, “Facebook” პომპეიში და მაყურებელი, რომელმაც პროექტორის წინ გაიარა

ბოლო პერიოდში ბლოგერებზე ბევრი ჭორ–მართალი ვრცელდება. „იმედის“ ჟურნალისტის აზრით, ისინი „ინტერნეტ–ბლოგერები“ (რაც დაახლოებით „ახალგაზრდა თინეიჯერის“ ტოლფასი შეფასებაა) არიან და მათი ბლოგებით უცხოელი ტურისტების მოზიდვაა შესაძლებელი. გარეშე პირთათვის ეს ერთგვარი სექტაა, რომელიც დროდადრო ექსკურსიებს აწყობს და თავი ვიღაცაზე გამორჩეული ჰგონია. შიდა წრეებში კი ზოგიერთები ამბობენ, რომ ბლოგერობა ძუძუებზე პერმანენტული ხუმრობა, სექსის თემაზე ჩაციკვლა და ვიღაცეების თავდაუზოგავი გაჭორვააო. მოკლედ, ერთი შოკოლადისა არ იყოს, სად მთავრდება ჭორი და იწყება სინამდვილე, ვერასოდეს გაიგებ. თუმცა, „სიყვარული, გაგება, ბლოგოსფერო“… ციხის შიგნიდან გატეხვის ერთ–ერთ მცდელობად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ანინა „ბლოგერთშორისი ურთიერთობების“ (ახალი ტერმინია) საინტერესოდ განხილვის ფონზე, თითქოს ამ „ჯადოსური წრის დარღვევას“ ცდილობს.

 

სამაგიეროდ წრე იკვრება mariefille-ს პოსტში „Heavenly Creature”, რომლის სათაურიც ერთ კონკრეტულ ბიჭს ეხება: „ზუსტად ჩემ პირდაპირ ზის ანტიკური ქანდაკება, მერვე საოცრება, ღვთაებრივი არსება, აპოლონი, მიქელანჯელოს დავითი და უბრალოდ კი არ ზის, მიყურებს და მიღიმის.“ მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას „გამიტყდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე“ დასასრული აქვს, მაინც სახალისო საკითხავია.

 

„დასასრულის დაუსრულებლობას“ კი ფსიქეას  ბლოგზე შეგიძლიათ გაეცნოთ. „არ მიყვარს გაგრძელებები… ხელოვნებაში ყველაფერი დაუსრულებელი სჯობს“ წარმატებული ფილმების მეორე, მესამე (ან, სანამ რეჟისორს ნამუსი ეყოფა) ნაწილებზეა და „თავისუფალი სივრცის“ (მკითხველისა თუ მაყურებლის ფანტაზიით გაგრძელებული ნაწარმოები) დატოვებას ითხოვს: „გაგრძელებით ჩემთვის „გარიგება“ „მოკვდა“. ის ემოცია რაც ამ ფილმის ყურებისას მიჩნდება უკვე ფინალში, ის ცრემლები რომლითაც ვტირი ხოლმე მთავარი გმირის ტრაგედიაზე, ჩემი თანაგრძნობა უკვე ყალბი იქნება.“

 

2012 წელზე უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა, თუმცა მაინც საინტერესოა ფანტაზია ადამიანისა, რომელიც ამ საშინელ კატასტროფას გადაურჩა და დანგრეულ ნიუ–იორკში დაიარება: „დღეს სტალინის დაბადების დღეს, პირველად ვინატრე ძველი, კომუნისტების დრო… მაშინ ხო ყველა ცოცხალი იყო…“. გადარჩენილის ბლოგი ფანტასტიკის ჟანრს დამატებული „გაგრძელება იქნება“–ს მიდგომაა და თუ მისმა ავტორმაც ასე გააგრძელა, საბოლოო ჯამში შესაძლოა კარგი პროდუქტი მივიღოთ.

 

თუმცა, შესაძლო „კარგი პროდუქტი“ „კარგ მომსახურებას“ რომ არ გულისხმობს ეს თაზოს ღია წერილში „ჯი მარტის“ მენეჯმენტის მიმართ  კარგად გამოჩნდა. პოსტში ის რამდენიმე კონკრეტული კომპონენტია განხილული, რომელიც მყიდველს მაღაზიაში ყოფნისას დისკომფორტს უქმნის და მიმართვის ბოლოს ამ სიტყვებს ათქმევინებს: „პრობლემებს როცა მოაგვარებთ, შემეხმიანეთ, იქნებ მერე მაინც გადავწყვიტო კრუასანებზე შემოვლა. მანამდე კი იქვე, სამსახურთან მდებარე პატარა მაღაზიით ვისარგებლებ. როგორც მინიმუმ, ის თავშალწაკრული ქალი მადლობასაც მეუბნება და ღიმილით მაინც მემშვიდობება, როცა მაღაზიას ვტოვებ“

 

პრობლემებზე თავზეხელაღებული მამაძაღლის  პოსტი გამახსენდა. „ცოტა რამ ქართულ ესტრადაზე“ათაურში ნახსენები „პრობლემის“ განვითარების „მწვერვალებს“ აღწერს („არ შეიძლება, არ აღინიშნოს ახალი ქართული ცნობიერების ქალღმერთი, ეკა კვალიაშვილი. მან პირველმა იტვირთა მძიმე მოვალეობა, გამოეყვანა ჩვენი შოუბიზნესი ვაკურ–სვეტსკური დიალექტის ხანიდან: გაბედა და „სოფელო ჩემო სოფელო“ იმღერა”) და ისტორიულ ექსკურსს ქართული ესტრადის ერთადერთ „მხსნელზე“ შედგენილი გამოცანით – „მე იმის სახელს არ გეტყვით, ღმერთმა უშველოს ვინც არის“ – ასრულებს.

 

ქართული ესტრადიდან „ბიტლზებზე“ გადასვლა მესის „რეალში“ გადასვლის ტოლფასია, თუმცა მაინც ვცდი. „მე – ბიტლომანი“  გიორგი დანელიას (იმისი არა, თქვენ ვინც იფიქრეთ) მიერ მისივე ბიოგრაფიის საშუალებით (სხვათა შორის, საინტერესოდ) დანახული „ბიტლზებია“ და არაბიოგრაფიულ ელემენტებსაც დიდი დოზით შეიცავს: „მუსიკაში ისინი ჩემთვის ერთადერთები არიან, და თუ მუსიკის ღმერთი არსებობს, მაშინ ის ლივერპულიდანაა ნამდვილად. მაგრამ მის გარეთ… რა ვქნა ვერ გავხდები მეც ვეგეტარიანელი მხოლოდ იმის გამო, რომ სერ პოლი ხორცს არ ჭამს. მისი ხათრით, ვერც კეტებს ჩავიცმევ შარვალ-კოსტუმზე. პოლის ხათრით რომ არც ევერტონს არ ვუგულშემატკივრებ, მაგას უკვე მიხვდით ალბათ ხო? ანდა საერთოდ რა საჭიროა?“

 

„საერთოდ რა საჭიროა“ დღეს ტელევიზორთან მიმართებაშიც ხშირად ისმის, „იცით რა, მე ტელევიზორს არ ვუყურებ“ კი ერთგვარი მოდა გახდა. სოსოს  ამავე სათაურის მქონე პოსტიც  ამ მოდის საწინააღმდეგოდ არის დაწერილი: „ბოლო დროს ერთ ტენდენციას ვამჩნევ: ტელევიზორს თუ არ უყურებ ესე იგი მაგარი “როჟა” ხარ. ესე იგი დამოუკიდებლად აზროვნებ და ვერავინ ვერ მოგახვევს თავზე ვერაფერს.  ესე იგი ეს “დონეეეე” არ მოგწონს და მეტი გინდა. ესე იგი არ გცალია, შენ შენი საქმე გაქვს და სად გაქვს მაგის დრო, ტელევიზორს ზარმაცებმა უყურონ და ბოლოს, თუ ტელევიზორს არ უყურებ “სვეცკი” ხარ!!!“

 

ტელევიზორს შევეშვათ და…  „მოდი, ფეხებზე დავიკიდოთ ყველაფერი“.  ამ ოდნავ ფილოსოფიური პოსტით Michael ყოველდღიური „პრობლემების“ (ჩვენ გვაღელვებს რას შევჭამთ დღეს და რას ჩავიცვამთ ანზორის ქორწილში. რას იტყვის სტუმარი თუ ხიზილალა არ დახვდება ჩვენ სუფრაზე“) დავიწყების, ერთი შეხედვით შეჩვეული საგნებისა თუ მოვლენების ხელახალი დაკვირვებისა და ნიჰილიზმში გადავარდნისკენ მოგვიწოდებს: „ოღონდ იმდენად რომ ყველაფრის ინტერესი კი არ დავკარგოთ, არამედ პირიქით, თავიდან შევიცნოთ ყველაფერი, თავიდან დავარქვათ სახელები. თავადვე მოვუფიქროთ აზრი და მნიშვნელობა“.

 

ალბათ სწორედ ასე დააკვირდა სოციალურ ქსელებს სანდრო ასათიანი და აღმოაჩინა, რომ ის უბრალოდ რომის იმპერიის (არამხოლოდ) „კარგად დავიწყებული წარსულია“ . თურმე, ქალაქ პომპეის ნანგრევებში დღემდეა შემორჩენილი:  „მარკუსს უყვარს სპენდუზა“,თუკი ვინმეს არ სწამს ვენერასი, მან უნდა ნახოს ჩემი შეყვარებული და ბევრი სხვა ისეთი წარწერა, რაც გვაფიქრებინებს, რომ „პომპეის მოქალაქეთა ეს თავშესაქცევი „facebook”-ს ნამდვილად ჰგავს“. 

 

ხოლო თუ რამდენად ჰგავს „სეზონი“ „ჰოლივუდურ“ მისტიკურ ფილმს ამის გარკვევა თვითმარქვია ჟურნალისტის პოსტში “Seazone” ანუ „ნუ მიქარავ  კარგადაა შესაძლებელი: „რაიმე საინტერესო მე იქ ვერ დავინახე, ყველაზე ბანალურიც კი: აი ჰოლივუდურ ფილმებში რომ იციან, ვითომ ვიღაც რომ უყურებთ ბუჩქებიდან, ან პერსონაჟის უკან ჩრდილი რომ გაიელვებს. ერთი კი იყო, კაცის ფიგურამ გადაუარა მთელ ეკრანს, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ეს ჩვეულებრივი მაყურებელი იყო, რომელიც ბოლო რიგში გადაადგილდებოდა და შემთხვევით ჩაუარა პროექტორის სხივებს“

 

დასასრულს კი ჰექსეს ბლოგზეც  შევიხედოთ და ჟურნალისტებისადმი მიმართული 7 სასიცოცხლო მოთხოვნა წავიკითხოთ l, სადაც ქართულ მედიაში არსებულ პრობლემათა ნაწილი ჩვეულ ირონიულ სტილშია ნაჩვენები: „მოვითხოვ არხმა გაანალიზოს რომ  ტელევიზია (თუნდაც კერძო)  მათი საოჯახო ფოტო-ალბომი არ არის და შესაბამისად მათი თუნდაც ყველაზე საყვარელი თანამშრომლის თუნდაც ყველაზე სარფიანად გათხოვების ამბავი შეუძლიათ ვიდეოზე ჩაწერონ და საახლობლოში რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ უყურონ.“

მომავალ კვირამდე!

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი